სააკაშვილი და ივანიშვილი ერთმანეთთან გარიგებული არიან? მწვავე დებატების მორიგი რაუნდი

© Sputnik / Alexander Imedashviliწინასაარჩევნო კამპანია
წინასაარჩევნო კამპანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასაარჩევნო მარათონი  საქართველოში მალე დასრულდება - საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ კვირაზე ოდნავ მეტი რჩება

 

ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ პირველი არხზე მორიგ დებატებში მიიღო მონაწილეობა.

გადაცემა „დებატები 2020“-ში მონაწილეობდნენ:

– ირაკლი ჯამბურია („თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“)

– ირაკლი ყიფიანი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“)

– ირაკლი ქართველიშვილი („ახალი ქრისტიან-დემოკრატები“)

– ზურაბ ჭიაბერაშვილი („ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო“)

ეკონომიკური პროგრამა

„ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ ეკონომიკურ პროგრამაში საუბარია თავისუფალი ბაზრის პოტენციალის გამოყენებასა და ასევე, ე.წ. პროგრესულ გადასახადზე.

 „პანდემიამ საქართველოს ეკონომიკა დაანგრია, ვინაიდან ის დამოკიდებული იყო ტურიზმზე და ვალის ეკონომიკაზე. პანდემიის დროს მთელმა ქვეყანამ იზარალა, მარტო ბანკებმა მიიღეს მოგება. პროცენტის შემცირებაზე იყო საუბარი, ამის ნაცვლად კი მათ საპროცენტო განაკვეთი გაზარდეს. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ საბანკო ეკონომიკისგან, ვალის ეკონომიკისგან. ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს აქვს ვალი, თანაც ისეთი ვალი, რომელსაც ვერ იხდის. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც პენსიას ვერ იღებს ვალის გამო“, - განაცხადა ქართველიშვილმა.

პარტია „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ ეკონომიკურ პროგრამაში აქცენტი კეთდება ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და აღორძინებაზე.

 „საქართველოში 730 დასახელების მინერალური წყალია. მაგრამ არავის უფიქრია 730 ქარხნის აშენება, რომელშიც, თითოეულში, მინიმუმ 100 ადამიანი დასაქმდებოდა. ეს ნიშნავს 73 ათას სამუშაო ადგილს. ამდენივე ოჯახში შევიდოდა ხელფასი, ამდენივე იქნებოდა უზრუნველყოფილი ელემენტარული საარსებო წყაროთი. ამგვარად, ფული შემოვიდოდა ბიუჯეტში. ამის ნაცვლად, ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მინერალურ წყალს, რომლის თითებზე ჩამოთვლაც შეიძლება“, - განაცხადა ჯამბურიამ. 

წინასაარჩევნო პლაკატები - Sputnik საქართველო
„მწვანე“ ეკონომიკა, სპორტული ბავშვები და უარი ნატოზე: საინტერესო წინასაარჩევნო დებატები

პარტია „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პროგრამაში საუბარია გადასახადების შემცირებაზე, სოციალური დახმარების გაზრდასა და უმუშევრობის დონის შემცირებაზე.

 „გადასახადების შემცირების, ნაკლები რეგულაციის და ბიუროკრატიის პროგრამა, ინვესტიციების მოზიდვა არის გასაღები იმისა, რომ წარმოება ქვეყანაში განვითარდეს. ხოლო კონკრეტულად რომელი წარმოება, რომელი სფეროები განვითარდება - ამას გადაწყვეტს თავად მეწარმე, თავად ბიზნესი, თავად ხალხი. მთავრობის ამოცანაა - შექმნას საუკეთესო ბიზნესგარემო“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ პროგრამა ითვალისწინებს გადასახადების, კერძოდ, მოგების გადასახადის ეტაპობრივად გაუქმებას.

 „ჩვენ საქართველო უნდა ვაქციოთ შესაძლებლობების ქვეყნად, რათა საქართველოში წარმატებულ ადამიანს უნდოდეს ბიზნეს–საქმიანობის განხორციელება. ერთადერთი გამოსავალია - საქართველომ ინტენსიურად აითვისოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, მიღწეული ევროკავშირთან, მიღწეული ჩინეთთან და ვიმუშაოთ, რათა ახალი ხელშეკრულებები გაფორმდეს სხვა ქვეყნებთან. თუ საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, სადაც არ არსებობს საშემოსავლო და მოგების გადასახადი, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ განვითარებული ქვეყნების ინვესტორებისთვის ეს არის ადგილი, სადაც ისინი მოინდომებენ ბიზნესსაქმიანობის წარმოებას“, - განაცხადა ყიფიანმა.  

განათლება

პარტია „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პროგრამაში ძირითადი ყურადღება გამახვილებულია სასწავლო დაწესებულებების დეცენტრალიზაციის საკითხზე.

 „კერძო სკოლებში მოსწრება უკეთესია, ვიდრე საჯარო სკოლებში. საჯარო სკოლებიც უნდა გავხადოთ ისეთი, სადაც მოსწრების ხარისხი ამაღლდება. ამისათვის კი აუცილებელია, რომ სკოლა გახდეს მოსწავლის, რათა მოსწავლემ მიიღოს საუკეთესო განათლება. ამას ყველაზე უკეთ ემსახურება დეცენტრალიზაცია, მათ შორის, დერეგულაცია. ჩვენ უნდა გავზარდოთ სკოლის ვაუჩერი, მეტი ფული წავიდეს სკოლაში, რაც მოემსახურება მასწავლებლების ხელფასების ზრდას“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. 

სკოლა - Sputnik საქართველო
სკოლები კორონავირუსის პერიოდში – განათლების სამინისტრომ ახალი პროტოკოლი შეიმუშავა

საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ პროგრამა ითვალისწინებს განათლების სისტემის დაფინანსების გაორმაგებას და ვაუჩერულ სისტემაზე გადასვლას.

 „განათლებით უნდა დავამარცხოთ სიღარიბე. დღეს ქვეყანაში 70 ათასი მოსწავლეა დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში, რომელიც ვერ იღებს სრულფასოვან განათლებას. ეს პირდაპირ ნიშნავს ხვალინდელ ღარიბ საქართველოს. სწორედ დღეს ამ 70 ათას ბავშვს არ აქვს სრულფასოვანი განათლება, ეს არის ყველაზე დიდი რისკი, რატომაც საქართველოში შეიძლება იყოს სიღარიბე. სწორედ ამიტომ, გაერთიანებული ოპოზიციის პროგრამით, ჩვენ ვაორმაგებთ განათლების საბიუჯეტო დაფინანსებას და გადავდივართ ვაუჩერულ დაფინანსებაზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მშობელს ვაძლევთ 2 ათას ლარს და მას თავისი შვილი შეუძლია წაიყვანოს როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლაში. ჩვენი მიზანია - განათლების სისტემაში გავაჩინოთ კონკურენცია“, - განაცხადა ყიფიანმა.

განათლების დონისა და ხარისხის გაზრდა „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ პროგრამის ძირითადი ხედვაა.  

 „ბევრი ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც უნდა ისწავლოს, ჩააბაროს, განათლება მიიღოს და გამოადგეს თავის ქვეყანას, ვერ ღებულობს განათლებას უსახსრობის გამო. ქვეყანაში წარმატებულად ის ითვლება, რომელიც სკოლას დაამთავრებს, საზღვარგარეთ წავა, იქ მიიღებს განათლებას და ან ჩამოვა, ან არ ჩამოვა და იქ დარჩება. რეალურად საქართველო კარგავს ამ ახალგაზრდა ძალას, რომელმაც უნდა განავითაროს ეს ქვეყანა“, - განაცხადა ქართველიშვილმა.  

პარტიის „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ პროგრამაში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ხარისხიანი განათლება მოსახლეობის ყველა ფენისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

 „პირველ რიგში, სანამ ჩვენ განათლებაზე ვისაუბრებთ, ეკონომიკაა მოსაწესრიგებელი. თუ ეკონომიკურად არ გაძლიერდნენ ოჯახები, თუ არ შემცირდა სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა, როგორ ჩამოვიდნენ ეს ადამიანები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, სად მიიღონ განათლება? როგორ უნდა ისწავლონ, თუ საჭმლის ფული არ აქვთ? 30 წელიწადში რეფორმების შედეგად მივიღეთ ის, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა მდიდარი და ღარიბი, მდიდრები სწავლობენ, ღარიბები - ვერ სწავლობენ“, - განაცხადა ჯამბურიამ. 

კითხვა-პასუხი

დებატების მორიგ რაუნდში პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა გადაცემის წამყვანის კითხვებს უპასუხეს.

ჟურნალისტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ბლოკის წინასაარჩევნო პროგრამიდან ამონარიდი წაიკითხა: „ხელისუფლება მოქალაქის ცხოვრებაში არ იჭრება, ადამიანის თავისუფლებას, პირად ცხოვრებას, კანონის უზენაესობას და სამართლიანობას განუხრელად იცავს, კერძო საკუთრება დაცულია, თავისუფალი მეწარმე წნეხს არ განიცდის, ოჯახების უსაფრთხოება და სიმშვიდე უზრუნველყოფილია, ხელისუფლება გამაერთიანებელია და არა გამყოფი, დაპირისპირებისა და შუღლის გამღვივებელი.  თუ თქვენ ერთპარტიული ხელისუფლება გექნებათ და უმრავლესობაში იქნებით, რატომ უნდა დაგიჯეროთ, რომ ეს ყველაფერი შესრულდება – კითხვა დასვა დებატების წამყვანმა. 

მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
მწვავე დებატები საქართველოში: სიცრუეში დადანაშაულება და მოულოდნელი საჩუქრები

 „ჩვენ წარმოვადგენთ გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც შედგება სხვადასხვა პარტიული სუბიექტებისგან და მინდა აღვნიშნო, რომ ეს გაერთიანება გადაიქცა საზოგადოებრივ ერთობად და ამის მაგალითია რეფორმების გუნდი, რომელმაც შეიმუშავა ქვეყნის განვითარების გეგმა პარტიებთან ერთად. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს საზოგადოებრივი ერთობა, რომელიც პარტიული მრავალფეროვნების საფუძველს ქმნის პარლამენტში, არის გარანტი იმისა, რომ ეს რეფორმები განხორციელდება. სწორედ ეს მთავარი რეფორმა, რომელიც ეხება სასამართლო სისტემას, პროკურატურას, ეკონომიკურ რეფორმებს, არის გარანტია ჩვენი ქვეყნის წარმატების და ჩვენს ქვეყანაში მეტი შესაძლებლობის გაჩენის“, - განაცხადა ყიფიანმა.

მომდევნო კითხვის ადრესატი „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელი იყო. წამყვანი დაინტერესდა, რომელ პარტიებთან ითანამშრომლებენ ისინი იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში მოხვდებიან.

 „ჩვენ პარლამენტში ვითანამშრომლებთ სხვადასხვა პარტიასთან. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ იდეა ლიბერალურ და კონსერვატორულ ელემენტებზე დაფუძნებული იდეოლოგიაა. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, პარლამენტი ხომ პოლიტიკური მოლაპარაკებების მაგიდაა. დიალოგი შესაძლებელია ყველა პოლიტიკურ გუნდთან და ჯგუფთან“, - განაცხადა ქართველიშვილმა.

ვისთან გამორიცხავთ თანამშრომლობას ან გყავთ თუ არა უკვე პარტნიორები, ვისთანაც წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა? - ამ კითხვით მიმართა წამყვანმა პარტიის „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ ლიდერს.

 „პირველ რიგში, პატივი უნდა ვცეთ მოსახლეობას, რომელიც მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და შემდეგ ეს ცესკოში დაითვლება და გამოჩნდება გამარჯვებული ან დამარცხებული მხარე... ჩემი ოპონენტი წეღან ამტკიცებდა, რომ შევარდნაძე გადააგდეს. შევარდნაძე კი არ გადააგდეს, მან თავისი „მოქალაქეთა კავშირის“  ახალგაზრდულ ფრთას, „ნაციონალურ მოძრაობას“ გადააბარა ხელისუფლება. ასე არ იყო? შეიძლება გარიგებულიც არიან ერთმანეთთან (ბიძინა ივანიშვილთან, რედ.), არ გებადებათ ასეთი შეკითხვა? რატომ უპირისპირდებიან ყოველთვის წინასაარჩევნოდ ერთმანეთს, შემდეგ კი ჩახუტებული არიან პარლამენტში. საჯაროდ ერთმანეთს მტერს ეძახიან, შემდეგ კი ეხუტებიან. გატყუებენ, ჩემო კარგებო, გატყუებენ“, - განაცხადა ჯამბურიამ.

მორიგი კითხვა წამყვანმა ზურაბ ჭიაბერაშვილს დაუსვა: თუ „ევროპულ საქართველოს“ მთავრობის ერთპიროვნულად ჩამოყალიბების შესაძლებლობა ექნება, ამ შემთხვევაში ის მაინც გაუზიარებს ძალაუფლებას სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს?

 „ქვეყნის მოსახლეობის 75% ამბობს, რომ მომავალი მთავრობა იქნება კოალიციური. აქედან გამომდინარე, ჩვენი პრინციპული მიდგომაა ზუსტად ის, რომ დავეთანხმოთ ჩვენი მოქალაქეების უდიდეს ნაწილს. რა თქმა უნდა, პოლიტიკურმა პარტიებმა, „ქართული ოცნების“ და „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, უნდა გამონახონ საერთო ენა იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს პროფესიონალებისგან და პატიოსანი ადამიანებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, რომელიც მიიღებს ურთიერთშეთანხმებით ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სიკეთეს მოუტანს მოქალაქეებს და ამ ქვეყანას“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0