01:40 01 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (485)
27 0 0

PACE-ს ზამთრის სესიის ფარგლებში განიხილება ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მასმედიის საკითხების კომიტეტის მოხსენება სახელწოდებით „საფრთხეები მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის ევროპაში“

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო სააგენტო Россия сегодня-ს აღმასრულებელი დირექტორი კირილ ვიშინსკი და Sputnik ესტონეთის შეფ-რედაქტორ და ხელმძღვანელი ელენა ჩერიშევა სტრასბურგს ეწვივნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სესიაზე დასასწრებად, რათა იქ ევროპაში რუსი ჟურნალისტების შევიწროებისა და მათთვის საქმიანობის შეზღუდვის თემა წამოეწიათ.

ყვითელ ჟილეტებში სიტყვის თავისუფლებისთვის

რუსი ჟურნალისტები PACE -ში კოლეგების წინაშე სააგენტო Sputnik-ის ყვითელი ჟილეტებით წარსდგნენ.

© photo: Sputnik / Dominik Buten
კირილ ვიშინსკი და ელენა ჩერიშევა PACE-ს სესიაზე

„ჩვენი კორპორატიული ფერები — ეს ყვითელი და შავია. მესმის, რომ აქ, საფრანგეთში ეს ფერი გარკვეულ ასოციაციებს იწვევს, მაგრამ გვსურს, რომ ეს ჟილეტები, რომლებიც ჩვენ გვაცვია, ასოცირდებოდეს შფოთვასთან, თუ რამდენად არიან პარლამენტარები დღეს მზად იმისთვის, რომ დაიცვან ფასეულობები და არა კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული კანონმდებლობის კონკრეტული მუხლები“, — განაცხადა კირილ ვიშინსკიმ, რომელმაც ერთ წელზე მეტი გაატარა უკრაინის ციხეში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით.

PACE-ს ზამთრის სესიის ფარგლებში განიხილება ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მასმედიის საკითხების კომიტეტის მოხსენება სახელწოდებით „საფრთხეები მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის ევროპაში“, რომელიც ბრიტანელმა დელეგატმა, ლორდმა ჯორჯ ფოულკსმა მოამზადა.

დოკუმენტი რუსეთს ბრალს სდებს ჟურნალისტების დევნასა და დაშინებაში. ის ასევე შეიცავს მოწოდებას PACE-სადმი, გადაჭრას მედიის თანამშრომლების მიმართ ძალადობის პრობლემა.

კირილ ვიშინსკის თქმით, ის და ელენა ჩერიშევა სტრასბურგში იმისთვის ჩავიდნენ, რომ „მნიშვნელოვანი რეზოლუციის მიღებამდე, დეპუტატებს გააცნონ ის აღმაშფოთებელი ფაქტები, რომლებიც ევროპის ტერიტორიაზე რუსი ჟურნალისტებისადმი დამოკიდებულებას უკავშირდება“.

ასპროცენტიანი ცენზურა ესტონეთში 

კირილ ვიშინსკიმ აღნიშნა, რომ რუსი ჟურნალისტები რეპრესიების მსხვერპლი ხდებიან ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთში, პოლონეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში.

„საუბარია იმაზე, რომ ჩვენს კოლეგებს Sputnik-იდან და Россия сегодня-დან სისტემატურად უუქმებენ აკრედიტაციას და არ უშვებენ ღონისძიებებზე.  ბოლო დროს საქმე გვაქვს უშუალო მაქარეთან, მათ შორის, სისხლის სამართლის დევნასთან მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ადამიანებმა აირჩიეს ის რედაქცია, რომელიც აირჩიეს“, — განაცხადა მან. 

რაც შეეხება ელენა ჩერიშევას, მისი თქმით, ესტონეთში სრული განუკითხაობა სუფევს და იქ არანაირი სიტყვის თავისუფლება არ არსებობს.

„მიმაჩნია, რომ მოქმედებს ასპროცენტიანი ცენზურა, მიუხედავად იმისა, რომ ესტონეთში ეს აკრძალულია ისევე, როგორც ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში“, — აღნიშნა Sputnik ესტონეთის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ესტონეთის ოფიციალური ხელისუფლება არანაირად არ რეაგირებს შექმნილ ვითარებაზე.

მოწოდება დიალოგისკენ

რუსეთის დელეგაციის წევრის, სახელმწიფო დუმის დეპუტატ ლეონიდ სლუცკის თქმით, Sputnik ესტონეთი არის ქრესტომათიული მაგალითი იმისა, როგორ ეკიდებიან ჟურნალისტებს ამ ქვეყანაში.

„დევნის ყველა სახეობა, მათ შორის, ზეწოლა მეიჯარეზე, Sputnik ესტონეთის თანამშრომლების საბანკო მომსახურებაზე, თანამედროვე ევროპისთვის არის რაღაც წარმოუდგენელი“, — განაცხადა მან. 

დეკემბრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ „Sputnik–ესტონეთის“ თანამშრომლებმა პირდაპირი მუქარის შემცველი წერილები მიიღეს ქვეყნის სასაზღვრო დაცვისა და პოლიციის დეპარტამენტიდან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი 2020 წლის 1 იანვრამდე არ შეწყვეტენ თანამშრომლობას სათავო ორგანიზაციასთან – საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-სთან, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძვრებოდა. სისხლის სამართლებრივი დევნის საფრთხის გამო „Sputnik–ესტონეთის“ ჟურნალისტები იძულებული გახდნენ, შეეწყვიტათ შრომითი ურთიერთობა რედაქციასთან 2020 წლის 1 იანვრიდან და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასულიყვნენ. 

როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განუცხადა მანამდე РИА Новости-ს, მისი ქვეყანა ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას ატარებს არა Sputnik-ის, არამედ კონკრეტული პირის, Россия сегодня-ს გენერალური დირექტორის, დმიტრი კისელიოვის მიმართ, რომელიც, მათი აზრით, აკონტროლებს კიდეც სააგენტოს.

ელენა ჩერიშევას თქმით, ისინი ყველა მიმართულებით მუშაობენ, რათა პრობლემა გადაიჭრას.

„იმედი მაქვს, რომ გონება გაიმარჯვებს და თუნდაც ესტონეთი დათანხმდება ამ თემის განხილვას. ახლა მათ სისხლის სამართლის კოდექსი და საერთაშორისო სანქციები აქვთ ფარად აფარებული და საერთოდ არ მოდიან დიალოგზე... იმედი მაქვს, რომ [ესტონეთის ხელისუფლება] აღიარებს შეცდომას“, — აღნიშნა ჩერიშევამ.

კირილ ვიშინსკი და ელენა ჩერიშევა სტრასბურგში ასევე შეხვდნენ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩს და მას Sputnik ესტონეთთან დაკავშირებული ვითარების ამსახველი წერილი გადაცეს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე საერთაშორისო ორგანიზაციისთვის „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“ გაგზავნილი წერილის პასუხად, Россия сегодня-ს შეატყობინეს, რომ ორგანიზაცია ესტონეთში რუსულენოვანი მედიასაშუალებების მდგომარეობას სწავლობს. Россия сегодня დღეს ესტონეთისადმი დისკრიმინაციული პოლიტიკის გადახედვასა და ასევე სააგენტოს ჟურნალისტების უფლებების დაცვას ითხოვს, რაც პროფესიული მოვალეობის თავისუფლად შესრულებას ითვალისწინებს.

თემები:
რუსეთი დღეს (485)

მთავარი თემები