09:06 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (686)
264 0 0

საქართველოში წლიური ინფლაცია (2020 წლის ივნისი 2019 წლის ივნისთან შედარებით) კვლავ მაღალ დონეზე რჩება - 6,1%. მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ივნისში, მაისთან შედარებით, ინფლაციის დონე უარყოფითი აღმოჩნდა - დეფლაციამ 1,4% შეადგინა, ნათქვამია „საქსტატის“ პრესრელიზში.

უწყების მონაცემებით, ყველაზე შესამჩნევად გაიაფდა კვების პროდუქტები - 4,8%-ით, მათ შორის ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტები და თევზი.

თუმცა წლიური ინფლაცია (2020 წლის ივნისი 2019 წლის ივნისთან შედარებით) კვლავ მაღალ დონეზე რჩება - 6,1%. მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს.

როგორ იცვლებოდა ინფლაცია წლის დასაწყისიდან

წლიურმა ინფლაციამ 2019 წელს 7% შეადგინა. მის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. რეფინანსირების განაკვეთი ამ პერიოდში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, ბოლოჯერ ის 2019 წლის დეკემბერში გაიზარდა.

წლის დასაწყისიდან ინფლაციის წლიურმა დონემ კლება დაიწყო - იანვარსა და თებერვალში მან 6,4% შეადგინა, მარტში - 6,1%. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ხელისუფლებამ 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა. ეკონომიკური სტიმულირებისთვის ეროვნულმა ბანკმა აპრილსა და ივნისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8,25%-მდე შეამცირა.

თუმცაღა, ივნისში სურსათზე ფასები 13,6%-ით გაიზარდა, მათ შორის ხილზე - 45,5%-ით, რძეზე, ყველასა და კვერცხზე - 17,2%-ით, ხორცზე - 13,1%-ით, პურპროდუქტებზე - 10%-ით. პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, 7,5%-ით გაძვირდა ჯანდაცვის მომსახურების ფასები, მათ შორის ამბულატორიულ მომსახურებაზე - 11,6%-ით.

ეროვნული ბანკი დარწმუნებულია, რომ წლის ბოლოსთვის ინფლაციის დონე შემცირდება

მაისში წლიურმა ინფლაციამ 6,5% შეადგინა, ივნისში - 6,1%. ეროვნული ბანკის პროგნოზებით, ინფლაცია განაგრძობს კლებას წლის დანარჩენ თვეებშიც და თავის მიზნობრივ დონეს (3%) 2021 წლის პირველ ნახევარში მიაღწევს.

„ინფლაციის მოსალოდნელი დინამიკა განისაზღვრება როგორც მოთხოვნის, ისე მოწოდების მხრივ არსებული ფაქტორების ურთიერთქმედებით“, - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

კერძოდ, ვირუსის გავრცელების პრევენციულმა ღონისძიებებმა ზოგიერთი საქონლის მიწოდების ღირებულების და მომსახურების გაძვირება გამოიწვია, თუმცა ეს ინფლაციაზე მხოლოდ ხანმოკლე გავლენას ახდენს.

მეორეს მხრივ, ინფლაციაზე როგორც გარე, ისე შიდა მოთხოვნის მნიშვნელოვანი შესუსტების გავლენა მაჩვენებლის პროგნოზების შემცირებას გამოიწვევს. იმავე დროს, ეროვნული ბანკის ანალიტიკოსების თვალსაზრისით, ხანგრძლივი დროით მიზნობრივთან შედარებით უფრო მაღალ დონეზე ინფლაციის შენარჩუნება ინფლაციური მოლოდინების გაზრდის რისკებს უკავშირდება.

მოთხოვნის კლება ფასების კლებას გამოიწვევს

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ ზოგადი სიტუაციის შეფასებისას ცხადად ჩანს, რომ ახლა მოსახლეობაში მსყიდველუნარიანი მოთხოვნა გაცილებით დაბალია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო.

„ეს ყველაფერი უკავშირდება კორონავირუსული პანდემიის შედეგებს, რადგან ორ თვეზე მეტია ძირითადი დარგები და საქმიანობის სახეები იყო გაჩერებული, ეკონომიკა იმყოფებოდა წარმოების განახლებაზე ნებართვის მოლოდინის მდგომარეობაში, ეს კი მოსახლეობის ერთობლივ შემოსავლებზე აისახა“, - განაცხადა არჩვაძემ Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში.

მისი თქმით, მოთხოვნის შემცირება ნიშნავს, რომ ზეგავლენა ბაზარზე, მათ შორის კომერციის სფეროში, გაცილებით ნაკლებია. ანუ საქართველოს ეკონომიკაში ადრინდელთან შედარებით გაცილებით ნაკლები ფულადი სახსრები ცირკულირებს.

კორონავირუსი და ფასები: ყველაფერი გაძვირდა, ეს – გაიაფდა >>

„ეს, ერთის მხრივ, ნიშნავს, რომ სამომხმარებლო მოთხოვნის თვალსაზრისით ინფლაციის ზრდა ნაკლებად მოსალოდნელია. როდესაც საფრთხე გაივლის, შესაძლებელია კვლავ რეგულირების წესების შერბილება და საკრედიტო რესურსების მეტნაკლებად გაიაფება, რასაც გამოიწვევს კიდევაც რეფინანსირების განაკვეთის ამჟამინდელი შემცირება“, - აღნიშნა არჩვაძემ.

ლარის კურსი როგორც ინფლაციური ფაქტორი

სავალუტო ბაზრის სტაბილიზების მიზნით ეროვნულმა ბანკმა სამ თვეში უკვე რვა აუქციონი გამართა რომლებზეც 229,65 მილიონი დოლარი გაყიდა.

უფრო ადრე ეროვნულმა ბანკმა აღნიშნა, რომ ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებს და პოლიტიკის განაკვეთს.

სავალუტო აუქციონების გარდა ეროვნული ბანკი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურ ინტერვენციებს იყენებს. კერძოდ, როდესაც დღის განმავლობაში გაცვლითი კურსის რყევები აჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ნიშნულს, ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტით ვაჭრობაში გარკვეული თანხით ერთვება.

გარდა ამისა, წელს ეროვნული ბანკი ინტერვენციებისთვის გამოიყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა კრედიტების ან გრანტების სახით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან იღებს.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (686)

მთავარი თემები