04:39 24 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
ენგურ ჰესის პლატინა

„ნენსკრა ჰესის“ მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა გაუწევს მონიტორინგს

© RIA Novosti. Бесик Пипия
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
65 0 0

სვანეთის მოსახლეობის ნაწილი „ნენსკრა ჰესის“ პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება და პროექტის შესახებ დამატებით ინფორმაციასა და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. მეტი ნდობისთვის მოსახლეობის მიერ შექმნილ მონიტორინგის ჯგუფს ჰესის შესახებ არსებული ყველა კვლევა და დოკუმენტაცია გადაეცემა.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ ჭუბერში „ნენსკრა ჰესის“ პროექტის მშენებლობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც  ინვესტორი კომპანია „Kwater“-ის და საპარტნიორო  ფონდის  წარმომადგენლები, მხარის გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.  შეხვედრაზე ასევე წარმოადგინეს ჭუბერისა და ნაკრის თემის სოციალური პროექტების დაფინანსებისა და განვითარების გეგმა.

„ნენსკრა ჰესის აშენებაში ინვესტორი 1 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიციას დებს, შეიქმნება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი. გარდა მშენებლობის პროცესისა, ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება ოპერირების პროცესშიც, რაც მთავარია ინვესტორი იღებს ვალდებულებას ადგილობრივების გადამზადება მოახდინოს. ასევე ინვესტორი იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას და ამ სოციალურ საჭიროებებს თავად მოსახლეობა მიაწვდის მათ“ — აღნიშნა შეხვედრაზე მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ. 

აღსანიშნავია, რომ ჭუბერის მოსახლეობამ „ნენსკრა ჰესის“ პროექტის მონიტორინგის ჯგუფი შექმნა. ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი სამუშაო ჯგუფი პროექტის განხორციელების პროცესს გააკონტროლებს. 

 შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, პროექტის ტექნიკურ დეტალებზე განმარტებები გააკეთეს ინვესტორის მიერ მოწვეულმა სპეციალისტებმა. ადგილობრივების მცირე ნაწილი „ნენსკრა ჰესის“ პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებოდა და პროექტის შესახებ დამატებით ინფორმაციასა და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. მეტი ნდობისთვის მოსახლეობის მიერ შექმნილ მონიტორინგის ჯგუფს ჰესის შესახებ არსებული ყველა კვლევა და დოკუმენტაცია გადაეცემა.

280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრა ჰესს მდინარე ენგურზე, სვანეთში ააშენებენ. ის ყოველწლიურად 1,2 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. სადგური ენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი სრულად 2021 წელს დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება ერთი მლრდ აშშ დოლარია.

პროექტს სს საპარტნიორო ფონდი კომპანია KWater-თან ერთად ახორციელებს. შესაბამის ხელშეკრულებას თბილისში 31 აგვისტოს მოეწერა ხელი. მშენებლობას უმსხვილესი იტალიური კომპანია Salini Impregilo განახორციელებს, რომელიც ტენდერის შედეგად პროექტის მთავარმა ინვესტორმა — KWater-მა შეარჩია. საბანკო სესხის კომპონენტში მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და კორეის „ექსიმ ბანკი.“ პროექტში ფონდის მრჩეველია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC).

სოფო კაკაჩია

 

 

 

მთავარი თემები