რუსეთის საპატიმროებში სასჯელს საქართველოს 30 ათასამდე მოქალაქე იხდის

© photo: Sputnikკობა ქარჩავა
კობა ქარჩავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლიპეცკის ოლქის გამოსასწორებელი დაწესებულებები თავისუფლების აღკვეთის პირველი ადგილებია რუსეთში, სადაც როგორც რუსული, ისე ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოახერხეს შესვლა, რამდენადაც, ქარჩავას განცხადებით, სხვა საპატიმროებში შეღწევას „განსაკუთრებული ნებართვა სჭირდება“.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის საპატიმროებში დღეისათვის სასჯელს საქართველოს დაახლოებით 30 ათასი მოქალაქე იხდის, უმეტესად საშუალო სიმძიმის დანაშაულისთვის, განაცხადა ორგანიზაცია „სამართლიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ კობა ქარჩავამ პარასკევს, 11 სექტემბერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ორგანიზაცია „სამართლიანი საქართველო“ 2013 წელს დაარსდა. იგი სხვა უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან — „პატიმრების ცოლებისა და დედების კავშირი“ და „ქართული ემიგრაცია და მიგრაცია“ ერთად, ქმნის კოალიციას, რომელიც საქართველოში მყოფი პატიმრების, მათ შორის რუსეთის საპატიმროებში მყოფების უფლებებს იცავს. კერძოდ, ორგანიზაცია ახორციელებს  პატიმართა უფლებების მონიტორინგს, მათ იურიდიულ კონსულტაციებს უწევს და პატიმართა მშობლებს პაემნებისთვის ვიზებთან დაკავშირებულ დახმარებას უწევს. 

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართველი უფლებადამცველები რუსეთის საპატიმროებში პირველად დაუშვეს. ამ მიზნით, ლიპეცკის ოლქის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურს ვეწვიეთ. ლიპეცკის საპატიმროში სასჯელს 47 ქართველი პატიმარი იხდის, რომლებსაც წიგნები გადავეცით და მათ მდგომარეობასა და უფლებებს გავეცანით“, — განაცხადა ქარჩავამ.

ლიპეცკის ოლქის გამოსასწორებელი დაწესებულებები თავისუფლების აღკვეთის პირველი ადგილებია რუსეთში, სადაც როგორც რუსული, ისე ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოახერხეს შესვლა, რამდენადაც, ქარჩავას განცხადებით, სხვა საპატიმროებში შეღწევას „განსაკუთრებული ნებართვა სჭირდება“.

„ლიპეცკში საჩვენებელი პროექტი იყო. სხვა ზონებში არ გვიშვებენ, რადგანაც სხვა   ზონებში დასაშვებად განსაკუთრებული ნებართვებია საჭირო. მაგრამ ლიპეცკში უკვე არის შედეგი. იქ ადამიანის უფლებების კატასტროფული დარღვევები არ დაგვიფიქსირებია“, — აღნიშნა მან.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან საქართველოში პატიმრების ექსტრადიცია, პრაქტიკულად, არ ხორციელდება და ბიუროკრატიული ხასიათის პრობლემებთან არის დაკავშირებული, კობა ქარჩავა მაინც იმედოვნებს, რომ ქართული და რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით ისინი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრების ექსტრადიციას შეძლებენ. გარდა ამისა, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს რუსეთში სასამართლო უნდა გაიმართოს, რომელზეც ერთ-ერთი ქართველი მსჯავრდებულის ექსტრადიციის საკითხს განიხილავენ.

„თუ ახლა ექსტრადიცია ნორმალურად ჩაივლის, უკვე შვიდი მსჯავრდებული, რომელთაგან ერთი ონკოლოგიური ავადმყოფია, საქართველოში იქნება ექსტრადირებული“, — განაცხადა უფლებადამცველი ორგანიზაციის თავმჯდომარემ.

„სამართლიანი საქართველო“ პატიმრების ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან მუდმივ კონტაქტში არიან და მათ საქმის ვითარების შესახებ ინფორმაციას აწვდიან.

„ჩვენ გვირეკავდნენ და ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ მსჯავრდებულებს ამცირებდნენ. ჩვენ კი ჩვენი პარტნიორების, ისეთების როგორიცაა „სამართლებრივი ზონა“ და სხვა, საშუალებით ინფორმაციას ჟურნალისტებს ვაწვდიდით“, — განაცხადა კობა ქარჩავამ.

სამი ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიცია რუს კოლეგებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია, რომელთანაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია მეგობრობს, რუსული „სამართლებრივი ზონაა“. გარდა ამისა, „სამართლიანი საქართველო“ კოალიციის საერთაშორისო მასშტაბებამდე გაზრდას აპირებს — უფლებადამცველებს მომავლის გეგმები აქვთ, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაში პატიმრების უფლებების მონიტორინგს მოიაზრებს. 

 


ყველა ახალი ამბავი
0