18:03 18 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2178
  • 100 RUB4.5670
  • USD2.8687
თინა კანდელაკი

თინა კანდელაკი: Rustavi 2 პირდაპირ რუსეთიდან ფინანსდება

© photo: Sputnik / Nina Zotina
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (338)
62910

თინა კანდელაკმა საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენები შეაფასა.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ერთადერთი სწორი შეფასება მისცა, განაცხადა რუსული ტელეკომპანია Россия 1-ის პროგრამა „60 წუთის" ეთერში პროდიუსერმა და ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა.

რუსეთი აღადგენს ავიამიმოსვლას და უვიზო რეჟიმს, თუ... წყარო პირობებს ასახელებს>>>

საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის შედეგად ატეხილმა აჟიოტაჟმა, შემდგომ საპროტესტო ტალღამ და ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის წარმომადგენლების სკანდალურმა განცხადებებმა საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობები კიდევ უფრო გაამწვავა.

„ქართველი ხალხი – ეს არ არის სააკაშვილი. და მანამდე, ვიდრე თქვენ ასე საუბრობთ და რუსეთს არწმუნებთ იმაში, რომ სააკაშვილია ქართველი ხალხი, იგი საკუთარ მიზანს აღწევს", – განაცხადა კანდელაკმა ოპონენტ მიხაილ სინელნიკოვ-ორიშაკისადმი მიმართვისას.

საპროტესტო აქციების ფონზე რუსეთმა ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დაძაბულობამ პიკს მას შემდეგ მიაღწია, რაც Rustavi2-ის საავტორო გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში პუტინი და მისი გარდაცვლილი მშობლები უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.

„პოსტ-სკრიპტუმის" ამ საკვირაო გამოშვებამ თითქმის მთელი ქართული საზოგადოება შოკში ჩააგდო, რამაც საქართველოში პროტესტის ახალი ტალღა წარმოშვა. გარდა ამისა, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მთავრობას საქართველოს მიმართ შესაძლო დამატებითი სპეციალური ეკონომიკური სანქციების დაწესების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა შესთავაზა. ვლადიმირ პუტინმა კი განაცხადა, რომ „ქართველი ხალხის პატივისცემის გამო" მხარს არ დაუჭერს ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას.

რუსეთში გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის წინადადებაზე პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა: „დიდი პატივი იქნებოდა ასეთებისთვის რაიმე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. გააგრძელოს მაუწყებლობა".

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ვფიქრობ, ყველაზე ზუსტი, სწორი, ერთადერთი სწორი შეფასება მისცა მიმდინარე მოვლენებს", – განაცხადა კანდელაკმა.

საქართველოს ხელისუფლებამ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაადანაშაულა პროვოკაციებსა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაში, რამაც ეკონომიკური დანაკარგები გამოიწვია. პარტიის დამფუძნებელია მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს მხოლოდ მისი იდეური სულისჩამდგმელია. ექს-პრეზიდენტს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს უკრაინის პასპორტის მიღების გამო დაკარგა, საქართველოში პარტიული მოღვაწეობის უფლება არ აქვს.

თინა კანდელაკის თქმით, რუსეთი უდიდესი ქვეყანაა, რომელმაც უნდა გააგრძელოს „რბილი ძალის" პოლიტიკა.

„ვფიქრობ, რუსეთმა უნდა გააგრძელოს ის პოლიტიკა, რომელსაც ვლადიმირ პუტინი ეწევა, რომელიც ქართველებს რუსეთთან ურთიერთობების დალაგების შანსს უტოვებს... ამას ჰქვია Soft power, რბილი ძალა. რუსეთი უდიდესი ქვეყანაა და უდიდეს ქვეყანას შეუძლია იყოს გულმოწყალე", – განაცხადა კანდელაკმა.

რაც შეეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ირგვლივ მოვლენებს, კანდელაკმა აღნიშნა, რომ ეს ტელეკომპანია ფინანსდება არა მარტო აშშ-დან, არამედ რუსეთიდანაც.

„ტელეკომპანია „რუსთავი 2", სამწუხაროდ, ფინანსდება პირდაპირ რუსეთიდან, რუსეთის მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენ კობა ნაყოფიას მიერ, რომელიც მიხეილ ნიკოლოზის ძის საფულეა", – განაცხადა კანდელაკმა.

როგორც ცნობილია, რუსეთის მოქალაქეა კობა ნაყოფიას შვილი ნიკოლოზი, რომელიც შპს „ტელეკომპანია საქართველოს" 50%-იანი წილის მფლობელია. თავის მხრივ, „ტელეკომპანია საქართველოს" „რუსთავი 2"-ში 51%-იანი წილი ეკუთვნის.

კანდელაკი დაინტერესდა საკითხით, შესაძლებელია თუ არა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთვის მიმართვა, რათა მან დააკმაყოფილოს ქართული პროკურატურის მოთხოვნა – სააკაშვილის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემა. პოლიტიკოსი უკრაინაში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ზელენსკი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. სწორედ ზელენსკიმ აღუდგინა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა, რომელიც პეტრო პოროშენკომ ჩამოართვა.

„ვფიქრობ, სწორედ ეს იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ახალი ფურცლის დასაწყისი", – განაცხადა წარმოშობით ქართველმა კანდელაკმა.

საქართველოში მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად აქვს მისჯილი ექვსი წლით პატიმრობა 2005 წელს პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, ასევე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა "საქართველოს ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულების შეწყალებისთვის.

გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოშია კიდევ ორი საქმე – სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვის და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების.

კანდელაკმა ასევე კომენტარი გააკეთა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რომელიც 20 ივნისს დაიწყო და დღემდე გრძელდება. მომიტინგეები მოითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, როგორც 21 ივნისის ღამით აქციის დაშლაზე პასუხისმგებელი პირის. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

არეულობის შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

„ჩვენი პრეზიდენტი (პუტინი - რედ.) უბრალო ქართველებით აპელირებს, რომლებიც გულწრფელად გამოდიან, რათა საკუთარი ეროვნული ღირსება დაიცვან. ისინი რადიკალების ისეთივე ტყვეები არიან, როგორც ყველა ის ადამიანი, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ცხოვრობენ თავსმოხვეული პარადიგმით საქართველო = სააკაშვილი/გვარამია/გაბუნია და სხვა პოლიტიკური ტერორისტები და დამნაშავეები", – დაწერა კანდელაკმა Telegram-ზე.

20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ საქართველოში გამოძიება ორი მიმართულებით მიმდინარეობს – ცალკეული პოლიციელების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტება და არეულობის ორგანიზება.

პირველ შემთხვევაში უფლებამოსილება შეუჩერდა ათ პოლიციელს, მათ შორის შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორ გიორგი ყაყიჩაშვილს. მეორე შემთხვევაში აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდება აქვს წარდგენილი „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, პარლამენტის დეპუტატ ნიკანორ მელიას. ამ საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე არიან დაბარებული ოპოზიციონერი ლიდერები, რომელთა ნაწილი გამოძიებამ უკვე გამოკითხა.

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (338)

მთავარი თემები