06:17 11 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ნიკოლაი სვენტიცკი

რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო სწავლება-მიღების პირობები

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
2143111

თბილისში გამართულ ბრიფინგზე ნიკოლაი სვენტიცკიმ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასო სწავლებაზე ჩარიცხვის პირობები გამოაცხადა.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში განსაზღვრულ მიზნობრივ ადგილებზე ჩასარიცხად ქართველმა აბიტურიენტებმა სწორად როგორ უნდა შეიტანონ განცხადება და რა ფაკულტეტების არჩევა შეიძლება, ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლაი სვენტიცკიმ ისაუბრა.

სამშაბათს თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ ბრიფინგზე სვენტიცკიმ დეტალურად ახსნა, თუ როგორ უნდა წარადგინონ განაცხადი რუსეთში უმაღლესი განათლების მიღების მსურველმა აბიტურიენტებმა საქართველოდან.

„საგანმანათლებლო სისტემის თვალსაზრისით რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა. ის ღიაა ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს არჩევანი აქტუალურია, რადგან, პირველ რიგში, რუსულ დიპლომს მსოფლიოს 80 ქვეყანაში უპრობლემოდ იღებენ. მეორეც, აბიტურიენტს შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს ნებისმიერი უნივერსიტეტი რუსეთის 80 ქალაქის 500 უმაღლესი სასწავლებლიდან, რომლებიც 659 პროგრამასა და მიმართულებას გვთავაზობენ. და, ბოლოს, ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს უფასო სწავლის შესაძლებლობაზე“, — აღნიშნა სვენტიცკიმ.

ამასთან, როგორც სვენტიცკიმ აღნიშნა, აბიტურიენტებს შერჩევის საფუძველზე მიიღებენ.

რუსეთში უფასო უმაღლესი განათლების მიღების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ „როსსოტრუდნიჩესტვოს“ (Россотрудничество — ფედერალური სააგენტო საზღვარგარეთ მცხოვრები დსთ-ის საქმეებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხებზე) ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

შემდეგ აუცილებელია პირადი მონაცემების ანკეტის შევსება, სასურველი ფაკულტეტის მითითება, ინფორმაცია მიღწევების შესახებ და რუსეთში უმაღლესი განათლების მიღების მოტივაცია. ამგვარად „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ვებ-გვერდზე აბიტურიენტის პერსონალური გვერდი იქმნება.

ამის შემდეგ აბიტურიენტს მიიწვევენ თბილისში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში, სადაც მის განაცხადს შესარჩევი კომისია განიხილავს. კომისიის შემადგენლობაში, რუსი დიპლომატების გარდა, იქნებიან საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თუ პრეტენდენტი წარმატებით გაივლის გასაუბრებას კონკრეტული სპეციალობების მითითებით კვოტებთან შესაბამისობაში, ის „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ვებ-გვერდზე აუცილებლად უნდა ჩაეწეროს კანდიდატების დოსიეში, წარადგინოს დამატებითი დოკუმენტები და გაგზავნოს ისინი შესამოწმებლად.

სვენტიცკიმ ასევე ისაუბრა იმაზე, რას უნდა მიაქციონ აბიტურინტებმა ყურადღება განაცხადის შევსების დროს.

„ანკეტის შევსებისას ყურადღებით შეავსეთ გათვალისწინებული ველები. არასწორად შევსებული ანკეტები დასამუშავებლად უკან დაბრუნდება. მთავარია: მოერიდეთ იმ ადამიანებს, ვინც ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვაში დახმარებას გპირდებათ. ახლავე გეუბნებით — ეს სრული ბლეფია!“ — განაცხადა ნიკოლაი სვენტიცკიმ.

საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ აბიტურიენტს ელექტრონული ფოსტით ერთი ან ორი თვის განმავლობაში აცნობებენ. თუ აბიტურიენტი უარს მიიღებს, მას შეუძლია კვლავ შეიტანოს განაცხადი, ოღონდ უკვე ფასიან სწავლებაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 თებერვალი.

წელს საქართველოდან აბიტურიენტებისთვის 120 ადგილია გამოყოფილი. ბევრი უმაღლესი სასწავლებელი, სვენტიცკის განცხადებით, სტუდენტებს საერთო საცხოვრებლებს სთავაზობს. ქართველი აბიტურიენტები ასევე უფასოდ იღებენ სასწავლო ვიზას.

როგორც სვენტიცკიმ აღნიშნა, აბიტურიენტებს განსაკუთრებით სთავაზობენ, ყურადღება მიაქციონ ისეთ პრესტიჟულ სპეციალობებს, როგორიცაა მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საინჟინრო საქმე, ტექნოლოგიები და ტექნიკური მეცნიერებები, სოფლის მეურნეობა და სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებები, მეცნიერება საზოგადოების შესახებ, ასევე მედიცინა. სამედიცინო უმაღლესი სასწავლებლები სტუდენტებს იღებენ ასევე ასპირანტურასა და ორდინატურაში.

რუსული უმაღლესი სასწავლებლები ყოველწლიურად უცხოელებისთვის განსაზღვრულ მიზნობრივ 15 ათას ადგილს გამოყოფენ. ქართველ აბიტურიენტებს რუსეთში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ცხრა წელია აქვთ.

„რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩვენი სტუდენტების სწავლა ჩემთვის, როგორც საქართველოში მცხოვრებისთვის, ძალზე მნიშვნელოვანია იმით, რომ ისინი იქ თავის თანატოლებთან დაიწყებენ დიალოგს. და ეს დიალოგი, შესაძლებელია, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამტკიცებას ძალიან დაეხმაროს“, — დაასკვნა სვენტიცკიმ.

როგორ ჩავაბაროთ რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში
© Sputnik/
როგორ ჩავაბაროთ რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში

 

მთავარი თემები