23:00 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
ქართულ–რუსული ურთიერთობები (188)
129 0 0

კორონავირუსის პანდემიის გამო ქართულ და რუსულ დელეგაციებს შორის შეხვედრა წელს პირველი და ერთადერთი გახდა

თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის მონაწილეებმა შეაჯამეს მორიგი შეხვედრის შედეგები, რომელიც 10-11 დეკემბერს შედგა.

კორონავირუსის პანდემიის გამო ეს შეხვედრა წელს პირველი და ერთადერთი გახდა.

ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. შეხვედრებს ესწრებიან დელეგაციები საქართველოდან, რუსეთიდან, შეერთებული შტატებიდან, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები.

„უსაფრთხოების კუთხით ადგილზე არსებული მდგომარეობა შეფასდა, როგორც შედარებით მშვიდი და სტაბილური. მონაწილეებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი, მათ შორის, სიტუაცია ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ბოლოდროინდელი დაკავებები, უგზოუკვლოდ დაკარგულთა საკითხი და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საარსებო წყაროს ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა”, - ნათქვამია თანათავმჯდომარეების განცხადებაში.

მოლაპარაკებების ფასილიტატორებმა აღნიშნეს, რომ ამ რაუნდზე ყურადღება გამახვილდა ძალის გამოუყენებლობის საკითხს და COVID-19-ის გავლენას ჰუმანიტარულ სიტუაციაზე. თანათავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს მთელი რიგი პრობლემების ერთობლივად გადაჭრის მცდელობა და აღნიშნეს, რომ მონაწილეებმა იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემა მოლაპარკებების ამ ნაწილის ჩაშლის გამო ვერ განიხილეს.

აბაშიძისა და კარასინის პირისპირ შეხვედრა შეიძლება 2021 წლის პირველ კვარტალში გაიმართოს >>

თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს თავიანთი მოწოდება ყველა მონაწილის მიმართ, გააძლიერონ ნდობის აღსადგენად მცდელობები და უზრუნველყონ კონსტრუქციული თანამშრომლობა საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებთან.

თბილისის თვალსაზრისი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, რომელიც მოლაპარაკებებში საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს, დისკუსიის მძიმე ფონი აღნიშნა.

„მოლაპარაკებათა ფონი არსებული მდგომარეობის გამო საკმაოდ მძიმე იყო“, - განაცხადა დარსალიამ. მან განაცხადა, რომ „მთავარი თემა არის 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, რომლის დარღვევასაც რუსეთი კვლავ აგრძელებს და სამწუხაროდ, არც ერთ პუნქტზე არ არის ჯერჯერობით პროგრესი მიღწეული“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მხარეთა გამყოფ ზონაში საქართველოს მოქალაქეების დაკავება და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების საკითხი.

„სამწუხაროდ, ყველა წინა რაუნდის მსგავსად, როგორც კი საკითხი ეხება დევნილთა დაბრუნების თემას, რუსეთის დელეგაცია ტოვებს მოლაპარაკებათა პროცესს, ამჯერადაც იგივე ვითარება გვქონდა“, - განაცხადა დარსალიამ.

მოსკოვის თვალსაზრისი

„რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და მის მეზობლებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე არსებითი მუშაობის განახლების მნიშვნელობას. ამ დოკუმენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. მისი აქტუალობა განსაკუთრებით იზრდება აშშ-სა და ნატოს სამხედრო აქტივობის ზრდის გათვალისწინებით საქართველოსა და რეგიონში. სამწუხაროდ, საქართველოს დელეგაციამ კვლავ ვერ გამოავლინა კონსტრუქციული მიდგომა ამ საკითხის განხილვაში“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების კომენტარში.

ამასთან აღნიშნულია, რომ რუსეთმა მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება, დიალოგის გზით მოძებნონ საერთო შეხების წერტილები არსებულ მოლაპარაკებათა ფორმატში, მათ შორის ერგნეთსა და გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების“ ფარგლებში.

რუსულმა მხარემ იძულებით გადაადგილებულთა თემასთან დაკავშირებით საკუთარი მიდგომა განმარტა.

„რუსულმა მხარემ კვლავ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების საერთაშორისო, განსაკუთრებით გაეროს სისტემის, მოედნებზე დაშვების უზრუნველყოფის უალტერნატივობაზე ორივე „რესპუბლიკისთვის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემატიკის განხილვისას. ამ პრობლემის მოგვარება, საქართველოს უართან ერთად იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიური პოლიტიზირებული რეზოლუციის წინსვლაზე, ხელს შეუწყობს ამ საკითხების არსებითი განხილვის განბლოკვას მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებშიც“, - ნათქვამია რუსეთის უწყების განცხადებაში.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა ჟენევაში 2021 წლის 23-24 მარტს გაიმართება.

თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (188)

მთავარი თემები