თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს შავი ზღვის ნაპირი დელფინებს სულ უფრო მეტად მოსწონთ, რაც ზღვის წყლის ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირდება, განუცხადა Sputnik-ს აჭარის გარემოს დაცვის ინტეგრირებული სამმართველოს განყოფილების უფროსმა ნუგზარ პაპუნიძემ.
აჭარის სანაპიროზე სამი სახეობის დელფინი ბინადრობს — ზღვის ღორი, თეთრგვერდა დელფინი და აფალინა. გამრავლებისთვის ისინი იმ ადგილებს ირჩევენ, სადაც წყალი უფრო სუფთაა და ჟანგბადის დიდი კონცენტრაციაა.
„დელფინების რაოდენობა ყოველ წელს მატულობს, რადგან ზღვის წყალის ხარისხი აჭარის სანაპიროზე უმჯობესდება“, — განაცხადა პაპუნიძემ.
წყლის ხარისხის გაუმჯობესება ყოფითი ნარჩენებისა და ფეკალური მასების ბიოლოგიური გაწმენდის ნაგებობის ამოქმედების წყალობით გახდა შესაძლებელი, რომელიც 2013 წელს ამოქმედდა. გაწმენდილ წყალს სპეციალური მილის საშუალებით ზღვაში ღრმად უშვებენ.
სპეციალისტების აზრით, წყლის ხარისხის გაუმჯობესებას სწორედ ამან შეუწყო ხელი. აჭარაში ზღვის წყალს ინფექციებზე ლაბორატორიულად ათ დღეში ერთხელ ამოწმებენ.
შავ ზღვაში ასევე ბევრი მედუზა და თევზია. ისეთი ზღვის ცხოველები, რომლებსაც ადამიანისთვის რაიმე ზიანის მიყენება შეუძლიათ, ამ წყლებში არ ბინადრობენ.
„ხანდახან ცალკეული ინფექციები ფიქსირდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანები ბანაობის წესებს არ იცავენ და წყალი ორგანიზმში ხვდება. მაგრამ იმის თქმა, რომ წყალში რაიმე ინფექციები, არასწორია. წყალი სუფთაა და ის რეგულარულად მოწმდება“, — აღნიშნა პაპუნიძემ.
თუ აღმოჩნდება, რომ წყალი დაინფიცირებულია, პლაჟს აუცილებლად დაკეტავენ, სანამ ვითარება არ გაუმჯობესდება.
რაც შეეხება ამინდს, აჭარაში ჰაერის ტემპერატურა ზაფხულში 30-დან 38 გრადუსამდე მერყეობს.