21:37 01 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9840
  • 100 RUB4.3704
  • USD3.3253
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
348530

ევროპიდან საქართველოს მიმართულებით მგზავრობის მოთხოვნის გაზრდამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ავიაბილეთების ფასებზე.

კორონავირუსის პანდემიამ როგორც ზოგადად ბიზნესი, მოგზაურთა ინტერესებიც მნიშვნელოვნად დააზარალა.

ამჟამად საქართველოს მთავრობა ფრენების აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს პარტნიორ ქვეყნებთან და, როგორც ამბობენ, ქართულ ავიაბაზარზე პირველ რიგში აღდგება ის მიმართულებები, სადაც ეპიდსიტუაცია შედარებით სტაბილურია.

ჩვენ გადავხედეთ 1 ივლისიდან საქართველოს ავიაბაზარზე სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ დაანონსებულ ფრენებს და გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას იმისა, თუ რა სურათი იკვეთება დღეისათვის:

ვინაიდან ევროპიდან საქართველოს მიმართულებით მგზავრობის მოთხოვნა ძალიან მაღალია, საკმაოდ არის გაზრდილი ფასები გერმანია-საქართველოს და ესპანეთი-საქართველოს რეისებზე. მაგალითად, თუ დორტმუნდი-ქუთაისი ღირდა 50-დან 70 ევრომდე, ამჟამად პირველივე რეისი 2 ივლისს დორტმუნდი-ქუთაისი 370 ევრო ღირს, შემდეგ დღეებში ფასები იკლებს, მაგრამ არანაკლებია 90 ევროზე.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მდგომარეობით ფასების ვარდნა ავიაბილეთებზე აღინიშნება 15 ივლისის შემდეგ. სავარაუდოდ, ეს განპირობებულია საჰაერო სივრცის გახსნის პირველ დღეებში ავიაბილეთებზე მაღალი მოთხოვნით. ბარსელონა-ქუთაისი, რომელიც 45 დღით ადრე 50-დან 70 ევრომდე ღირდა, ახლა ღირს 90-100 ევრო.

ამასთან ერთად, სააგენტომ მოიძია 5 ივლისამდე თბილისიდან გამავალი რეისების ბილეთების ფასები. აღმოჩნდა, რომ ფასები აქაც საგრძნობლად არის გაზრდილი.

1 ივლისი: თბილისი–ლონდონი - 401 ლარი

1 ივლისი: თბილისი–ბრიუსელი - 406 ლარი

1-2 ივლისი: თბილისი–პარიზი - 446 ლარი

2 ივლისი: თბილისი–კიევი - 356 ლარი

2 ივლისი: თბილისი–ვენა - 341 ლარი

3 ივლისი: თბილისი–ბერლინი - 330 ლარი

4 ივლისი: თბილისი–ამსტერდამი - 464 ლარი

5 ივლისი: თბილისი–ბარსელონა - 252 ლარი

არსებობს ექსპერტების მოსაზრება, რომ თუ თვითმფრინავის ბორტზე შუა ადგილი სოციალური დისტანცირების მოტივით გაუქმდება, ეს ავიაბილეთებს ევროპაში 49%-ით გააძვირებს. მსგავსი რეკომენდაცია კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას აქვს კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

ბილეთის საფასურის გაძვირების პრობლემა ყველა რეისს და ავიაკომპანიას არ ეხება, ანუ არსებულ ხარჯებთან და მთელ რიგ რეგულაციებთან ერთად მგზავრების ინტერესებიც დაცულია.

როგორც „Sputnik–საქართველოს“ ქართულ ავიაკომპანია Myway Airlines-ში განუცხადეს, ხარჯი გაზრდილია, თუმცა ამ დროისათვის, შესაძლებელია, ავიაკომპანია ისევ მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული დარჩეს.

„ხარჯი, რასაკვირველია, გაგვეზარდა, თუმცა ამ ეტაპზე ისევ ჩვენი მომხმარებლების იტერესებს ვითვალისწინებთ. ყველანაირად ვცდილობთ, რომ იგივე ფასები შევინარჩუნოთ, რაც აქამდე გქვონდა. ოპერირებასაც ამ ეტაპზე ასე ვიწყებთ“, – განუცხადეს სააგენტოს კომპანიაში.

რამდენიმე ავიაკომპანიამ სტანდარტული ფასები უცვლელი დატოვა, რაც გაზრდილ ფასებთან შედარებით მნიშვნელოვან შეღავათს აძლევს მგზავრებს.

მაგალითად: 1 ივლისს დილის 4 საათზე პირველ რეისს ავიაკომპანია „პეგასუსი“ თბილისი-სტამბულის რეისს განახორციელებს, სადაც ბილეთის სტანდარტული ფასი 65 ევროა. თბილისი-სტამბულის და ბათუმი-სტამბულის ავიაბილეთების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია. „თურქეთის ავიახაზების“ ავიაბილეთების ფასები 269 ლარიდან იწყება. Turkish Airlines-ის პრეს-მდივანმა იაჰია იუსთუნმა განაცხადა, რომ ავიაკომპანია საერთაშორისო ფრენებს 18 ივნისიდან განაახლებს.

ქუთაისის აეროპორტიდან 1 ივლისს ქუთაისი-რომის რეისია დაგეგმილი და ბილეთის ფასი 230 ლარია. თუმცა... იტალია ჯერ ისევ იმ რისკ-ჯგუფის ქვეყნებს განეკუთვნება, სადაც პანდემია მძვინვარებს. ასევე 06:00 საათზე თბილისი-კიევის რეისია და უკრაინაში გაფრენას 85 ევროდ შეძლებთ.

ავიაკომპანია „რაინაირის“ სისტემაში ბილეთები გასაყიდად უკვე გამოჩნდა. ავიაკომპანიის განრიგი საქართველოდან ფრენებზე ასეთია:

3 ივლისს თბილისი-მილანი – ბილეთის ფასი 107 ლარიდან იწყება; 5 ივლისს – თბილისი-კიოლნის რეისისთვის ბილეთის ფასია 291 ლარი; 1 აგვისტოს ქუთაისიდან შეგიძლიათ 122 ლარად ბოლონიაში გაფრინდეთ.

რაც შეეხება თბილისი–თელ-ავივის საჰაერო ხაზს, ოპერირებისთვის მზად არიან ავიაკომპანიები – Myway, El al airlines, Airzena georgian airlines, Israir airlines. რეისები დაგეგმილია 1 ივლისიდან, ავიაბილეთების ფასები კი თითქმის უცვლელია – იწყება 448 ლარიდან.

ასეა თუ ისე, ავიაკომპანიები მზად არიან ფრენების აღდგენისთვის, მოლაპარაკებები კი ისევ მიმდინარეობს...

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩეხეთის ვიცე-პრემიერ კარელ ჰავლიჩეკთან ონლაინ-შეხვედრა უკვე გამართა, სადაც ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხიც განიხილეს. მინისტრის განმარტებით, ჩეხეთი შესაძლოა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, საიდანაც ტურისტები ივლისში საქართველოში ჩამოვლენ.

ასევე ლატვიის ეროვნული გადამზიდავი Air Baltic მზადაა, ივლისის პირველი დეკადიდან განაახლოს ფრენები საქართველოს მიმართულებით. შესაბამისი განაცხადი უკვე შევიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ლატვიიდან საქართველოში რეგულარული რეისების აღდგენით დაინტერესებულია აგრეთვე უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air, რომელმაც ასევე შეიტანა განაცხადი ფრენების დაწყებაზე.

 

მთავარი თემები