08:23 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (783)
193 0 0

Fitch არ ელოდება, რომ არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად დააზარალებს საქართველოს არსებულ ვალდებულებებს საგადასახადო-საბიუჯეტო და ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში

საერთაშორისო რეიტინგული სააგენტო Fitch Ratings 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის შემცირებას 4,8%-ით ვარაუდობს, მაშინ როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) მიიჩნევს, რომ ეკონომიკა 5%-ით დაეცემა.

გუშინ Fitch Ratings-მა დაადასტურა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში BB დონეზე. პროგნოზი - ნეგატიურია, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

რატომ ეცემა საქართველოს ეკონომიკა

Fitch მიიჩნევს, რომ საქართველოს სახმელეთო და საჰაერო საზღვრების დაკეტვა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მის ტურისტულ სექტორზე, რომელზეც მშპ-ს 11,6% მოდის.

„ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენა მოსალოდნელი 2021 წელს, მაგრამ 2022 წლისთვის ეს მაჩვენებლები სავარაუდოდ ვერ დაუბრუნდება 2019 წლის დონეს. ტურიზმის სექტორი კვლავ მოწყვლადია რეგიონალური ეკონომიკური ცვლილებების მიმართ, რადგან რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი ტურიზმის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროს წარმოადგენს", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

Fitch– ის ექსპერტების აზრით, შემაკავებელი ზომების თანდათანობით შემცირებამ გამოიწვია ეკონომიკური საქმიანობის მცირედი განახლება. ბოლო ეროვნული შეფასებები აჩვენებს, რომ წლიური ეკონომიკური ვარდნა აპრილში 16,6%-იანი მკვეთრი ვარდნის შემდეგ ივნისში 7.7% -მდე შემცირდა.

საქართველოს ეკონომიკა: ვინ ლიდერობს მშპ–ის სტრუქტურაში
© Sputnik / Konstantin Ivanov
საქართველოს ეკონომიკა: ვინ ლიდერობს მშპ–ის სტრუქტურაში

Fitch ელოდება შიდა მოთხოვნის ზრდას წლის მეორე ნახევარში, რაც ძირითადად გამოწვეულია სახელმწიფო სექტორის კაპიტალის ხარჯების ზრდით. შინაური მეურნეობების მიერ მოხმარება შრომის ბაზრის სუსტი დინამიკის გამო შემცირდება. მაშინ როდესაც სუსტი საგარეო მოთხოვნა უფრო მეტად უარყოფით გავლენას მოახდენს ვაჭრობაზე, ვიდრე იმპორტის შემცირება.

თუმცა უკვე 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკის ზრდა 4,5%-ის დონეზეა მოსალოდნელი, მიაჩნიათ Fitch-ში.

რა მოქმედებს საქართველოს რეიტინგებზე

საქართველოს რეიტინგებს ინარჩუნებს ისეთი ძლიერი სტრუქტურული მაჩვენებლები, როგორიცაა კორპორატიული მმართველობა და ბიზნეს-გარემო. თანმიმდევრულმა და საიმედო პოლიტიკურმა სტრუქტურამ განამტკიცა საქართველოს მდგრადობა გასული რყევების მიმართ.

თუმცა, Fitch-ის თვალსაზრისით, დადებით მომენტებს აბალანსებს უცხოურ ვალუტაში გამოსახული სახელმწიფო ვალის მაღალი წილი, დაბალი საგარეო ლიკვიდურობა და უფრო მაღალი მოთხოვნები საგარეო დაფინანსების მიმართ ანალოგიურ კომპანიებთან შედარებით.

„უარყოფითი" პროგნოზი ასახავს კოროვირუსული პანდემიის მნიშვნელოვან გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე. პანდემია იწვევს მსხვილი ტურისტული სექტორის მქონე საქართველოს მცირე ღია ეკონომიკის მკვეთრ შემცირებას და რისკების ზრდას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს უფრო მაღალ საგარეო ვალთან და მიმდინარე ანგარიშის უფრო ფართო სტრუქტურულ დეფიციტთან BB კატეგორიის ანალოგების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

არჩევნების ზეგავლენა საქართველოს კრედიტუნარიანობაზე

Fitch-ის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური გაურკვევლობა დამდეგი საპარლამენტო არჩევნების წინ საკმაოდ მაღალი რჩება.

„ივნისში პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება, რომლებიც კენჭისყრის მეტად პროპორციულ სისტემას ისახავს მიზნად, პარლამენტში მცირე პოლიტიკური პარტიებს ადგილებს უხსნის“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

Fitch არ ელოდება, რომ არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად დააზარალებს არსებულ ვალდებულებებს საგადასახადო-საბიუჯეტო, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში. პოლიტიკურ პარტიებს შორის კვლავ არსებობს საერთო კონსენსუსი იმ პოლიტიკური ჩარჩოების მიმართ, რომელიც ევროკავშირში შესვლის მისწრაფებას უჭერს მხარს. ამას ადასტურებს საქართველოს თანამშრომლობის გამოცდილება და ძლიერი მხარდაჭერა ოფიციალური კრედიტორების მხრიდან.

მთავრობაში შეფასებით კმაყოფილები არიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის შეფასებით, Fitch-ის განცხადება ნათლად ასახავს სააგენტოს პოზიტიურ დამოკიდებულებას საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნეს გარემოს, ინსტიტუციებისა და მმართველობის მიმართ.

„სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება მნიშვნელოვანი დადებითი ფაქტორია, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს საერთაშორისო ორგანიზაციების ნდობას საქართველოს მიმართ და ქვეყნის ბიზნეს-გარემოზე დადებით გავლენას ახდენს“, - განუცხადა მიქაბაძემ ჟურნალისტებს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა, რომ გლობალური პრობლემების გამო საკრედიტო რეიტინგების შემცირება იყო მოსალოდნელი.

ახალი კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ ბიზნეს-ასოციაციაში შეაფასეს >>

„თუმცა საკრედიტო კომპანია „Fitch“-მა შეაფასა საქართველოს ეკონომიკა და შეუნარჩუნა საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე. ესაა მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ, დაახლოებით, ერთი წლის წინ მივიღეთ და ეს მაჩვენებელი დღეს შეგვინარჩუნდა“, - განაცხადა გაგუამ.

მისი თქმით, ეს არის დამატებითი სიგნალი ინვესტორებისთვის, კონკრეტულად, ანგარიშის ის ნაწილი, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველოში მაკროეკონომიკური მმართველობა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა მაღალ დონეზე რჩება.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (783)

მთავარი თემები