თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა შპს "საფინანსო კომპანია „საქართველოს" სამი ხელმძღვანელის მიმართ, რომლებსაც 2300-ზე მეტი მეანაბრის თანხების გაფლანგვა ედებათ ბრალად, ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქმის მასალების თანახმად, შპს „საფინანსო კომპანია „საქართველომ“ მოქალაქეებისგან სესხის სახით აიღო 34 მლნ ლარზე, 70 მლნ აშშ დოლარზე და 4,6 მლნ ევროზე მეტი თანხა, რომელიც უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისთვის, რათა მეანაბრეებს შემოსავალი მიეღოთ.
თუმცა, ბრალდების თანახმად, მერაბ ფ.-სა და თამარ მ.-ს წაქეზებით თამაზ ლ.-მ, ნაცვლად იმისა, რომ ეწარმოებინა მომგებიანი საქმიანობა, გაფლანგა მოქალაქეთა ანაბრები, რის შედეგადაც ზიანი მიადგა 2343 მეანაბრეს.
სასამართლომ მერაბ ფ.-ს 10 წლით, თამაზ ლ.-ს 8 წლით, ხოლო თამარ მ.-ს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. თითოეულ ბრალდებულს დამატებით 2-2 წლით ჩამოერთვათ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება.
აღნიშნული საფინასო კომპანიის მეანაბრეებმა ბოლო პერიოდში თანხების დაბრუნებისა და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს და სასამართლოში სარჩელიც მათ შეიტანეს.