მსჯავრდებულ კვარაცხელიას რუსეთიდან ექსტრადირების საკითხი დეკემბერში გადაწყდება

© photo: Sputnikკობა ქარჩავა
კობა ქარჩავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და რუსეთს შორის მსჯავრდებულთა გაცვლის საკითხი ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მოლაპარაკებების ერთ–ერთი ძირითადი თემაა.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. რუსეთში გასამართლებულ მანუჩარ კვარაცხელიას სამშობლოში ექსტრადირების თაობაზე გადაწყვეტილებას რუსეთის სასამართლო მიმდინარე წლის 22 დეკემბერს მიიღებს, — განაცხადა ორგანიზაცია „სამართლიანი საქართველოს“ თავმჯდომარე კობა ქარჩავამ „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ოთხშაბათს, 16 დეკემბერს. 

მსჯავრდებული მანუჩარ კვარაცხელია ქურდობისთვის სასჯელს ლიპეცკის №3 ციხეში იხდის. მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, აქედან ნახევარი უკვე მოხდილი აქვს. მსჯავრდებულ კავარცხელიას ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მზადაა გადაიბაროს პატიმარი. 

„მსჯავრდებულ კვარაცხელიას სასამართლო, რომელმაც სასჯელის საქართველოს კოლონიებში მოხდის სურვილი გამოთქვა, მიმდინარე წლის 22 დეკემბერს გაიმართება… ვფიქრობ, სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს“, — თქვა უფლებადამცველმა კობა ქარჩავამ. 

კვარაცხელიას საქართველოში ექსტრადირების პროცედურის დაწყებამდე წელიწადნახევრით ადრე რუსეთიდან საქართველოში გადმოიყვანეს ვინმე მსჯავრდებული დარახველიძე. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია — უფლებადამცველ ორგანიზაციებთან ერთად. პროცედურა დაახლოებით ორი წელი გრძელდებოდა. 

„სადღაც ნახევარი წლის წინ რუსეთიდან პატიმარი დარა ხველიძე გადმოიყვანეს. მინდა ვთქვა, რომ თუ პატიმართა ექსტრადირების პროგრამა ამოქმედდება — ეს დიდი ნაბიჯი და ერთგავრი ხიდი იქნება სახალხო დიპლომატიაში…  მანამდე ის სასჯელს ციმბირის ერთ–ერთ ციხეში იხდიდა, ახლა კი საქართველოს ციხეში ზის“, —  განაცხადა „სამართლიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ. 

კობა ქარჩავა - Sputnik საქართველო
რუსეთის საპატიმროებში სასჯელს საქართველოს 30 ათასამდე მოქალაქე იხდის

საქართველოსა და რუსეთს შორის მსჯავრდებულთა გაცვლის საკითხი პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილლის, გრიგორი კარასინის მოლაპარაკებების ერთ–ერთი ძირითადი თემაა, რაც მისასალმებელი ფაქტია, — ხაზი გაუსვა კობა ქარჩავამ. 

„მადლობელი ვარ ბატონი აბაშიძის, რომელმაც ეს საკითხი კარასინთან შეხვედრაზე წამოწია. მანამდე ჩვენ ვესაუბრეთ ბატონ ზურაბს, ინფორმაცია მივაწოდეთ მას და მანაც წამოჭრა ეს თემა“, — თქვა ქარჩავამ. 

„სამართლიანი საქართველოს“ პრეზიდენტის თქმით, კვარაცხელიას გარდა რუსეთიდან საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოსვლა კიდევ დაახლოებით ექვს მსჯავრდებულს სურს, რომლებიც ასევე დაავადებულები არიან. საერთო ჯამში კი რუსეთში დაპატიმრებული ასამდე ადამიანია მზად საქართველოში გადმოსასვლელად, რომელთაც კლიმატური პირობებიც უქმნით  პრობლემებს. 

„ჩვენ გვსურს რუსეთის მხრიდან მსჯავრდებულთა მიმართ ჰუმანური მიდგომა დავინახოთ. პრინციპში, ეს ხომ ჰუმანიზმის გამოვლენაა, როცა ავადმყოფ ადამიანს სამშობლოში დაბრუნებაში ეხმარები“, — დაასკვნა ქარჩავამ. 

ორგანიზაცია „სამართლიანი საქართველო“ 2013 წელს დაფუძნდა. ის სხვა ორ უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციასთან („პატიმართა მეუღლეებისა და დედების კავშირი“ და „ქართული ემიგრაცია და მიგრაცია“) ქმნის კოალიციას, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის, რუსეთში მსჯავრდებულ მოქალაქეთა უფლებებს იცავს. კერძოდ, ისინი აკვირდებიან პატიმართა უფლებების დაცვას, უტარებენ იურიდიულ კონსულტაციებს და ეხმარებიან მათ სანახავად წასულ მშობლებს ვიზების აღებაში. 

 


ყველა ახალი ამბავი
0