„რუსთავი რომ მეორე ბეირუთი არ გახდეს“ – ქარხნის ყოფილი თანამშრომელი რისკების შესახებ

© REUTERS / MOHAMED AZAKIRაფეთქება ბეირუთში
აფეთქება ბეირუთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ ტრაგედია ლიბანში 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რუსთავის ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე შეიძლება ამაზე რამდენჯერმე მეტი პროდუქცია ინახებოდეს, აღნიშნა ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ყველა ქვეყანამ, რომელიც ამონიუმის ნიტრატს აწარმოებს, მათ შორის საქართველომ, უნდა გადახედოს უსაფრთხოების პროტოკოლებსა და სამოქალაქო თავდაცვის საკუთარ სტრატეგიას, განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში ქიმიური ქარხანა „რუსთავის აზოტის“ ყოფილმა თანამშრომელმა, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშათა პროფკავშირების პრეზიდენტმა თამაზ დოლაბერიძემ.

„რუსთავის აზოტი“ აზოტის სასუქის უმსხვილესი მწარმოებელია. საწარმოს პროდუქციის რეალიზება ხდება როგორც ქართულ ბაზარზე, ისე საზღვარგარეთ. ქარხანა, რომელიც მინერალური სასუქის გამოშვებაზეა სპეციალიზებული, ერთადერთია კავკასიის რეგიონში, რომელიც ამონიუმის ნიტრატს აწარმოებს.

ძლიერმა აფეთქებამ ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია - Sputnik საქართველო
შემზარავი სურათები ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების ადგილიდან – ფოტო

„ეს ტრაგედია – აფეთქება ლიბანში ყველასთვის სამაგალითო უნდა გახდეს. საერთოდ, უბედური შემთხვევა მაშინ ხდება, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდები. ყველა ქვეყანამ, სადაც ასეთი პროდუქცია იწარმოება – საქართველო, რუსეთი, ჩინეთი, ბელარუსი – უნდა გააძლიერონ უსაფრთხოების პროტოკოლი და სპეციალური წესები უნდა შემოიღონ ამონიუმის ნიტრატის შენახვის, გადაზიდვისა და დასაწყობების პროცესისთვის“, – განაცხადა დოლაბერიძემ.

მისი თქმით, რუსთავის ქიმიური ქარხანა აწარმოებს სწორედ იმ პროდუქციას, რომელმაც ბეირუთში აფეთქება გამოიწვია.

„დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ საწარმოებში დასაქმებულების გარკვეულმა ნაწილმა არც კი იცის, რომ ამონიუმის ნიტრატი ასაფეთქებელი ნივთიერებაა. ყოველ შემთხვევაში, „რუსთავის აზოტში“ 16 წელი ვიმუშავე და კოლექტივში არ იციან, რომ საქმე საშიშ ასაფეთქებელ ნივთიერებასთან აქვთ. რა თქმა უნდა, ამონიუმიუს ნიტრატი ადვილად არ ფეთქდება, მაგალითად, ასანთის გაკვრით, ამისთვის დეტონაციაა საჭირო, მაგრამ აფეთქების დროს მას დამანგრეველი ეფექტი აქვს“, – განმარტა დოლაბერიძემ.

წარმოება რუსთავში

როგორც დოლაბერიძემ აღნიშნა, „რუსთავის აზოტს“ ამონიუმის ნიტრატი (ამონიუმის გვარჯილა) მსოფლიოს ათობით ქვეყანაში გააქვს. პროდუქცია პოლიეთილენის ტომრებში 50 და 500 კილოგრამად იფუთება და ის რკინიგზით ბათუმამდე ჩააქვთ.

რიყის პარკი - Sputnik საქართველო
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ბეირუთში აფეთქების საქართველოსთან დაკავშირება უსაფუძვლოა

წლის განმავლობაში არის პერიოდები, როდესაც მოთხოვნა პროდუქციაზე მცირდება, მაგრამ მომავალი სეზონის აუცილებელი მარაგისთვის ქარხანა გამოშვებულ ამონიუმის ნიტრატს თავის ტერიტორიაზე სპეციალურად ორგანიზებულ ფართობზე ინახავს.

პროდუქციას პირამიდის ფორმით რამდენიმე სართულად აწყობენ და მისი რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე ის, რაც ბეირუთის პორტში ინახებოდა. დოლაბერიძის განმარტებით, თუ ტრაგედია ლიბანში 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რუსთავის ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე შეიძლება ამაზე რამდენჯერმე მეტი პროდუქცია ინახებოდეს.

ამას გარდა, ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულია სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების საცავები, მათ შორის ზოგიერთი ნივთიერება ფეთქებადსაშიშია, ზოგი – მხუთავი, ზოგი აგრესიული გამხსნელია და ზოგიც – ტოქსიკური.

დოლაბერიძე აცხადებს, რომ ასეთივე, ან შედარებით ნაკლები სიმძლავრის ამონიუმის ნიტრატის აფეთქების შემთხვევაში აუცილებლად შეეხება ეს სხვა ნივთიერებების საცავებსაც, რაც წარმოუდგენელი მასშტაბის ტრაგედიამდე მიგვიყვანს როგორც ადამიანების სიცოცხლის მხრივ, ისე დასახლებული პუქტებისა და გარემოს თვალსაზრისით.

„რუსთავის აზოტი“ – ბეირუთში აფეთქებასთან კავშირის შესახებ

ბეირუთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ აფეთქების მიზეზი საქართველოდან, კერძოდ, რუსთავიდან 2013 წელს იმპორტირებული ამონიუმის ნიტრატი გახდა. თავად დოლაბერიძე ეჭვით უყურებს ამგვარ განცხადებას და მიიჩნევს, რომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, საიდან შეიტანეს პროდუქცია ბეირუთში.

აფეთქება ბეირუთში - Sputnik საქართველო
არის თუ არა ბეირუთში მომხდარი აფეთქების მიზეზი ქართული ტვირთი – „რუსთავის აზოტის“ პასუხი

„მხოლოდ ბეირუთის პორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების შეცდომის გამო მოხდა ძალიან დიდი უბედურება“, – აღნიშნა მან.

მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა ქიმიური ქარხნის ხელმძღვანელობამაც და აღნიშნა, რომ არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამონიუმის ნიტრატი, რომელიც ბეირუთის პორტში აფეთქდა, ქართული წარმოებისაა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსთავის აზოტი“ ქვეყნის ერთ-ერთი დიდი ექსპორტიორია და მსოფლიოში ამონიუმის ნიტრატის 1%-ს აწარმოებს, იცავს საერთაშორისო სტანდარტებს არა მხოლოდ წარმოების, არამედ შენახვის დროსაც.

კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ პორტში ექვსი წლის განმავლობაში ასეთი პროდუქციის შენახვა უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევაა, რადგანაც წარმოების შემდეგ ექვს თვეში იგი საჭირო თვისებებს კარგავს.

რა მოხდა ბეირუთში

ოფიციალური მონაცემებით, ბეირუთში ამონიუმის ნიტრატის დიდი პარტია – დაახლოებით 2 750 ტონა აფეთქდა, რომელიც პორტის ტერიტორიაზე არასათანადო პირობებში ექვსი წლის განმავლობაში ინახებოდა.

ბეირუთში ზარალი დათვალეს: ქვეყანას მილიარდობით დოლარის ზიანი მიადგა – ფოტო>>

აფეთქების ტალღამ დაანგრია და დააზიანა სახლები. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 174 ადამიანი და დაშავდა 6 ათასზე მეტი. ბევრი ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ტრაგედიასთან დაკავშირებით ლიბანში სამდღიანი გლოვა და ორი კვირით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ყველა ახალი ამბავი
0