საქართველოს პარლამენტი 2020 წლის საარჩევნო ცვლილებებს კენჭს უყრის

© Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონსტიტუციის შეცვლა - პოლიტიკური კრიზისის და ოპოზიციასა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების ნაყოფია

საქართველოს პარლამენტი კვირას განიხილავს და პირველი მოსმენით უყრის კენჭს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სისტემის შეცვლას ეხება.

ძირითადი ცვლილებები შეეხება ერთმანდატიან ოლქებში არჩევნების სისტემას და არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში ადგილების გადანაწილებას.

რას უყრიან კენჭს დეპუტატები

ამჟამინდელი სისტემით, 73 დეპუტატს მაჟორიტარულ ოლქებში ირჩევენ, ხოლო 77-ს იმ პარტიების სიებით, რომლებმაც ამომრჩეველთა სულ მცირე 3%-იანი მხარდაჭერა მოიპოვეს.

ახალი სისტემის მიხედვით ერთმანდატიანი ოლქები 30-მდე შემცირდება. ხოლო პარტიებს პარლამენტში მოსახვედრად ამომრჩეველთა 1%-იანი მხარდაჭერაც ეყოფა.

ოპოზიციის საპროტესტო აქცია. 2020 წლის 20 ივნისი. - Sputnik საქართველო
„შევხვდებით არჩევნებზე!“ - როგორ ჩაიარა ოპოზიციის აქციამ თბილისში

შედარებით რთულად არის ბლოკების საქმე, რადგან პარლამენტში შესასვლელად იმდენივე პროცენტია საჭირო, რამდენი სუბიექტიც შედის ამა თუ იმ ბლოკში.

არსებული სისტემისგან განსხვავებით, პარტიებს შორის ადგილების გადანაწილება პარლამენტში გამოითვლება ახალი ფორმულით, რომელიც პროპორციული არჩევნების შედეგებზეა ორიენტირებული.

ამ ფორმულით ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი პარტია ან ბლოკი იმაზე მხოლოდ ერთი მეოთხედით მეტი მანდატის მიღებას შეძლებს, ვიდრე მათ პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით ერგებათ.

რა გზა გაიარა პარლამენტმა ცვლილებებამდე

ცვლილებათა ამ ვარიანტამდე მისასვლელად მმართველ პარტიას და ოპოზიციას თითქმის ოთხთვიანი მოლაპარაკებები დასჭირდათ.

თავდაპირველად იგულისხმებოდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული სისტემით და ნულოვანი გამსვლელი ბარიერის პირობებში ჩატარდებოდა. თუმცა ეს იდეა გასული წლის ნოემბერში მმართველი პარტიის ზოგიერთი მაჟორიტარის პროტესტის გამო ჩავარდა.

საპროტესტო აქცია 2020 წლის 20 ივნისს - Sputnik საქართველო
მიტინგი თბილისში: რუსთაველის გამზირზე გასულ ზაფხულს მომხდარ დარბევას იხსენებენ

ამის გამო დაიწყო პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც მოულოდნელად ოპოზიციის გაერთიანება გამოიწვია. ნოემბერში გაერთიანდნენ ის პარტიები, რომლებიც ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე ერთმანეთთან უკიდურეს დაპირისპირებაში იმყოფებოდნენ.

ოპოზიციის გაერთიანებულმა ძალისხმევამ და ქუჩის პროტესტმა თავისი შედეგი გამოიღო - საქმეში საქართველოს დასავლელი პარტნიორები ჩაერთვნენ.

დიპკორპუსმა მხარეები მოლაპარაკებათა მაგიდასთან შეკრიბა. ეს დიალოგი თითქმის ოთხი თვე გაგრძელდა, რამდენჯერმე ჩაშლის პირას იყო და ათობით ვარიანტის განხილვის შემდეგ მხარეებმა 8 მარტს საბოლოოდ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ახალ საარჩევნო სისტემისა და მისი მიღების პირობების შესახებ.

პირობა იყო ასეთი: სამი მსჯავრდებულის - „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და ოპოზიციური „მთავარი არხის“ თანამფლობელის, გიორგი რურუას გათავისუფლება.

მაისში, როდესაც საქართველოში კორონავირუსი შედარებით დაძლეული იყო და ცვლილებების შეთანხმებული ვარიანტის საჯარო განხილვა დაიწყო, მსჯავრდებულთა პრობლემა ნაწილობრივ გადაჭრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ოქრუაშვილი და უგულავა შეიწყალა. ციხეში დღემდე რჩება რურუა, რომელიც განაჩენს ელოდება, და უცნობი იყო, დათანხმდებოდა თუ არა ოპოზიცია ცვლილებების მხარდაჭერას ამ პირობით.

ველოდოთ თუ არა სიურპრიზებს

დღეისათვის შექმნილი ვითარებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი მაინც მიიღებს. მათ მისაღებად საჭიროა 113 ხმა. მმართველ პარტიას აქვს 93 ხმა და მისმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ კენჭისყრაზე სიურპრიზები მოსალოდნელი არ არის.

კიდევ ექვს-ექვსი ხმა აქვს ოპოზიციურ „პატრიოტთა ალიანსს“ და „დამოუკიდებელ დეპუტატებს“. მათ ჯერ კიდევ საჯარო მოსმენისას განაცხადეს, რომ ცვლილებებს მხარს დაუჭერდნენ. გარდა ამისა, ახალი სისტემის მხარდაჭერის შესახებ განაცხადა ასევე პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილმა, რამაც ცვლილებების მიღება შესაძლებელი გახადა.

ემზარ კვიციანი - Sputnik საქართველო
„სხვა გზა მაქვს“: ემზარ კვიციანი პარტიას ტოვებს და დამოუკიდებელ ბრძოლაში ერთვება

ამასობაში ყველაზე მსხვილმა საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპულმა საქართველომ“, რომელსაც 13 დეპუტატი ჰყავს, შაბათს განაცხადა, რომ მმართველი ძალისკენ შემხვედრ ნაბიჯს გადადგამს  და ცვლილებებს კენჭს უყრის პირველი მოსმენით, ოღონდ ერთი პირობით: რურუა პირველი მოსმენის შემდეგ უნდა გათავისუფლდეს.

ამგვარად, მხოლოდ პარტიების დეპუტატებს თუ ჩავთვლით, უკვე 118 „მომხრე“ გროვდება.

საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს მხოლოდ ერთი საპარლამენტო პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა გამორიცხული არაა რომ კენჭისყრის მომენტისათვის მან გადაწყვეტილება შეცვალოს - პარტიის შიგნით კონსულტაციები გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0