თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. მაღალმთიანი რაიონების განვითარებას თუ ხელი არ შევუწყეთ, საქართველო, შესაძლოა, დემოგრაფიული ანექსიის საფრთხის წინაშე დადგეს, მიიჩნევს ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.
2002 წლიდან საქართველოს მაღალმთიანი რაიონების 162 სოფელი, პრაქტიკულად, დაცარიელდა, ხოლო 152 სოფელში მაქსიმუმ რვა-ცხრა ადამიანი ცხოვრობს. უფრო მეტიც, 2017 წლიდან შობადობის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი.
„მწვავედ დგას შიდა მიგრაციის საკითხი. ეს მარტივი ფორმულაა — თუ წავალთ, დასახლდება სხვა. ასე, შესაძლოა, დემოგრაფიული ანექსია მივიღოთ. ეს პრობლემები ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას პირდაპირ უკავშირდება“, — განაცხადა ხუნდაძემ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.
უფრო მეტიც, დარღვეულია ბალანსი ასაკოვან ადამიანებსა და ახალგაზრდებს შორის, ამიტომ ერის დაბერების პროცესი სახეზეა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხანშიშესული ადამიანების რიცხვი 40 ათასით გაიზარდა, ხოლო 2030 წლისთვის საპენსიო ასაკის მოსახლეობის რაოდენობა 1 მილიონამდე იქნება, აღნიშნა მან.
მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, საქართველოში 3,7 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
„რა თქმა უნდა, ერის დაბერების პროცესი არ უნდა აღვიქვათ როგორც ნეგატიური მოვლენა, ეს დემოგრაფიული გარდასახვის გარდაუვალი პროცესია, თუმცა აუცილებელია სწორი პოლიტიკის გატარება, რომ მან ქვეყნის ეკონომიკასა და ბიუჯეტზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს“, — განაცხადა ხუნდაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ გაერომ საქართველო ევროპის რეგიონში ერთ-ერთ იმ ქვეყნად მიიჩნია, სადაც მაღალი შობადობა შეინიშნება, სიმშვიდის მიზეზი არ გვაქვს, რადგან მომდევნო წლებში დაბალი შობადობის პირობებში მოგვიწევს ცხოვრება, განმარტა მან.
„დღეს დაბადებული ბავშვები რეპროდუქტიულ ასაკს ოცი წლის შემდეგ მიაღწევენ. მანამდე ქვეყანაში შობადობა საკმაოდ დაბალი იქნება“, — განაცხადა ხუნდაძემ.
შობადობის სტიმულირების მიზნით სახელმწიფომ საქართველოში სელექციური აბორტები (აბორტი სქესის ნიშნით) აკრძალა. გარდა ამისა, აბორტის წინ მოსაფიქრებელი ვადა სამიდან ხუთ დღემდე გაიზარდა.
2012 წელს ოფიციალურად 40 ათასი აბორტი იყო რეგისტრირებული. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 33 ათასამდე შემცირდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2015 წელს ქვეყანაში 9%-ით მეტი ბიჭი დაიბადა, ვიდრე გოგონა. სულ საქართველოში 2015 წელს 59 249 ადამიანი დაიბადა.
მთლიანობაში, საქართველოში შობადობა 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, 2,3%-ით შემცირდა, ხოლო სიკვდილიანობა 0,7%-ით გაიზარდა.