უმუშევრობა საქართველოში – ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnikადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან არაერთი მოქალაქე უსამსახუროდ და შემოსავლის გარეშე დარჩა. საქართველოს მთავრობამ ნეგატიური შედეგების გადასალახად უკვე მეოთხე ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. უმუშევრობის დონე საქართველოში 2020 წლის მესამე კვარტალში 0,7%-ით გაიზარდა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, და 11,9% შეადგინა, აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ვებ-გვერდზე.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ უმუშევრობის დონე უახლოეს თვეებში კიდევ უფრო მოიმატებს.

ციფრებით გამოსახული უმუშევრობა

„საქსტატის“ მონაცემებით, უმუშევრობის დონე სოფლის ტიპის დასახლებებში ბევრად დაბალია ქალაქის ტიპის დასახლებებთან შედარებით – 2020 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქალაქებში უმუშევრობა 2,2%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა სოფლებში 0,8%-ით შემცირდა.

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
ლოკდაუნს ჩვენი ეკონომიკა ვერ გაუძლებს, წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს – იმნაძე

უმუშევრობის დონე, ტრადიციულად, უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში – 2020 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი მამაკაცებს შორის 2%-ით გაიზარდა, ქალებს შორის 0,8%-ით შემცირდა.

საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.

ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც მუშაობს ან ეძებს სამუშაოს. პირი უმუშევრად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ შეუსრულებია სამუშაო ანაზღაურების მიღების მიზნით, ბოლო ოთხი კვირა ეძებდა სამუშაოს და მზადაა უახლოეს ორ კვირაში დაიწყოს მუშაობა.

მოსახლეობის აქტიურობა

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს შრომისუნარიანი, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მაჩვენებელმა 2020 წლის მესამე კვარტალში 60,8% შეადგინა.

„აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია, შესაბამისად, 0.8 და 3.0 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 1.9 პროცენტული პუნქტით, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.3 პროცენტული პუნქტით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
პრემიერი უახლოეს წლებში სწრაფ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 49.5 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2020 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 50.9 პროცენტს, ხოლო კაცებში 72.2 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 3.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.3 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეთა დახმარება

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან საქართველოს არაერთი მოქალაქე სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩა. პანდემიის შედეგების შესარბილებლად მთავრობამ აპრილში დაამტკიცა ანტიკრიზისული გეგმა მოსახლეობისა და ბიზნესის დასახმარებლად.

მათ, ვინც პანდემიის პერიოდში მუდმივი სამუშაო დაკარგა, სახელმწიფო თვეში 200 ლარს უხდიდა. პროგრამა ექვს თვეზე იყო გათვლილი – მაისიდან ოქტომბრამდე.

თვითდასაქმებულებს ხელისუფლებამ ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება გადაურიცხა.

თბილისი - Sputnik საქართველო
სახელმწიფო სასტუმროების მეპატრონეებს სესხების დაფარვაში კიდევ ერთხელ დაეხმარება

თვითდასაქმებულ მოქალაქეთა შემთხვევაში ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების აღება შეეძლოთ პანდემიისგან დაზარალებულ ინდმეწარმეებს, მცირე ბიზნესის მეწარმეთა სტატუსის მქონე პირებს, რომელთაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებოდათ ეკონომიკური აქტივობა ან შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდან, ასევე მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირებს, რომლებმაც 2020 წლის 1 აპრილამდე მიიღეს სტატუსი და არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან.

ოქტომბრის მონაცემებით, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება (საერთო ჯამში 74 646 800 ლარი) გადაუხადეს 248 823 მოქალაქეს.

ხოლო 200-ლარიანი შემწეობა აიღო 161 905-მა ბენეფიციარმა (საერთო ჯამში 106 288 400 ლარი).

უმუშევრობა გაიზრდება

შრომის საკითხთა ექსპერტი მიხეილ კორძაია ფიქრობს, რომ ვითარება შრომის ბაზარზე მომავალში კიდევ გაუარესდება და უმუშევრობის დონე უახლოეს თვეებში უფრო გაიზრდება.

„ახლა ჩვენ შრომის ბაზარზე კრიტიკული სიტუაცია გვაქვს და ალბათ კიდევ უფრო გაუარესდება უახლოეს თვეებში... ასეთი ვითარება არა მხოლოდ საქართველოშია. მსოფლიოში ახლა სრული კატასტროფაა ბიზნესისთვის, ხოლო დასაქმებულების შესანარჩუნებლად ჯერ ბიზნესი თავად უნდა გადარჩეს“, – განუცხადა კორძაიამ „Sputnik-საქართველოს“.

ხელისუფლება დასაქმების პრობლემის მოსაგვარებლად სხვადასხვა ნაბიჯებს დგამს, რათა ბიზნესის განვითარებას შეუწყოს ხელი.

ბიზნესის ხელშეწყობის გასაძლიერებლად: რა ცვლილებები შევიდა „აწარმოე საქართველოში“>>

ქვეყანაში უმუშევრობის შესამცირებლად 2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა ცალკე უწყება – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. სააგენტო ასრულებს შუამავლის როლს სამუშაოს მაძიებლებსა და ბიზნესს შორის. ის აღრიცხავს მუშაობის მაძიებლებს, სწავლობს შრომის ბაზარს და ქვეყანაში შრომის ბაზრის საკითხებზე რეკომენდაციებს გასცემს.

ყველა ახალი ამბავი
0