12:01 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
213 0 0

რა გავლენა მოახდინა პანდემიამ საქართველოს საპენსიო ფონდის მუშაობაზე, იყვნენ თუ არა სამსახურდაკარგული ადამიანები ფონდში დაგროვილი საკუთარი თანხების გამოთხოვნის იმედად?

2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. მისი მიზანი „კეთილდღეობის დაგროვება“, ანუ ათეული წლების მანძილზე საპენსიო ანგარიშებზე აკუმულირებული ჩვენი თანხების მეშვეობით უზრუნველი სიბერის შექმნაა. გარდა ამისა, საპენსიო რეფორმის მიზანი კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარებაცაა.

მოკლედ რომ განვმარტოთ, სპეციალური საპენსიო სააგენტო დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ დაგროვებულ თანხას გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და ამ თანხას დასაქმებულს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ უკან დაუბრუნებს. სააგენტოს გათვლით, დაგროვებული ფული პენსიონერებს საშუალოდ წლიური 7%-ით მომატებული დაუბრუნდება.

სქემა ასეთია: 24 ათას ლარამდე წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიური ანაზღაურების 6% ირიცხება – 2%-ს მოქალაქე თავად იხდის, 2%-ს – მისი დამქირავებელი და 2%-ს – სახელმწიფო. 24 ათას ლარზე მეტი წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში (60 ათას ლარამდე) სახელმწიფო საპენსიო ფონდში მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. 60 ათას ლარზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

მეორე წელია საპენსიო სისტემა მუშაობს და დასაქმებულების ანგარიშზე საპენსიო დანაზოგებიც იმატებს. თუმცა, ალბათ ბევრს დააინტერესებს, როგორ განხორციელდა საგანგებო მდგომარეობის დროს ფონდში თანხების გადარიცხვა, როდესაც ათასობით ადამიანმა სამსახური დაკარგა, ან თუ შესაძლებელი გახდა ამ თანხის მოქალაქეებისთვის დაბრუნება.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში დაახლოებით 139 ათასამდე დაქირავებით მომუშავე ადამიანმა დაკარგა სამსახური.

განხორციელდა თუ არა საგანგებო მდგომარეობის დროს საპენსიო ანგარიშებზე თანხების დარიცხვა

როგორც „Sputnik-საქართველოს“ საპენსიო სააგენტოში აცნობეს, საგანგებო მდგომარეობის დროს საპენსიო შენატანების დარიცხვა ჩვეულ რეჟიმში ხორციელდებოდა. ანუ, თუ მოქალაქემ ამ პერიოდში სამსახური არ დაკარგა, მის საპენსიო ანგარიშზე თანხა ჩვეულებრივ დაირიცხა.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსის პანდემიის დროს უმუშევარი დარჩა, საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, მის საპენსიო ანგარიშზე თანხის დარიცხვა არ განხორციელებულა.

დაუბრუნდა თუ არა მოსახლეობას საპენსიო ფონდიდან დანაზოგი საგანგებო მდგომარეობის დროს

აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეოების პერიოდში საპენსიო ანგარიშზე შენატანების შეჩერების ინიციატივით და, სურვილის შემთხვევაში, საპენსიო ფონდის ანგარიშიდან თანხის მოქალაქეებისთვის დაბრუნების წინადადებით რამდენიმე ოპოზიციური პარტია და ბიზნესმენებიც გამოვიდნენ.

თუმცა, საპენსიო სააგენტოს განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საპენსიო ფონდის ანგარიშიდან თანხის მოქალაქეებისთვის დაბრუნება არ მომხდარა.

გახარჯა თუ არა მთავრობამ საპენსიო ფონდი კრიზისის დასაძლევად

„საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებელი“, – განაცხადა ამ კითხვის საპასუხოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერასოდეს ვერავინ ამ ფონდს ვერ შეეხება. 

„ეს არის ჩვენი მოქალაქეების ხანდაზმულობის პერიოდში დასახარჯი ფული და არა დღეს, კრიზისში, როცა ეს ფული არ გვჭირდება", – განაცხადა გახარიამ.

რამდენია, დღევანდელი მდგომარეობით, საპენსიო აქტივები და სადაა ის განთავსებული

ამჟამად საპენსიო აქტივები შეადგენს 780 მილიონ ლარს. როგორც თავიდანვე გახდა ცნობილი, თანხის დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ ფულის ინვესტირებას განახორციელებს სხვადასხვა პროექტში, რასაც ეროვნული ბანკი გააკონტროლებს. ამ პროცესს განახორციელებს საპენსიო სააგენტოსთან არსებული საინვესტიციო სამსახური.

როგორც „Sputnik–საქართველოს“ საპენსიო სააგენტოში განუცხადეს, 780 მლნ ლარიდან 84% (651 მლნ ლარი) განთავსებულია კომერციულ ბანკებში სასერტიფიკატო დეპოზიტებში წლიური ნომინალური 14.7%-ით (ეფექტური წლიური 12%), ხოლო დანარჩენი 16% (128 მლნ ლარი) კომერციულ ბანკებში სარგებლიან ანგრიშებზე წლიური 9.8%-ით. სააგენტოს ცნობით, ჯამში მთელ საპენსიო აქტივებს დარიცხული სარგებელი 50 მლნ ლარამდეა.

ბოლო მონაცემებით, საპენსიო სქემაში ჩართულია 976,1 ათასზე მეტი ადამიანი და 62,1 ათასზე მეტი კომპანია.

ახალი საპენსიო სისტემა ნაწილობრივ სავალდებულოა – დაგროვებითი პენსია სავალდებულოა 40 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის. დანარჩენებს არჩევანის უფლება აქვთ. გასული წლის ივნისის ბოლოსთვის დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გამოსულთა რაოდენობამ რეგისტრირებულთა მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 10% შეადგინა.

მთავარი თემები