07:57 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
83 0 0

ყაზახეთში, სომხეთსა და ტაჯიკეთში ამერიკელებმა დააარსეს ბიოლაბორატორიების ქსელი, რაც ბევრ კითხვას უჩენს რუსეთს.

გალია იბრაგიმოვა 

„შეერთებული შტატები მთელ მსოფლიოში ახორციელებენ სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობას, მათ შორის, ჩვენს საზღვრებთანაც“, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. მოსკოვი დიდი ხანია შეშფოთებულია მეზობელი ქვეყნების ბიოლოგიური უსაფრთხოებით. 

წინასწარგანზრახული გაჟონვა 

ყაზახეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა მარტის დასაწყისში დაფიქსირდა. ხელისუფლებამ ჩაკეტა საზღვრები და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინტერნეტში გაჩნდა ხმები, რომ ვირუსი შესაძლოა იმ ბიოლაბორატორიასთან ყოფილიყო კავშირში, რომელიც ამერიკელებმა 2016 წელს ააგეს რესპუბლიკის სამხრეთ–აღმოსავლეთში. 

ალმათის ცენტრალური რეფერანს–ლაბორატორია (ცრლ) ყაზახეთისთვის დამახასიათებელი ვირუსების შტამების შესწავლაზე სპეციალიზდება და რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. მიიჩნევა ყაზახეთის საკუთრებად, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონის ხარჯებითაა აგებული. ამ ობიექტისთვის შეერთებულმა შტატებმა 108 მლნ დოლარი გამოყო.

ვაშინგტონმა განმარტა: რეგიონში იმყოფებიან ამერიკელი სამხედროები და კვლევები დაეხმარება მათ, თავი დაიცვან უცნობი ვირუსული ინფექციებისგან.

მოსკოვის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკელებს ამ ლაბორატორიის რუსული ინტერესების წინააღდეგ გამოყენება შეუძლიათ, მაგრამ ყაზახეთის ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ადგილობრივი ბიოლოგების მუშაობაში არავინ ერეოდა.

„უცხოელი მეცნიერების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთობლივი კვლევები ტარდება და საგრანტო პროექტები რეალიზდება“, — განმარტეს ცენტრალურ რეფერანს–ლაბორატორიაში.

2018 წელს ყაზახეთში შესამჩნევად გაიზარდა მენინგიტით დაავადების რაოდენობა და ალმათში ლაბორატორიიდან მენინგიტური ინფექციის შტამის გაჟონვაზე ალაპარაკდნენ. ჟურნალისტები და ბლოგერები სერიოზულად წერდნენ, რომ ამერიკელებმა განზრახ დაუშვეს ვირუსის გავრცელება — თითქოს მათ ამ გზით სურდათ შეემოწმებინათ ლაბორატორიაში შექმნილი ბაქტეოროლოგიური იარაღის ეფექტურობა.

ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ არანაირ ეპიდემიას ადგილი არ ჰქონია.

„ყაზახეთში მენინგიტის 58 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 32 — ალმათში, რაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საზომებით, დაბალი მაჩვენებელია“, — აცხადებდნენ უწყებაში.

კრონავირუსთან დაკავშირებითაც მსგავსი ისტორია გამეორდა. ხელისუფლებამ უარყო კონსპიროლოგია და საზოგადოებას მოუწოდა, თავი შეეკავებინათ პანიკის თესვისგან.

მუშაობის დახურული რეჟიმი 

საბჭოთა პერიოდში სომხეთის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი დარგის უმსხვილესად ცენტრად მიიჩნეოდა. 90-იან წლებში ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევებით აშშ და დიდ ბრიტანეთი დაინტერესდნენ. სომეხ სპეციალისტებს დასავლეთში იწვევდნენ სტაჟირებაზე.

2000-იანებში ამერიკელები დაეხმარნენ სომხეთს, გაეხსნათ რამდენიმე ბიოლაბორატორია. თანხები, ყაზახეთის მსგავსად, იქაც პენტაგონმა გამოყო. სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მოდერნიზაციაზე 10 მლნ დოლარი დაიხარჯა.

ერევანში, გიუმრიში, ვინაძორში, მარტუნისა და იჯევანში აგებული სამეცნიერო ცენტრები კავკასიის რეგიონისთვის დამახასიათებელ ვირუსებსა და შტამებს სწავლობენ. ლაბორატორიები სომხეთის ჯანდაცვის სისტემაში შედის, მაგრამ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული საფრთხეების შემცირების სააგენტოს თანამშრომლებს იქ შესვლის უფლება აქვთ. ადგილობრივი სპეციალისტების გარდა, იქ ამერიკელებიც მუშაობენ.

სომხეთის ბიოლაბორატორიების დახურულობა მოსკოვის კრიტიკას იწვევს. ეჭვების გასაფანტად პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი გასულ შემოდგომაზე დათანხმდა რუს სპეციალისტებთან თანამშრომლობაზე მემორანდუმის გაფორმებას. დეტალები შეთანხმდა, მაგრამ სომხურმა მხარემ ბოლო მომენტში უარი თქვა დოკუმენტზე.

საშიში ეპიდემიოლოგია

2010-იან წლებში ამერიკელმა ბიოლოგებმა ყურადღება ტაჯიკეთზე გაამახვილეს. მათ არახელსაყრელი ეპიდემიოლოგიური ვითარება აშფოთებდათ, რასაც ინფექციური დაავადებების აფეთქების გამოწვევა შეეძლო. დასავლეთის რამდენიმე ფონდმა სახსრები გამოყო ქვეყანაში კვლევითი ცენტრების შესაქმნელად.

2013 წელს დუშანბეს გასტროენტეროლოგიური ინსტიტუტის ბაზაზე ბიოლოგიური უსაფრთხოების ლაბორატორია გაიხსნა. პროექტი ფრანგულმა საქველმოქმედო მერიოს ფონდმა დააფინანსა, რომელსაც მსგავსი ობიექტები აგებული აქვს ჩინეთში, მიანმაში, ბანგლადეშსა და აფრიკის ქვეყნებში.

ფრანგებს, როგორც წესი, დაეხმარნენ გაერო და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID. ინვესტიციებმა სამ მილიონ დოლარს გადააჭარბა.

2019 წელს შეიქმნა ტუბერკულოზთან ბრძოლის რესპუბლიკურ ცენტრთან არსებული ლაბორატორია. სპონსორები იყვნენ USAID და პენტაგონი. ადგილობრივი ბიოლოგები უცხოელ კოლეგებთან ერთად სწავლობენ ცენტრალური აზიისთვის დამახასიათებელ ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა ტუბერკულოზი, მალარია, ჰეპატიტი და ქოლერა.

გასულ წელს ტაჯიკეთის ჩრდილოეთში, ქალაქ ისფარაში კიდევ ერთი ობიექტი გაიხსნა. ინფორმაცია მის შესახებ მწირია. დამფინანსებლები კვლავაც ამერიკელები არიან.

„ცენტრალურ აზიაში კორონავირუსამდე ეპიდემიოლოგიური ვითარება რთული იყო. რეგიონს ახასიათებს ჰეპატიტის, ქოლერის, ტუბერკულოზის აფეთქებები, ამიტომ ახალი ბიოლაბორატორიები აუცილებელია. ამისთვის საჭიროა სახსრები. უცხოური დახმარების გარეშე ფონს ვერ გავალთ“, — განმარტა დუშანბეს პოლიტოლოგიურ კვლევათა ცენტრის დირექტორმა აბდუგანი მამადაზიმოვმა.

ტაჯიკი ექსპერტი ვერაფერ საეჭვოს ვერ ხედავს ამერიკელების აქტიურობაში.

„უბრალოდ, ისინი ყოველთვის პირველები გვეხმაურებიან. თუ კორონავირუსის შემდეგ რუსეთი, ჩინეთი ან ევროკავშირი უფრო აქტიურად დაეხმარებიან რეგიონს ვირუსებთან ბრძოლაში, რესპუბლიკის ხელისუფლება ამას მხარს დაუჭერს“, — დარწმუნებულია ექსპერტი.

მთავარი თემები