18:57 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
22 0 0

რუსეთი რეგიონში ნატოს სამხედრო აქტიურობის პასუხად ბალტიის ფლოტს აძლიერებს. „ალექსანდრიტის“ ტიპის საბაზო ნაღმმკრეფს ანალოგი არ აქვს მსოფლიოში.

ახალი ხომალდები და მაღალი ტექნოლოგიები რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტს ზღვაზე უპირატესობას ანიჭებს. ამის მაგალითია პროექტი 12700 „ალექსანდრიტი“ — ბოჭკოვანი მინის არამაგნიტური კორპუსითა და რობოტიზებული ნაღმსაწინააღმდეგო დრონებით ბორტზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბალტიის ფლოტი უახლესი ნაღმმკრეფებით გაძლიერდება. მომავალ წელს მწყობრში სამი ანალოგიური ხომალდი შევა: „პიოტრ ილიჩოვი“, „ანატოლი შლემოვი“ და „ლევ ჩერნავინი“. ეკიპაჟების ფორმირება უკვე დაწყებულია. სპეციალისტებს ყველაზე თანამედროვე პროგრამებით წვრთნიან.

ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდების ეს ტიპი სამხედრო–საზღვაო ბაზების აკვატორიებში ნაღმების მოსაძებნად და გასანადგურებლადაა განკუთვნილი — ხომალდისთვის არასახიფათო დისტანციაზე. „ალექსანდრიტებს“ მონოლითური ბოჭკოვანი მინის უნიკალური კორპუსი აქვთ და შეუმჩნეველია მაგნიტური ასაფეთქებლებისთვის.

ბალტიის ფლოტი ნატოს რეგიონში სამხედრო აქტიურობის პასუხად ძლიერდება. „პარტნიორების“ სამხედრო–საზღვაო სწავლებების თემატიკაში ასევე შედის რუსეთის ეკონომიკური ზონის, ანუ რუსეთის სანაოსნო გზების დაბლოკვა. ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენები რეგულარულად დაფრინავენ ბალტიის ზღვის თავზე და სარაკეტო დარტყმებს ამუშავებენ კალინინგრადის ოლქსა და სანქტ-პეტერბურგზე. გარდა ამისა, რუსეთის ბალტიის ფლოტის მთავარი ბაზის მახლობლად საზღვაო ნაღმების ჩალაგებაშიც იწვრთნებიან.

საომარი მოქმედებებისას საბაზო ნაღმმკრეფებმა წყალზედა ხომალდებისა და ასევე სუბმარინების უსაფრთხო განთავსება უნდა უზრუნველყონ. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სამხედრო–საზღვაო ძალები დაახლოებით 10 ათასამდე QuickStrike ტიპის ნაღმს ფლობს. მათი ჩალაგება ჩამოყრის ადგილიდან 74 კმ-ის დაშორებით 12-დან 61 მეტრ სიღრმეზეა შესაძლებელი.

საიმედო „მოჩვენება“

ბალტიის ფლოტმა ბოლო წლებში პრიორიტეტულ რეჟიმში მიიღო 20-ზე მეტი ახალი ხომალდი დიდი სიშორის მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტებით. საბაზო ნაღმმკრეფები არანაკლებ რევოლუციური შეიარაღებაა.

გარდა კომპოზიტური ბოჭკოვანი მინის „უჩინარობისა“, მონოლითურ კორპუსს სხვა მოწინავე მახასიათებლებიც აქვს: მისი მასა ტრადიციულ ლითონის კორპუსებზე 2,5-ჯერ ნაკლებია, ხოლო სიმტკიცე — 1,5-ჯერ მაღალი. ამასთან, გარდა იმისა, რომ მისი მომსახურება და რემონტი მნიშვნელოვნად იაფი ჯდება — ბოჭკოვან მინას კოროზია არ ემართება, ხოლო კორპუსის „საბრძოლო ბზარი“ უბრალოდ შეიძლება „დაწებდეს“. მისი სამსახურის ვადა, ექსპლუატაციისა და მოდერნიზაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში, პრაქტიკულად განუსაზღვრელია.

ხომალდის წყალწყვა 890 ტონაა, სიგრძე — 61,6 მ, სიგანე — 10,3 მ, სრული სვლით სიჩქარე — 16 კვანძი, ავტონომიურობა — 10 დღე-ღამე, ეკიპაჟი — 44 კაცი. უსაფრთხოდ ცურვა შეუძლია ზღვის შვიდბალიანი ღელვის დროს. აღჭურვილია სარაკეტო–საარტილერიო შეიარაღების კომპლექსით, აქვს სანავიგაციო და რადიოტექნიკური აღჭურვილობა და კავშირი, რაც ზღვის შორ რაიონებში უსაფრთხოდ ცურვას უზრუნველყოფს.

„ალექსანდრიტს“ ანალოგი არ აქვს მსოფლიოში, გამოირჩევა მაღალი მანევრირებით, გამოიყენება ყველა თანამედროვე საზღვაო ნაღმის პოვნა–განადგურებისთვის, აღჭურვილია ჰიდროაკუსტიკური სადგურებითა და მართვის ავტომატური სისტემით, სხვადასხვა სახის დრონებითა და ტრალებით, რომლებსაც სხვადასხვა სიღრმეზე შეუძლიათ საბრძოლო მასალებისა და სხვა საშიში ობიექტების პოვნა.

ტექნოლოგიების ბრძოლა

თუმცა არც სავარაუდო მოწინააღმდეგე თვლემს. სანაღმო იარაღი და აღმოჩენა–ლიკვიდაციის საშუალებები გამუდმებით არის ტექნოლოგიური კონკურენციის საგანი. მაგალითად, ბალტიის ზღვის დანაღმვა მარტო სტრატეგიული ბომბდამშენი B-52-დან კი არ არის შესაძლებელი, არამედ მცირე შემჩნევადობის მრავალმიზნობრივი გამანადგურებელ F-35A-დანაც.

ზემოთ ნახსენები ამერიკული საზღვაო ნაღმები Quickstrike ჰაერიდან ჩამოყრისთვისაა განკუთვნილი და აღჭურვილია დამიზნების სისტემა Joint Direct Attack Munition-ით (JDAM) და წყალქვეშა სამიზნეების აღმომჩენი მოწყობილობით. დამიზნების სისტემა და კურსის კორექცია GPS–სიგნალის მეშვეობით საბრძოლო მასალების დიდი სიმაღლიდან ჩამოყრას ხდის შესაძლებელს — დანაღმვისთვის განკუთვნილი ადგილიდან ათობით კილომეტრის დაშორებით. პენტაგონი პროგრამა Long Range Aerial Delivery of Maritime Mines-ის ფარგლებში უნიფიცირებულ Quickstrike-ებს მიიღებს — 907 კგ-მდე საბრძოლო მუხტითა და ჩამოგდების ადგილიდან 185 კმ დაშორებით ჩადების უნარით.

თანამედროვე ნაღმები რეაქტიული ძრავებითა და „ეშმაკური“ უკონტაქტო ასაფეთქებლებითაა აღჭურვილი, რომლებიც საოცრად მგრძნობიარეა წყალზედა ხომალდებისა და სუბმარინების მაგნიტურ, ჰიდროაკუსტიკურ და დინამიკურ ველებზე. Quickstrike–ნაღმი შესაფერისი ობიექტის აღმოჩენისთანავე ამოდის ფსკერიდან სამიზნის გასანადგურებლად.

აშშ-ში ასევე მუშავდება თვითტრანსპორტირებადი ნავსაწინააღმდეგო ნაღმ–ტორპედოები (პროგრამა Hammerhead 2023 წლამდეა გათვლილი). ისინი აღიჭურვება ღუზებით, მართვისა და კავშირის, ასევე წყალქვეშა ნავების აღმოჩენის სისტემებითა და ძრავებით. ანუ ეს იქნება ავტონომიური რობოტი, რომელიც ტორპედო Mk.46-ს ზიდავს.

ასეთი ნაღმების აღმოჩენა და გაუვნებელყოფა რთული ამოცანაა, თუმცა პროექტ 12700-ის ტექნოლოგიური დონე მისი გადაჭრის შესაძლებლობას აჩენს. „ალექსანდრიტების“ წყალქვეშა დრონები აღმოჩენილ სახიფათო ობიექტებზე ასაფეთქებელ მუხტებს განათავსებენ. აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ წყალქვეშა კომუნიკაციებიდან უხიფათო მანძილზე გაიტანონ საბრძოლო მასალა. განაღმვის დისტანციური ტაქტიკა ეკიპაჟში მსხვერპლის დონეს მნიშვნელოვნად ამცირებს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

მთავარი თემები