00:39 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
506 0 0

ატომური სუბმარინები, მძლავრი რადიოლოკაციური სადგურები, მასშტაბური სწავლებები და დაზვერვითი მისიები ― ნატო სულ უფრო აქტიურობს ევროპის ჩრდილოეთში.

ნიკოლაი პროტოპოპოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით, ალიანსი მიზანმიმართულად ამრავლებს ნორვეგიაში სამხედრო კონტინგენტს ― სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, „რუსული საფრთხის“ მიზეზით. გახდება თუ არა სკანდინავიური სამეფო ალიანსისთვის მეორე პოლონეთი?

არაჯანსაღი აქტიურობა

ნორვეგიაში სამხედრო კონტინგენტის გაძლიერების აუცილებლობის თაობაზე საუბრებიდან ნატო საქმეზე გადადის. შესამჩნევად გახშირდა ალიანსის ხომალდების სწავლებები ნორვეგიის ფლოტის ჩართულობით ნორვეგიისა და ბარენცის ზღვებში. რეგიონში ფართოვდება ბლოკის დაზვერვითი მისიების მასშტაბები ― რუსეთის საზღვრების ახლოს, არქტიკაში ნორვეგიის სამხედრო-საზღვაო ძალების დაზვერვითი ხომალდები მუშაობენ. ხოლო ნორვეგიული ბაზებიდან პატრულირებაზე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების Poseidon-ები დაფრინავენ. ოსლომ და ვაშინგტონმა ქვეყანაში საზღვაო ქვეითთა ქვედანაყოფების დისლოკაციის შესახებ შეთანხმება გაახანგრძლივეს და გააორმაგეს მათი რაოდენობა.

2018 წელს ნორვეგიაში ნატოს უმსხვილესი სწავლება Trident Juncture გაიმართა. დაახლოებით 50 ათასი სამხედრო მოსამსახურე ამუშავებდა კოლექტიურ თავდაცვას პირობითი მოწინააღმდეგის თავდასხმის პირობებში. მანევრებზე ალიანსმა 65 საბრძოლო ხომალდი გამოიყვანა, მათ შორის ამერიკული ავიამზიდი „ჰარი ტრუმენი“, რომელიც პირველად შევიდა ნორვეგიის ზღვაში ცივი ომის შემდეგ.

ჩრდილოეთ ნორვეგიაში ნატო სარაკეტო თავდასხმის გაფრთხილების რადიოლოკაციურ სადგურ „გლობუს-3“-ს აგებს. მშენებლობა დუღს კუნძულ ვარიოზე ― რუსეთიდან სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრში. ახალი რადიოლოკაციური სადგურის დახმარებით ნატოელები შეძლებენ დაინახონ რუსული სარაკეტო იარაღის გამოცდები, თვალი ადევნონ ჩრდილოეთის ფლოტის ხომალდების გადაადგილებას და ასევე „პირობითი მოწინააღმდეგის“ შიდა რაიონებს. ასევე მიმდინარეობს ბარდუფოსის, ევენესის, ბანაკის, ერლანისა და რიუგეს სამხედრო აეროდრომების მოდერნიზება, ხოლო გროტსუნდის საპორტო ტერმინალი ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავების მისაღებად აღიჭურვება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ ნატოს მოქმედებები ევროპის ჩრდილოეთში ხელს უწყობს არქტიკის მილიტარიზაციას. განსაკუთრებულ შფოთვას იწვევს ალიანსის დაზვერვითი ფრენები. უკვე დიდი ხანია, ჩვეულებრივად იქცა თავდაცვის სამინისტროს ცნობები საზღვართან ამერიკული მზვერავი თვითმფრინავების გამოჩენის შესახებ. სამხედრო-კოსმოსური ძალების გამანადგურებლებს ყოველ ჯერზე უწევთ აფრენა და მათი გაძევება შიდა საჰაერო სივრციდან.

მაგალითად, ერთი კვირის წინ МиГ-31-მა თვითმფრინავი „პოსეიდონი“ ჩაიჭირა საზღვართან სახიფათო სიახლოვეს. ხოლო 4 აგვისტოს საჰაერო სივრცის კონტროლის საშუალებებმა ბარენცის ზღვის თავზე ნორვეგიული რადიოტექნიკური დაზვერვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავი Falcon 20 დააფიქსირეს. ისიც სამხედრო-კოსმოსური ძალების გამანადგურებლების დახმარებით გააძევეს.

ნატოს ჩრდილოეთი პლაცდარმი

სამხედრო მეცნიერებათა დოქტორმა კონსტანტინ სივკოვმა РИА Новости-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოსლოში ნატოს ღონისძიებებისგან დისტანცირებას ცდილობენ, მაგრამ ამის გაკეთება სულ უფრო ჭირს.

„ქვეყნის ხელმძღვანელობის შეცვლის შემთხვევაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მათ შორის, ამერიკული სამხედრო ბაზებიც გაჩნდეს. ნორვეგიამ უკვე განათავსა ამერიკული სამხედრო კონტინგენტი სწავლებებისთვის, იღებს აშშ-ის წყალქვეშა ნავებს თავის ბაზებზე. მილიტარიზაციისკენ კურსი ხილულია. როგორ შეიცვლება ვითარება – უცნობია. მაგრამ ნათელია, რომ სამხედრო და პოლიტიკური დაძაბულობის ზრდის კვალდაკვალ ოსლო ვაშინგტონს დაუთმობს. მათ შორის იმიტომაც, რომ არქტიკისთვის მოსალოდნელი სასტიკი ბრძოლის ფონზე ნორვეგიელებს ამერიკელების იმედი აქვთ“, ― ამბობს ექსპერტი.

ვითარების ხელოვნურად დაძაბვასა და გარეშე მტრის ძიებაზე მეტყველებს ნორვეგიის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელ მარტენ ჰაგ ლუნდეს გამონათქვამებიც, რომელსაც მიაჩნია, რომ სამეფოსთვის მთავარი მტრები ― რუსეთი და ჩინეთია. განსაკუთრებულ შფოთვას იწვევს შორი მოქმედების ახალი რუსული რაკეტები. ლუნდე კოლის ნახევარკუნძულსა და ბარენცის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ბაზების განმტკიცებას, ჩრდილოეთის ფლოტის სწავლებებს, შეიარაღების მოწინავე სისტემებს დაეყრდნო. მისი აზრით, საფრთხე ასევე მომდინარეობს საკონტინენტთაშორისო სარაკეტო კომპლექსი „სარმატიდან“ და ჰიპერბგერითი „ავანგარდიდან“ და „კინჟალიდან“.

მოსახლეობას აშინებენ „რუსული საფრთხით“, მათ შორის, ტელევიზიით, აღნიშნავს სამხედრო ექსპერტი არტემ კურეევი.

„ნორვეგიული პოლიტიკური ისტებლიშმენტი მიდრეკილია დაინახოს რუსეთში სახიფათო მეზობელი, ფაქტობრივად, პოტენციური მოწინააღმდეგე. ადგილობრივი სერიალის „ოკუპაციის“ ორი სეზონი, რომელშიც ასახულია ქვეყნის დაპყრობა რუსეთის ჩუმი მხარდაჭერით, ასევე არის ამის მაჩვენებელი“, ― ამბობს კურეევი.

მისი თქმით, ცივი ომის დამთავრების შემდეგ ჩრდილოურმა მონარქიამ თავისი საკმაოდ დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება დაიწყო რუსულ ჩრდილოეთში. ნორვეგიული სპეცსამსახურები ყურადღებით აკვირდებოდნენ ჩრდილოეთის ფლოტის მდგომარეობას და მხარსაც კი უჭერდნენ რეგიონის მცირე ხალხების სეპარატიზმს, რომლებმაც „პომორის კარტის“ გათამაშება სცადეს და ცალკე „პომორის სუბეთნოსის“ შესახებ განაცხადეს, რომელიც „რუსული იმპერიალიზმისგან“ დაზარალდა.

ორ სკამზე ჯდომა

უნდა აღინიშნოს, რომ ნორვეგია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სათავეებთან იდგა და ბლოკში 1949 წელს შევიდა, მაგრამ ისტორიულად საკმაოდ ფრთხილი პოზიციის დაკავებას ცდილობდა, რათა ზედმეტად არ გაემწვავებინა ურთიერთობა საბჭოთა კავშირთან. ასე თქვა ოსლომ უარი უცხოური სამხედრო ბაზების მშენებლობაზე მშვიდობიან დროს და ასევე ატომური იარაღისა და საშუალო სიშორის რაკეტების განთავსებაზე ქვეყანაში. ცალკე შეთანხმების საფუძველზე ნორვეგიაში მხოლოდ რამდენიმე ასეული ამერიკელი საზღვაო ქვეითი განთავსდა.

მაგრამ გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ სკანდინავიურ ქვეყანას ნატოსთვის ყოველთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. უშუალო სიახლოვეს ერთადერთი გზა გადის, რომლის მეშვეობითაც ატლანტის ოკეანეში ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი რუსულ წყალქვეშა ნავებს შეეძლოთ გასვლა. გარდა ამისა, ნორვეგია საკვანძო ელემენტია ალიანსის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა NADGE-ში (NATO Air Defence Ground Environment). აქედან იწყებოდა რადიოლოკაციური სადგურების ბარიერი, რომელიც მთელ ევროპაზეა გადაჭიმული თურქეთამდე.

ფიორდების ქვეყანა უკვე დიდი ხანია აშშ-ის ატომური სუბმარინების საიმედო ნავსაყუდელია, რომლებიც ჩრდილოეთ ატლანტიკაში პატრულირებენ. აქ მოწყობილია აეროდრომები, რომლებზეც ნატოს „მფრინავი რადარები“ AWACS და მზვერავი თვითმფრინავებია ბაზირებული. არსებობს საავიაციო ბაზები ნატოს ტექნიკის მისაღებად, მძიმე შეიარაღების უამრავი საწყობი და მზა ინფრასტრუქტურა მოკავშირეთა ძალების განთავსებისთვის აუცილებლობის შემთხვევაში.

„მაგრამ იმის თქმა, რომ ნორვეგია მეორე პოლონეთი გახდება, არ შეიძლება ― ოსლოს თავისი თავდაცვის დოქტრინა აქვს. მოსახლეობამ შეიძლება ნეგატიურად აღიქვას ამერიკელი სამხედროების განთავსება ქვეყანაში, და აქ ყველაზე შემაშინებელი სერიალები ვერაფერს უშველის. ელექტორატი ამას ისე შეაფასებს, რომ ქვეყანას საკუთარი ძალებით თავდაცვის უნარი არ აქვს, რაც ხელისუფლებას არ აწყობს“, ― აღნიშნავს ექსპერტი.

და მაინც, РИА Новости-ს მიერ  გამოკითხული ანალიტიკოსების უმეტესობა დარწმუნებულია: უახლოეს წლებში ამერიკელები სულ უფრო მოუხშირებენ სკანდინავიის ჩრდილოეთში ყოფნას. თანაც, არა მშვიდობიანი მიზნებით.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

მთავარი თემები