18:48 11 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
106 0 0

ამერიკული მრავალფუნქციური ბომბდამშენ-გამანადგურებელი F-35-ის შექმნის, ექსპლუატაციისა და გასაღების ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ჯაბნის მარკეტინგი საბრძოლო თვითმფრინავის წარმოების ტექნოლოგიებს.

ალექსანდრ ხროლენკო

პენტაგონთან დაახლოებულმა გამოცემა Defense News-მა გამოაქვეყნა სპეციალისტების კრიტიკული შეფასებები უახლესი ბომბდამშენ-გამანადგურებლის F-35 Lightning ("ელვა") II-ის მიმართ. ფაქტები მეტყველებენ იმაზე, რომ F-35 არის ქვებგერითი მოიერიშე თვითმფრინავი, რომელსაც ფორსაჟის რეჟიმში ფრენა შეუძლია არაუმეტეს ერთი წუთისა. 60 წამის შემდეგ 1 მახზე მეტი სიჩქარის განვითარებისას გადახურებისგან წარმოიქმნება კორპუსის დაზიანების საფრთხე, ხოლო 1,6 მახზე მეტი სიჩქარის განვითარებისას თვითმფრინავს შეიძლება კუდიც კი მოსძვრეს. აღსანიშნავია, რომ კრეისერის ზებგერით სიჩქარეს ბევრი თანამედროვე გამანადგურებელი ავითარებს, მეხუთე თაობისთვის კი სიჩქარე 1,4 მახზე ნაკლები არ უნდა იყოს.  

ერთი მახის სიჩქარის მიღწევისას მოიერიშე F-35 უკვე აღარ არის უხილავი რადარებისთვის და კარგავს მოულოდნელობის ეფექტს. კორპუსზე მიმაგრებული ნებისმიერი შეიარაღებით ფრენისას კი გამანადგურებელი „უხილავობას“ ქვებგერით სიჩქარეებზეც კარგავს. ჩამოთვლილი პრობლემები ტექნოლოგიურად ვერ გვარდება. თვითმფრინავი სამი მოდიფიკაციით გამოიყენება. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის უხილავი მოიერიშეების სისუსტე უკავშირდება ასევე გეოგრაფიულ მანძილს სარემონტო ბაზასთან. თუ ფრენის დასაწყისში F-35 მწყობრიდან გამოვა, ეს მის საბრძოლო ეფექტს რამდენიმე თვით შეამცირებს.

ფიზიკის კანონებს ვერ შეედავები. პენტაგონმა ოპერატიულად შეასწორა „საექსპლუატაციო მახასიათებლები“ და ახლა F-35 ითვლება ქვებგერით თვითმფრინავად, რომელსაც შეუძლია მაღალი სიჩქარის განვითარება ხანმოკლე დროით. რეგლამენტირებულია წამების რაოდენობა, რომელთა განმავლობაშიც სამხედრო-საზღვაო ძალებისა და საზღვაო ქვეითთა F-35B და F-35C მოდიფიკაციებს შეუძლიათ ფრენა დაახლოებით 1,2 მახის სიჩქარით. უკიდურესი შემთხვევისთვის, ზებგერით სისწრაფეზე მოწინააღმდეგის აღმოსაჩენად არსებობს მოიერიშე F-22 Raptor, რომელიც მაღალ სიჩქარეებზე არ იშლება (ასევე ხილული ხდება რადარებისთვის 1 მახის ზევით). რას ნიშნავს გამანადგურებლისთვის სიჩქარისა და მანევრის შეზღუდვა საბრძოლო ვითარებაში?

ტექნოლოგიურად თანასწორ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირებისას F-35 სამიზნედ გადაიქცევა. შედეგი სავსებით პროგნოზირებადია, მაგალითად, რუსეთში წარმოებულ მაღალსიჩქარიან და ზემანევრულ „სუშკებთან“ და „მიგებთან“ შეტაკებისას.

მეხუთე თაობის „შეცდომები“ 

F-35-ის კონცეფცია: მოწინააღმდეგის განადგურება მანამ, სანამ ის „უხილავ“ გამანადგურებელს აღმოაჩენს. თუმცა ამერიკული მრავალფუნქციური მოიერიშე მეტისმეტად „მოუმზადებელი“ ჩანს მსგავსი მისიების წარმატებით შესასრულებლად. მაღალი სიჩქარე საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მოიერიშეს და F-35-ის საფარს, არამედ თვითმფრინავის კუდთან დამონტაჟებულ მრავალრიცხოვან ანტენას. გასული წლის ივნისში გამოქვეყნდა ინფორმაცია F-35-ის 13 ძირითადი ტექნიკური პრობლემის შესახებ, რომლებიც მოქმედებენ თვითმფრინავის უნარზე, შეასრულოს საბრძოლო ამოცანები და დაიცვას მფრინავის უსაფრთხოება. მას შემდეგ საკვანძო ხარვეზები ხუთამდე შემცირდა, მაგრამ ესეც მეტისმეტად ბევრია 100 მილიონ დოლარად შეფასებული თვითმფრინავისთვის. ვითარება მით უფრო პარადოქსულია, რომ F-35 Lightning II-ის შექმნის პროგრამის ღირებულება დაახლოებით 1,3 ტრილიონი დოლარია და მრავალფუნქციური ბომბდამშენ-გამანადგურებლის სერიული წარმოება 2011 წლიდან მიმდინარეობს.

ცნობილია, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებისა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის F-35 თვითმფრინავები ექსტრემალური მანევრების შესრულებისას არაპროგნოზირებადი და არასაიმედოა. რადარი „ხედავს“ ზღვის ზედაპირის მეტისმეტად ვიწრო სექტორს. ღამით ხელსაწყოების მოციმციმე ეკრანები მფრინავს ხელს უშლის სივრცეში ორიენტაციაში, რთულდება ყველა სახის „ელვის“ მიწაზე დაშვება. ატმოსფერული წნევის ცვლილებამ F-35-ის კაბინაში შეიძლება გამოიწვიოს ბაროტრავმა და მფრინავი მწყობრიდან გამოიყვანოს. F-35-ის პროგრამული უზრუნველყოფის განახლების პრობლემის გადაჭრას მწარმოებელი Lockheed Martin ფიქრობს 2020 წლის ბოლოსთვის. თუმცა ეს ყველაფერი ხელს არ უშლის „ელვის“ სერიულ გამოშვებას და აქტიურ მიყიდვას მოკავშირე ქვეყნებისთვის - ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, ისრაელის, იტალიის, იაპონიისა და სხვებისთვის.

პროდუქტის გაპიარების გზაზე Lockheed Martin წინააღმდეგობებსაც აწყდება. მაგალითად, აშშ-ის რამდენიმე პარტნიორმა ქვეყანამ განაცხადა, რომ დატოვებდა F-35-ის წარმოების ერთობლივ პროგრამას „ჯაშუშური“ პროგრამული უზრუნველყოფის გამო. პრობლემას წარმოადგენს საინფორმაციო სისტემა ALIS, რომელიც მფლობელი ქვეყნის სურვილისგან დამოუკიდებლად თვალს ადევნებს F-35-ის ყველა გადაადგილებას, მანევრს, მისიას დედამიწის ნებისმიერ წერტილში. სისტემა თითქოსდა აანალიზებს ტექნიკურ მდგომარეობასა და ლოგისტიკას მომხმარებლის სასარგებლოდ, თუმცა აშშ-ის ზოგიერთ „ზედმეტად“ სუვერენულ პარტნიორს აწუხებს, რომ ALIS-ი ფრენების შესახებ მონაცემებს აწვდის „უფროს ძმას“ პენტაგონში. მოსალოდნელია, რომ ამ პრობლემას მალე გადაწყვეტს ALIS სისტემის უფრო სრულყოფილი 3.6 ვერსია.

გამანადგურებელი სათამაშო არ არის 

შეიმჩნევა სამხედრო ავიამშენებლობის სფეროში საკუთარი ტექნოლოგიური შესაძლებლობების გადაფასების ამერიკული ტენდენცია. მაგალითად, წარუმატებლად ჩაითვალა მეხუთე თაობის გამანადგურებლის F-22 Raptor-ის შექმნის გამოცდილება (არასაიმედო საფარი, რადარების მიერ ადვილად აღმოჩენა, მცირე სამოქმედო რადიუსი - 750 კმ). შეუფერებელი აღმოჩნდა სერიული მანქანის ფასიც - 350 მლნ დოლარი. შედეგად - პენტაგონმა შეიძინა მხოლოდ 187 „უხილავი“ F-22 (იგეგმებოდა 384 ერთეულის შეძენა). F-35 Lightning II-ის გაიაფება ერთი ძრავის ხარჯზე (ორის ნაცვლად) ამცირებს სიჩქარეს, მანევრულობას და საბრძოლო დატვირთვას.

ჰიპოთეტური შეტაკებისას რუსულ მეხუთე თაობის Су-57-ს შეუძლია დაასწროს და პირველმა აღმოაჩინოს F-35 (და F-22) და გაანადგუროს იგი, აწარმოოს ბრძოლა მოწინააღმდეგესთან ზებგერით სიჩქარეზეც. აღსანიშნავია, რომ რუსული გამანადგურებელი ზებგერით სიჩქარეს ავითარებს ფორსაჟის ჩართვის გარეშეც.

Су-57 გამანადგურებელს შესანიშნავი საფრენი და საბრძოლო მახასიათებლები აქვს, რომლებიც გაცილებით აღემატება მეხუთე თაობის ამერიკული ანალოგების - F-22-ისა და F-35-ის შესაძლებლობებს. Су-57-ის მცირე „ეფექტური ამრეკლი ზედაპირი“ მას პრაქტიკულად შეუმჩნეველს ხდის მოწინააღმდეგის რადარებისთვის, ხოლო კონსტრუქციის კომპოზიტური მასალები შეადგენენ ზედაპირის 70%-ს და თვითმფრინავის წონის 25%-ს. აშშ-ის ექსპერტები იძულებული არიან აღიარონ რუსული მოიერიშის უპირატესობა და მიუთითებენ Су-57-ის მაღალ მანევრულობაზე ზებგერით სიჩქარეებზე, ძებნისა და თვალთვალის ინფრაწითელ სისტემაზე, რომელსაც უძვირესი F-22 Raptor-იც კი არ ფლობს.

Су-57-ს შეუძლია ზემანევრული ბრძოლა აწარმოოს ახლო, საშუალო და შორ მანძილზე გათვლილი რაკეტების ფართო სპექტრის გამოყენებით. Су-57-ის უპირატესობას უზრუნველყოფს რადიოლოკაციური სადგური, სამიზნის აღმოჩენის უნიკალური ოპტიკურ-ელექტრონული სისტემა. რუსულ გამანადგურებელს შეუძლია სამიზნე აღმოაჩინოს ჰაერსა და ხმელეთზე 400 კმ-ის მანძილზე, ერთდროულად 62 ობიექტის გაცილება, სხვა თვითმფრინავებისა და უპილოტო მფრინავი ობიექტებისთვის მითითებების გაგზავნა. რუსეთის ფედერაციის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა 2028 წლამდე 76 ასეთი მანქანა უნდა მიიღონ. მეხუთე თაობის რუსული მოიერიშე Су-57-ის სერიული წარმოება აუცილებლად დაჩრდილავს კონკურენტებს მსოფლიო ბაზარზე.

 

მთავარი თემები