თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. მოსკოვს მიაჩნია, რომ მთიან ყარაბაღში რუსი დამკვირვებლები უნდა იყვნენ, მაგრამ ბოლო სიტყვა კონფლიქტის მონაწილეებზეა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, ყარაბაღში პოლიტიკური დარეგულირება შეთანხმების განხორციელების პარალელურად უნდა ხდებოდეს.
„წინადადებები, რომლებსაც თანათავმჯდომარეები ამუშავებდნენ და განაგრძობენ დამუშავებას, მოლაპარაკებათა მაგიდაზე რჩება. მათი შინაარსი უკვე ცნობილია. ეს ყარაბაღის გარშემო რაიონების ეტაპობრივი, თანდათანობით გათავისუფლებაა ყარაბაღის უსაფრთხოების გარანტიის დაცვით — მანამ, სანამ ყარაბაღის საბოლოო სტატუსი განისაზღვრება, და ასევე სომხეთსა და ყარაბაღს შორის საიმედო კავშირით“, — განაცხადა ლავროვმა რუსი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები. მსხვერპლი არის ორივე მხარეს.
მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.
9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ წყდება, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.