10:16 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
ორსულობა

ორსულობა და მშობიარობა საქართველოში - ფასები და რჩევები

© Sputnik
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
677559

ლიზა შელია

გინეკოლოგი ნინო ჯიჭონაია Sputnik-ს იმ ანალიზებსა და მედიკამენტებზე ესაუბრა, რომელიც ორსულებისთვის აუცილებელია და ასევე რა თანხა შეიძლება დაჯდეს ეს.

თუ ორსულობის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, თითოეული ქალი ექიმთან ერთად, თვიდან თვემდე ნაყოფის განვითარებას აკვირდება.

იმ შემთხვევაში, თუ ორსულობა გართულებებით მიმდინარეობს, ექიმის კონსულტაციები, გამოკვლევები და მედიკამენტები სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. თუ ორსულობა ნორმალურად ვითარდება, მაინც არის გამოკვლევების ჩატარება და შესაბამისი მედიკამენტების მიღება საჭირო, რათა ნაყოფი ნორმალურად განვითარდეს.

„როგორც კი ქალი გაიგებს, რომ ორსულადაა, მაშინვე უნდა მიმართოს გინეკოლოგს, რათა თავიდან აირიდოს საშვილოსნოსგარე ორსულობა ან სხვა გართულებები. ეს ძალზე მნიშვნელოვანია“, — განაცხადა ჯიჭონაიამ.

გინეკოლოგთან პირველი ვიზიტი 35-50 ლარი ჯდება, ხოლო ულტრაბგერითი გამოკვლევა — 50 ლარი.

გინეკოლოგი ანალიზების ჩატარებას მაშინვე გირჩევთ ტორჩ-ინფექციებზე — ტოქსოპლამოზი, ციტომეგალოვირუსი, ქლამიდიები, ჰერპესი, წითურა (დაავადებათა ჯგუფი, რომლებიც ბავშვს დედისგან საშვილოსნოში გადაეცემა და სხვადასხვა პათოლოგიებს იწვევს). ამ ინფექციების გამოკვლევების ღირებულება. ლაბორატორიების მიხედვით, 250-დან 450 ლარამდე მერყეობს.

ორსულობის პირველივე ეტაპზე უაცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონზე ანალიზის გაკეთება- TSH, FT4, anti TPO და ექოსკოპია — ეს ყველაფერი დაახლოებით 150 ლარი ღირს.

„იდეაში, ყველა ეს ანალიზი ფარისებრ ჯირკვალზე და ტორჩ-ინფექციებზე ორსულობამდე უნდა გაკეთდეს. მაგრამ, როდესაც ქალი ორსული მოდის, ჩვენ ვალდებული ვართ, ყველა ეს ტესტი ჩავატაროთ.

ორსულობის მეექვსე- მეშვიდე კვირაზე ქალი უნდა მოვიდეს ჩვენთან, რათა ნაყოფის გულისცემა მოვისმინოთ“, — აღნიშნა ექიმმა.

ექოსკოპია, კონსულტაცია გინეკოლოგთან, ჰემოგლობინისა და შარდში ცილების ანალიზები ყოველთვიურად არის საჭირო, აღნიშნავს ჯიჭონაია.

გინეკოლოგი სავალდებულო ვიზიტს ორსულობის მე-12 კვირაზე ნიშნავს. ექოსკოპიის გარდა, საჭიროა სისხლისა და შარდის საერთო ანალიზები (დაახლოებით 40 ლარი), В და С ჰეპატიტზე, შიდსზე, სიფილისზე, სისხლის რეზუსზე ანალიზების ჩატარება. ეს ყველაფერი დაახლოებით 150 ლარი ღირს, თუმცა ამ ანალიზებს სახელმწიფო მთლიანად ფარავს.

ამ ანალიზების გარდა, აუცილებელია კისრის ზონის ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება (50 ლარი) და PAPPА-ტესტის ჩაბარება (45 ლარი), რათა დადგინდეს, ხომ არ აქვს ბავშვს დაუნის სინდრომი.
ორსულობის ნორმალურად განვითარების დროსაც საჭირო იქნება მხარდამჭერი თერაპია — პირველ რიგში, ვიტამინები, მაგნიუმის, კალციუმის პრეპარატები, თევზის ცხიმი. ეს ყველაფერი მინიმუმ 300 ლარი ღირს.

ექოსკოპიაზე ორსულობა დადგინდა
ექოსკოპიაზე ორსულობა დადგინდა
24-ე კვირაზე თუ პაციენტს ჩივილები არა აქვს, საჭიროა კოაგულოგრამისა და გლუკოზის ანალიზების ჩატარება (35 ლარი).

კიდევ ერთი ვიზიტი გინეკოლოგთან 36-ე დღეს ინიშნება. ექიმი ამოწმებს ნაყოფის მდგომარეობას და ანალიზებს აუცილებლობის მიხედვით ნიშნავს, რის შემდეგაც სამშობიარო სახლში აგზავნის.

საქართველოში ფიზიოლოგიური მშობიარობა დაახლოებით 850 ლარი ჯდება. პირადი მეან-ექიმის ასაყვანად 250-დან 500 ლარამდე თანხის დამატება დაგჭირდებათ, ეპიდურალური ანესთეზია დაახლოებით 250 ლარი ღირს, საკეისრო კვეთა 1500 ლარი ჯდება.

ქალი სამშობიარო სახლს თვითონ ირჩევს, ამასთან სახელმწიფო მშობიარობის ხარჯის ნაწილს — 500 ლარს იხდის. ორსულობის დროს სახელმწიფო აფინანსებს რაიონული პოლიკლინიკის გინეკოლოგთან ოთხ ვიზიტს, და ოთხ ეტაპად რიგ ანალიზებს (მე-13 კვირა — სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, შიდსზე, ჰეპატიტზე, სიფილისზე შემოწმება, სისხლის რეზუსის დადგენა, მე-18-მე-20 კვირა — ექოსკოპია ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების გამორიცხვისთვის და ორჯერ — 30-დან 38-ე კვირამდე — შარდში ცილების დონისა და ჰემოგლობინის ანალიზები).

სახელმწიფოს დახმარების მისაღებად აღრიცხვაზე ორსულობის მე-13 კვირამდე უნდა დადგეთ.

მთავარი თემები