ქალების და, განსაკუთრებით, ლამაზი ქალების უმრავლესობა ასაკის მატებას ძალზე მტკივნეულად განიცდის. ესთეტიკური მედიცინის დღევანდელი მიღწევები მრავალ საშუალებას იძლევა, რომ ქალი ახალგაზრდად გამოიყურებოდეს, მაგრამ სიბერე მაინც ყველას ეწევა. მეტი გზა არაა, სიბერეს ვერავინ გაექცევა და ეს ტრაგედიად არ უნდა ვაქციოთ. თან, უნდა გავითვალისწინოთ მთავარი — ყველაზე დიდ როლს დაბერების პროცესში სწორედ ნერვიულობა ასრულებს.
საინტერესო მოსაზრებას გვთავაზობს პოპულარული ამერიკელი ბლოგერი მიშელ კომბსი. ის ამბობს, რომ ჩვეული სტერეოტიპები ცხოვრებას გვიფუჭებს, ასაკი კი გარკვეულ ბონუსებსაც გვაძლევს.
25 წლის წინ ის გლამურულ ჟურნალებს გამალებით კითხულობდა, ყურადღებით ეცნობოდა მოდისა და სილამაზის განყოფილებებს, სწავლობდა რჩევებს რუბრიკებიდან „სექსი“ და „როგორ დავაკმაყოფილოთ საყვარელი ადამიანი“.
კომბსი ამბობს, რომ დღეს მიჰყვება ჩვეულ დინებას და ათვალიერებს სტატიებს თემაზე „როგორ არ დავბერდეთ“, „როგორ დავბერდეთ სწორად“ და სხვა, მაგრამ ამას ის უვნებელ და უსარგებლო ლაქლაქად მიიჩნევს.
„მინდა ვუთხრა მათ, ვინც 25-30 წლისაა: დრო არ დაკარგოთ. დაბერება კარგი რამაა. ნახევარი ცხოვრება ვებრძოდი მას და სიბერემ გაიმარჯვა. რატომ ვკარგავდი უქმად დროს? რატომ მაშინვე არ ვაღიარე მარცხი და არ შევეცადე, უბრალოდ, მეცხოვრა? არ ვიცი.
მთელი ცხოვრება სხვას ვთამაშობდი: უფრო კომუნიკაბელურს, სექსუალურად თავისუფალს, უფრო ახალგაზრდას, მოდურს. ათიათასობით საათი დავკარგე ჭაღარის შეღებვასა და წონის კონტროლში. ბოლოს საკუთარ თავს ვუთხარი — გეყოფა.
ერთი წლის წინ თმის ღებვა შევწყვიტე. თავი მივანებე დიეტებს. ახლა მხოლოდ იმას ვადევნებ თვალს, რომ რაციონი სრულყოფილი და გემრიელი იყოს. 10 კილო მოვიმატე, მაგრამ სულ არ მანაღვლებს. ხელშეკრულება ფიტნეს-კლუბთან აღარ გავაგრძელე, რადგან ფიზიკური აქტიურობიდან ყველაზე მეტად პარკში დილაობით სირბილი მიყვარს, როდესაც ძაღლი გამყავს სასეირნოდ.
შევწყვიტე უზარმაზარი თანხის გადაყრა კოსმეტიკაში, რადგან ყოველდღიური მაკიაჟისთვის მხოლოდ ტონალური კრემი, ფანქარი და ტუში მჭირდება. 52 წლის ვარ და თავს ვგრძნობ, თითქოს 30 წლის ვიყო. არ გავგიჟებულვარ — ვხედავ ამ ნაოჭებს, პიგმენტურ ლაქებს, მაგრამ მე შინაგან მდგომარეობაზე ვსაუბრობ, სულის მდგომარეობაზე. უბრალოდ, აღარ ვიკლავ თავს – გამოვიყურებოდე ისე, როგორც თავს ვგრძნობ. გამოვიყურები, როგორც 50 წლის, მაგრამ თავს ვგრძნობ, როგორც 30 წლის. მორჩა.
ჩემნაირებზე ამბობენ — მებრძოლი არააო. მე კი არ მესმის, რატომაა ეს ცუდი. დიახ, მე ეს გზა ავირჩიე: უბრალოდ, ვიყო ბედნიერი და უშედეგოდ არ ვიბრძოლო. კი, ბევრი რამისთვის მოხუცი ვარ. ძალიან მოხუცი ვარ, რათა:
გავჩუმდე, როცა სათქმელი არის — ვამბობ და არ მეშინია, რომ არასწორად გამიგებენ და არ ვფიქრობ, რას იფიქრებენ ჩემზე სხვები. ეს მათი პრობლემაა და არა ჩემი. თუ ვინმე ცუდად მომექცევა, მაწყენინებს, შეურაცხყოფას მომაყენებს, არ გავჩუმდები და ვეტყვი: „თავხედი ხარ, შენთან ურთიერთობა არ მსიამოვნებს“.
ვინერვიულო გარეგნობის გამო — ქმარმა (დიახ, გათხოვილი ვარ) კაფეში საუზმობა შემომთავაზა. გამზადების დროს აღმოვაჩინე, რომ შამპუნი გათავებულა, ხოლო ჯინსი უკვე ორჯერ მეცვა. სამიოდე წლის წინ აუცილებლად ვეტყოდი მეუღლეს, რომ ასე ვერსად წავიდოდი. ახლა კი ვიფიქრე, ეშმაკმა დალახვროს, საყვარელი მამაკაცი საუზმეზე მეპატიჟება. რა მნიშვნელობა აქვს, თავი დავიბანე თუ არა? დღეს დილით უკვე მნახა და ჩემთან ერთად კაფეში უნდა წასვლა. რა მნიშვნელობა აქვს, რას იფიქრებენ ადამიანები მეზობელ მაგიდასთან? და მე გასაუთოებელი მაისური ჩავიცვი. ის სუფთაა და ეს სრულიად საკმარისია.
თავს "სისუსტეების" უფლება არ მივცე — ეს სისუსტე არ არის. ეს ჩემი სურვილებია და მე მათ ვახორციელებ. არ მრცხვენია, ბულვარული რომანი წავიკითხო, მოვუსმინო ლედი გაგას და თან ვიცეკვო, მივირთვა ღამის ორ საათზე და ვუყურო „მოსიარულე მკვდრებს“ მეხუთედ…
მეცვას მოუხერხებელი ფეხსაცმელი — ფეხსაცმელი იმისთვისაა, რომ მოხერხებულად იარო. ის უნდა იყოს რბილი, კომფორტული, შეესაბამებოდეს სეზონს და ჩემი ფეხის ზომას მიესადაგებოდეს. ჩემი ფეხი უფრო აუცილებელია, ვიდრე ის აუტანელი ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც, შესაძლოა, ვინმეს ესთეტიკურ გრძნობას მივაყენო.
ბოდიშს ვიხდიდე არეულობისათვის — უკაცრავად, თქვენ დამიქირავეთ, რომ სახლი სუფთად მქონდეს? არა უშავს, რომ ეს ჩემი სახლია? განწყობა არ მქონდა და სახლი არ დამილაგებია — თქვენი რა საქმეა?!
უარი ვთქვა მეგობრების შეკრებაზე — თუ მინდა მერის ნახვა, მოვიწვევ მერის და აუცილებელი და უხერხული არაა, მასთან ერთად დავპატიჟო ჯეკი ან ლაურა და სხვები. თუ მერისთვის ეს მიუღებელია, მის უარს ნორმალურად აღვიქვამ — მისთვის ჯეკთან ან ლაურასთან ყოფნა თუ უფრო სასიამოვნოა, დაე, ასეც იყოს.
შევინახო "ძონძები" და ათასგვარი ნაგავი — ლექსიკონიდან ამოვიღე ფრაზა „იქნებ, გამომადგეს“. თუ ამ წუთას არ ვიცი, რისთვის მაქვს ესა თუ ის ნივთი, ის გადასაყრელ ნივთებს შორის ხვდება.
ვიყო ოპტიმისტი — ყველა ადამიანში არის რაღაც კარგი — სულაც არაა ეს ცნება მართალი. ზოგიერთი ადამიანი სრული ნაგავია და ჩემი დროის ერთ წუთსაც არ დავხარჯავ, რომ ამ „ნაგავში“ რაიმე კარგი ვეძებო.
ბევრი რამისთვის მართლა დავბერდი. ბედნიერი ვარ, რომ მოვასწარი ამის გაცნობიერება იქამდე, სანამ ჩემ საფლავზე დადებენ ფილას წარწერით: „აქ განისვენებს მიშელი. მან მთელი ცხოვრება ისე გაატარა, როგორც არ უნდოდა და უბედური მოკვდა“.
P.s. შეიძლება, ზოგი მოსაზრება თქვენთვის მისაღები იყოს, ზოგი — არა. მაგრამ თუ რომელიმე მოგეწონათ, ან თავად გაგიჩნდათ ასეთი მოსაზრება თქვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, იქნებ, დროა, შეიცვალოთ ცხოვრების ჩვეული წესი და გათავისუფლდეთ იმ სტერეოტიპებისგან, რომლებიც ლაღად, თავისუფლად ცხოვრებაში გიშლით ხელს! სცადეთ! 50 წელი — ეს უკვე სიბერის კართან „ატუზული“ ასაკია, სიცოცხლე მარადიული ხომ არ არის?! ამიტომ დატკბით ცხოვრებით!“
პირადად მე (ასევე 50 წელს „ვუკაკუნებ“) არ ვიზიარებ ყველა პუნქტს, მაგრამ ერთ რამეში ვეთანხმები — ასაკი ბევრ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, პრივილეგიას გვაძლევს, მეტ თავდაჯერებულობას გვმატებს, ნაკლებ შეცდომებს ვუშვებთ… ასე რომ, ცხოვრება გრძელდება!