08:21 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მტკვრის სანაპირო

სპეციალისტებმა მტკვრის დაბინძურების მთავარი მიზეზები დაასახელეს

© Sputnik/ Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
180 0 0

მტკვრის გაწმენდის ერთადერთი გზა თითოეულ მჭიდროდ დასახლებულ რაიონში საკანალიზაციო სისტემებისთვის გაწმენდითი ნაგებობების მშენებლობაა. 1999 წელს, მტკვრის დაცვის დღე, კოალიცია „მტკვარი-არაქსის“ სპეციალისტების ინიციატივით დაწესდა.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. მდინარე მტკვრის დაბინძურების ძირითადი მიზეზი — საკანალიზაციო წყლებია, რომლებიც ყოველგვარი გაწმენდის გარეშ, სანიაღვრე არხებით ჩაედინება მდინარეში, აცხადებს გარემოს დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე მარინა მაკაროვა.

საქართველოში 2 ივნისს მდინარე მტკვრის დაცვის დღე აღინიშნება, რომელიც 1999 წელს კოალიცია „მტკვარი-არაქსის“ სპეციალისტების ინიციატივით დაწესდა. ეს დღე პირველად 2001 წელს აღნიშნეს.

„ჩვენ ყოველთვიურად ვამოწმებთ მტკვარს თურქეთის ტერიტორიიდან დაწყებული აზერბაიჯანის საზღვართან დამთავრებული. მუდმივად ვიღებთ წყლის სინჯებს. მიუხედავად იმისა, რომ წყალი დაბინძურებულია და მდინარეში აზოტის ამონიუმის კონცენტრაცია მაღალია და ასევე ბიოლოგიური და ორგანული ნარჩენებია, ამ ეტაპზე, კატასტროფული მდგომარეობა არ ფიქსირდება“, — ციტირებს სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ მაკაროვას სიტყვებს.

მისი სიტყვებით, 1980-იან წლებში გორში, ხაშურსა და სხვა ქალაქებში საკანალიზაციო სისტემების გაწმენდითი ნაგებობები აშენდა, თუმცა 2000 წლიდან ისინი სერიოზულ რეაბილიტაციას საჭიროებენ.

დღეს თბილისი-რუსთავის გამწმენდი ნაგებობა მუშაობს, რომელიც ასევე საჭიროებს განახლებას, აღნიშნა მაკაროვამ. გამწმენდი ნაგებობა გარდაბანში მდებარეობს, რომლითაც გარდაბნის, თბილისისა დ რუსთავის წყლები იწმინდება.

„კომპანია Georgian water power-მა 2018 წლამდე საკუთარ თავზე აიღო გაწმენდითი ნაგებობის სრული რეაბილიტაცია, რამდენადაც 2008 წლიდან ის ამ კომპანიის კუთვნილებაა“, — განმარტა მაკაროვამ.
სპეციალისტის აზრით, მტკვრის გაწმენდისთვის აუცილებელია თითოეულ მჭიდროდ დასახლებულ რაიონში საკანალიზაციო სისტემისათვის გაწმენდითი ნაგებობები აშენდეს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო.

მაკაროვა მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ სხვადასხვა ნარჩენებისა და ნაგვის მდინარეში გადაყრისგან. საქართველოში მდინარის წყლის დაბინძურება 200-300 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

მტკვრის დაცვის დღე 16 წელია აღინიშნება. მტკვარი საქართველოს უმთავრესი მდინარეა. მისი აუზი მოიცავს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთს, მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ საქართველოს, თითქმის მთელ აზერბაიჯანს, მთელ სომხეთს და ჩრდილო-დასავლეთ ირანს.

მტკვრის აუზის საერთო ფართობი 188 000 კვადრატული კილომეტრია; მდინარის მთლიანი სიგრძე 1515 კილომეტრს შეადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე მტკვრის სიგრძე 390 კილომეტრია. საქართველო წყლის რესურსების სიუხვით ევროპაში მე-3 ადგილზეა.

 საქართველოს ტერიტორიაზე 26 ათასზემეტი სხვადასხვა სიდიდის მდინარე მიედინება, რომელთა საერთო სიგრძე 60 ათას კმ-ს აღწევს.

მტკვარი ტრანსსასაზღვრო მდინარეა, რის გამოც ეს დღე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთდროულად აღინიშნება.

მთავარი თემები