17:59 11 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
42720

პუბლიკაციაში გაგაცნობთ ავიაფრენებთან დაკავშირებულ იმ პროცედურებსა და რეგულაციებს, რაც საქართველოში პანდემიის დასრულების შემდეგ იქნება.

საქართველოს მთავრობა 1 ივლისიდან ტურისტების მიღებას და საერთაშორისო ავიაგადამზიდებისთვის ცის გახსნას გეგმავს. ხელისუფლების განცხადებით, ოცივე ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში პანდემიამდე ოპერირებდა, აპირებს რეისების განახლებას.

ამ ეტაპზე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საქართველო უცხოეთის მოქალაქეებისთვის ჩაკეტილია. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მრავალ ქვეყანაში შეწყვეტილია საერთაშორისო ფრენები. ჯერჯერობით კი არ არსებობს საერთო სახელმძღვანელო პრინციპი, რომელსაც ყველა ქვეყანა უნდა დაემორჩილოს ფრენების განახლების შემდეგ.

სპეცილისტები იმ სავარაუდო ტენდენციებზე საუბრობენ, რაც ტურიზმის აღდგენის შემდეგ იქნება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე განმარტავს, რომ აეროპორტებში ოფიციალური პროცედურების დრო გახანგრძლივდება, თუმცა მგზავრთა ნაკადიც არ იქნება ისეთი, როგორც ეს პანდემიამდე იყო.

ჯერჯერობით ზოგადი რეკომენდაციები ასეთია: მგზავრებს ეკიპაჟის წევრებთან რაც შეიძლება ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ; ასევე მოკლე ფრენების შემთხვევაში არსებობს რეკომენდაცია, რომ საკვების დარიგებაც შეიზღუდოს. მოკლე ფრენებად მიიჩნევა სამ საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენა. იქ, სადაც მგზავრთა კონცენტრაცია მაღალია, მაგალითად, „ჩექ-ინის“, რეგისტრაციისას, თუ ბარგის მიღების დროს, არსებობს ფიზიკური დისტანციის დაცვის ზოგადი რეკომენდაცია. ასევე არსებობს რეკომენდაციები ჰაერის ფილტრაციასთან, ვენტილაციასთან, ხშირ დეზინფექციასთან დაკავშირებით როგორც ტერმინალებში, ისე საჰაერო ხომალდებზე.

შესაძლოა საჰაერო ხომალდზე ხელბარგის ატანა შეიზღუდოს. არც ისაა გამორიცხული, რომ მგზავრებს იმუნური პასპორტი, ტესტირების ჩატარება და რეგისტრაციის დამოუკიდებლად გავლა მოსთხოვონ. ამასთან, მსოფლიოს ზოგიერთმა ქვეყანამ, წამყვან აეროპორტებთან ერთად, ზრუნვა ბიომეტრიული ჩასხდომის დანერგვაზეც დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ პასპორტის როლს მგზავრის სახე შეითავსებს.

როგორც „Sputnik–საქართველოს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, პროტოკოლი ამ დროისთვის შემუშავების პროცესშია.

„პროტოკოლი შემუშავების პროცესშია. ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და პირობები ეცნობება მგზავრებს, ავიასაწარმოებს და მომსახურე პერსონალს. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შეგვიძლია“, – აცნობეს სააგენტოს.

უწყებაში გვპირდებიან, რომ უმკაცრესად იქნება დაცული უსაფრთხოების საერთაშორისო გაიდლაინები მთელი ტურისტული სექტორისთვის. საქართველოში სრულად დაინერგება ჯანდაცვისა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციების გაიდლაინები, რაც განამტკიცებს საქართველოს, როგორც უსაფრთხო მოგზაურობის ქვეყნის იმიჯს მსოფლიოში.

ამასობაში უკვე არაერთმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა, რომ აღდგეს ქვეყნებს შორის რეგულარული მიმოსვლა.

ავიაკომპანიებს, რომელთა ფრენები COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით გაუქმდა, მგზავრებისთვის კომპენსაციის გადახდა რეგულარული ფრენების აღდგენიდან ორი თვის განმავლობაში მოუწევთ. მგზავრს კი, რომლის ფრენაც COVID-19-ის პრევენციის ფარგლებში გაუქმდა, უფლება აქვს შეცვალოს ბილეთში მითითებული მგზავრობის თარიღი მისი სურვილისამებრ, დამატებითი ანაზღაურების გარეშე, ან მოითხოვოს გამოუყენებელი ბილეთის საფასურის ანაზღაურება საქართველოს მიერ რეგულარული ფრენების აღდგენიდან ორი თვის გასვლის შემდეგ.

ასეა თუ ისე, ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. მოგზაურებისთვის კი (და არა მხოლოდ მათთვის) 1 ივლისი, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი დღესასწაული გახდება.

გისურვებთ უსაფრთხო და მხიარულ მგზავრობას.

 

მთავარი თემები