20:14 31 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (97)
61 0 0

რა სირთულებს შეიძლება გადააწყდეს ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო მისია, ამის თაობაზე ექსპერტები საუბრობენ.

ანტონ ლისიცინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, მთიან ყარაბაღში რუსი სამხედრო დამკვირვებლები უნდა იყვნენ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ამის შესახებ დაპირისპირებულმა მხარეებმა უნდა მიიღონო.  

პასუხი არ მოგვისმენია

„ცისფერ ჩაფხუტებზე“ უპირველესად აზერბაიჯანი და სომხეთი უნდა შეთანხმდნენ. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ „ნებისმიერი მშვიდობისმყოფლებისა თუ დამკვირვებლების ნებისმიერი განთავსება მხოლოდ ორივე მხარის თანხმობითაა შესაძლებელი“. და იქვე დაამატა, რომ „ჯერჯერობით ამაზე პასუხი არ გამოთქმულა“.

მანამდე, ერთი დღით ადრე, 14 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ინტერვიუ მისცა თურქულ ტელეარხ Haber Turk-ს და თქვა: „თუ რომელიმე მხარე ვეტოს დაადებს — ეს შეუძლებელი იქნება. მეორე მომენტი: ყველამ უნდა გაიგოს, რომ საუბარია სუვერენულ აზერბაიჯანულ ტერიტორიაზე. ჩვენი თანხმობის გარეშე ვერავინ ვერავის გამოგზავნის. ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაა“.

აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, დამკვირვებლების შეყვანა მშვიდობიანი დარეგულირების საბაზო პრინციპებითაა გათვალისწინებული. „მაგრამ ეს ყველაზე ბოლო პუნქტია. საკითხი ჯერჯერობით განხილვის სტადიაშია, ვინაიდან სერიოზული ძვრები არ არის“, — დააზუსტა ალიევმა.

მას აუცილებლად მიაჩნია თურქეთის ჩართვა მოლაპარაკებებში და ეჭვი ეპარება ეუთოს მინსკის ჯგუფის ეფექტურობაში, რომელიც ყარაბაღის საკითხით 1992 წლიდანაა დაკავებული. მისი თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, საფრანგეთი და აშშ, ხოლო წევრები — სომხეთისა და აზერბაიჯანის გარდა — ბელორუსია, გერმანია, იტალია, შვედეთი, ფინეთი და თურქეთი.

„ამ ჯგუფში არიან ქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ რეგიონში გასასვლელი და არ გააჩნიათ არანაირი გავლენა. თუ კონფლიქტის გადაჭრა გვინდა, საჭიროა სახელმწიფოები, რომლებსაც რეალური შერიგებისთვის სამსახურის გაწევა შეუძლიათ. რაღა თქმა უნდა, ამ როლში ჩვენ თურქეთს ვხედავთ“, — განაცხადა ალიევმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კი აღნიშნა, რომ რუსი სამშვიდობოების ვარიანტის განხილვა ღირს. „მაგრამ ასეთი საკითხები უფრო ფართო კონტექსტში უნდა იქნეს განხილული ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში“, — თქვა სომხეთის ლიდერმა Al Jazeera-სთან საუბრისას.

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა სტანისავ ზასმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორგანიზაციის საბჭომ ნიკოლ ფაშინიანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზოგრაბ მნაცაკანიანის მიმართვა მიიღო მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

„მიმდინარეობს რეგიონში მშვიდობისმყოფლობის აქტიური განხილვა. ჩვენ მივესალმებით ეუთოს მინსკის ჯგუფში შემავალი ქვეყნების მონაწილეობას მხოლოდ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში“, — დააზუსტა ზასმა.

9 ოქტომბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი, სერგეი ლავროვის შუამდგომლობით, მოსკოვში დროებით შერიგებაზე შეთანხმდნენ. ცეცხლი მომდევნო დღის შუადღით უნდა შეწყვეტილიყო, მაგრამ საომარი მოქმედებები განახლდა.

უფსკრული თვალსაზრისებს შორის

კავკასიათმცოდნე, პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი არტურ ატაევი სამშვიდობოებისთვის მოსალოდნელ სირთულეებზე საუბრობს.

„რეგიონი გეოგრაფიულად რთულია. ჯერჯერობით გაურკვეველია, სად უნდა გაიაროს შეხების ხაზმა. ერთ მხარეს მიაჩნია, რომ მთიანი ყარაბაღი და მიმდებარე შვიდი რაიონი [არაღიარებულ] მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას ეკუთვნის, სხვებისთვის კი თავად ყარაბაღიცა და გარშემო მიწებიც — ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა. ამ თვალსაზრისებს შორის უფსკრულია“, — ამბობს ექსპერტი.

პოლიტოლოგის თქმით, სანამ საომარი მოქმედებები გრძელდება, სამშვიდობო მისიის სერიოზული განხილვებისთვის ობიექტური წინაპირობები არ არსებობს. „აი, ახალი ესკალაციისთვის კი არსებობს. აშკარაა, კონფლიქტის ზონაში პარამილიტარული ფორმირებების წევრები მოქმედებენ, რომლებიც მზად არიან ჩაშალონ ნებისმიერი შეთანხმება. იმის შესახებ, რომ კავკასიაში ახლო აღმოსავლეთიდან ბოევიკები არიან გადასროლილი, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა ახსენა. ისე უბრალოდ კი მსგავს განცხადებებს არ აკეთებენ“, — ხაზს უსვამს ატაევი.

ერთი მხრივ, რუსეთს კავკასიაში სამშვიდობო ძალების განთავსების გამოცდილება აქვს — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სადაც 68 რუსი ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა. ასე რომ, მოსკოვში ძალიან გამოწვლილვით აწონიან ყველა პლუსსა და მინუსს, როდესაც პასუხის გაცემას დააპირებენ კითხვაზე: „ღირს კი კონტინგენტის შეყვანა მორიგ ცხელ წერტილში?“ – ამბობს ატაევი.

1980-იან და 90-იანების დასაწყისში კონფლიქტის მონაწილე მხარეებს რეგიონში საბჭოთა არმიისა და სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ნაწილები აშორიშორებდნენ. მაგრამ მშვიდობისმყოფლებლად მათ ყველა ვერ აღიქვამდა — სომხებიცა და აზერბაიჯანელებიც სამხედროებს მოწინააღმდეგის დახმარებას საყვედურობდნენ.

სტეფანაკერტიდან უკანასკნელი ნაწილები 1992 წლის გაზაფხულზე გავიდნენ, მხარეები ფაქტობრივად ომობდნენ, ამიტომ უკვე არარსებული ქვეყნის არმიის ქვედანაყოფების გასაყვანად საჯარისო ოპერაცია ჩატარდა.

„პოლიტიკოსები ორივე მხრიდან ისწრაფვოდნენ არა მშვიდობის, არამედ ხელისუფლებისკენ. მაშინ ომის ტალღაზე სათავეში ნაციონალისტები მოვიდნენ. ერთადერთი, რაც მათ სურდათ — ეს იყო გამარჯვება თავიანთი პირობებით. მეტი არაფერი. შინაგანმა ჯარებმა, ყოფილი საბჭოთა არმიის ქვედანაყოფებმა ყარაბაღი დატოვეს და ყველაფერი ჩამოიშალა. უკვე აღარავინ ცდილობდა დაპირისპირებულების დაშორიშორებას. კავკასიის სამხედრო ოლქის ქონების გაყოფის შემდეგ მხარეებმა იარაღი და საბრძოლო ტექნიკა მიიღეს და ფართომასშტაბიანი ომი გაჩაღდა“, — ამბობს ყარაბაღის ომის ვეტერანი სერგეი შატკო.

შინაგანი სამსახურის გენერალ-მაიორი ვლადიმირ ვოროჟცოვი 1990-იანების დასაწყისში სამსახურებრივი მივლინებებით იმყოფებოდა ხოლმე კავკასიაში. ახლა ის მწარე ირონიით იხსენებს, რომ მისი კოლეგები ხან „სომხეთის გმირებად“ იწოდებოდნენ და ხანაც „აზერბაიჯანის გმირებად“ — გააჩნია, სად ასრულებდნენ დავალებას.

„ისეც ხდებოდა, რომ სომხურ თუ აზერბაიჯანულ ტერიტორიაზე ყოფნისას ისინი ისე იმსჭვალებოდნენ ადგილობრივების განწყობით, რომ თავს ლამის კონფლიქტის მხარედ მიიჩნევდნენ. აქედანაც მოდის ბრალდებები, რომ საბჭოთა არმია ამას თუ იმას უჭერდა მხარს. თუმცა ჯარისკაცები ძირითადად მშვიდობიან მოსახლეობას იცავდნენ. ზოგმა თავიც კი გაწირა ამისთვის“, — ამბობს ვოროჟცოვი.

გენერალ-მაიორის თქმით, რუსეთს გამოცდილებაც აქვს და კადრებიც ჰყავს სამშვიდობო მისიისთვის. თუმცა ვინ უნდა გახდეს მშვიდობისმყოფელი — ამის მთავარი პირობა დაპირისპირებული მხარეების თანხმობაა. ეს კი წმინდა პოლიტიკური საკთხია. კონტინგენტის შეყვანას აზრი აქვს მაშინ, როდესაც მისი ამოცანები ნათელია. ეს ბაქოშიც ესმით, ერევანშიცა და მოსკოვშიც.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (97)

მთავარი თემები