თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. პოპულარული ქართული ეროვნული საკვები ხაჭაპური ცნობილ ამერიკულ ჟურნალ Forbes-ის ყურადღების ცენტრში მოექცა, რომელმაც მას მთლიანი სტატია მიუძღვნა.
მასალის ავტორმა, ჟურნალისტმა კრის დუაიერმა (Chris Dwyer), რომელიც აღფრთოვანდა ქართული სამზარეულოს ამ შედევრით, ხაჭაპურს "ყველის პიცა" უწოდა და აღნიშნა, რომ ეს კერძი საქართველოს სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.
"წარმოიდგინეთ ქვეყანა, რომლის ეროვნულ კერძს ისევ და ისევ მოითხოვთ, რომ მიირთვათ. თავისი არსით ეს ყველის საუკეთესო პიცაა, რომელიც კი ოდესმე გაგისინჯავთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში. შესაძლებელია, მას ჯერ არც ისე კარგად იცნობენ, მაგრამ თურქეთსა და რუსეთს შორის მდებარე ეს ქვეყანა თავისი სასწაული კერძის — ხაჭაპურის წყალობით ვიზიტორთა კეთილგანწყობას იხვეჭს", — წერს დუაიერი.
ამერიკელი აღწერს მდიდრული ქართული სუფრის სილამაზეს და ამბობს, რომ ხაჭაპური საქართველოში სუფრაზე ყოველთვის ცხელი მოაქვთ, პირდაპირ ღუმელიდან.
"ამ კერძის მშვენიერება ისაა, რომ ორი ერთნაირი ხაჭაპური არ არსებობს. არსებობს უამრავი სხვადასხვა სახეობის ყველი, რომელსაც ნაყოფიერ ქართულ სოფლებში აწარმოებენ, ხაჭაპურში თითოეული მათგანის გამოყენება შეიძლება — დამოუკიდებლად ან კომბინაციაში", — აცხადებს Forbes-ის ჟურნალისტი.
კრის დუაიერი, საქართველოს რეგიონებიდან გამომდინარე, ყურადღებას ამახვილებს ხაჭაპურის სახეობების მრავალფეროვნებაზე. მაგრამ ავტორი უპირატესობას მაინც მეგრულ ხაჭაპურს ანიჭებს.
"ყველაზე დეკადენტური, აღმაშფოთებელი და ცოდვილი რამ არის მეგრული ხაჭაპური — რძის ნადვილი ცუნამი, რომელიც პურს შიგნიდან და გარედან ავსებს", — ასე აღწერს მეგრულ ხაჭაპურს ამერიკელი.
ჟურნალისტი გულახდილად გაკვირვებულია და საიდუმლოს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ქართველები, ხაჭაპურისადმი მათი უზარმაზარი სიყვარულის მიუხედევად, ახერხებენ იყონ ტანადები.
"და სანამ ყველას უყვარს პიცა, ქართველების 88% უპირატესობას ხაჭაპურს ანიჭებს. და მეც მათთან ერთად", — ასკვნის დუაიერი.