თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. პანდემიის ფონზე ფაქტორები, რომლებიც მიწოდების ლოგისტიკურმა შეზღუდვებმა გამოიწვია, შეაკავებს ინფლაციის შემცირებას შემდგომ თვეებში, მაგრამ გარე და შიდა მოთხოვნის მკვეთრი შემცირება საწინააღმდეგო გავლენას მოახდენს ინფლაციაზე, ნათქვამია ეროვნული ბანკის მასალებში.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან თანდათანობით გამოსვლა დაიწყო და განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 8,5%-მდე შეამცირა, აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გასული წლის სექტემბრიდან გაამკაცრა ეროვნული ვალუტის კურსის დაცემის შემდეგ ინფლაციაზე ზეწოლის განეიტრალების მიზნით. მას შემდეგ ეს რეფინანსირების განაკვეთის პირველი შემცირებაა.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები
„მოთხოვნის მხარეს მოსალოდნელი სისუსტის გათვალისწინებით, ამ დონეზე გამკაცრებული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება აღარ არის. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო და პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით შეამცირა. შემცირების მიუხედავად მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული რჩება, რაც საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია რეგულატორის მასალებში.
ამასთან, ეროვნული ბანკი მიუთითებს, რომ კომიტეტის შემდგომი ნაბიჯები იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება ინფლაციური მოლოდინები.
„კორონავირუსის პანდემიისა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური გაურკვევლობა კვლავ გრძელდება. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ მარტში 6,1 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია დროებითი ფაქტორების გამო რამდენიმე თვის განმავლობაში მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნდება, შემდეგ ეტაპობრივად შემცირდება და 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონემდე დავა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ეროვნული ბანკის შეფასებით, თუ დავუშვებთ, რომ ვირუსის გავრცელების გამო დაწესებული ფართომასშტაბიანი შეზღუდვები მოკლევადიანია და წარმოადგენს დროებით შოკს მიწოდებისთვის, მონეტარული პოლიტიკის ამაზე რეაგირება კონტრპროდუქტიული იქნება.
რატომ იზრდება ფასები საქართველოში – ექსპერტები მიზეზებზე საუბრობენ>>
„ამასთან, ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრად ვარდნა, რაც საქართველოში ბენზინის ფასების შემცირებაში ეტაპობრივად ისახება. დამატებით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მნიშვნელოვანი მოცულობით მოსალოდნელი დახმარება ხელს შეუწყობს შოკის გავლენის აღმოფხვრას ეკონომიკურ ზრდაზე და ინფლაციაზე“, – ნათქვამია ბანკის მასალებში.
კრიზისის გავლენა ეკონომიკაზე
მიმდინარე პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის ვარდნა მიმდინარე წელს 4%-ს შეადგენს, რაც ადგილობრივი და გარე მოთხოვნების შემცირებითაა გამოწვეული.
„წინასწარი მონაცემებით, მარტში საქონლის ექსპორტი წლიური 22 პროცენტით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი თითქმის 70 პროცენტით შემცირდა. ფულად გზავნილებშიც კლება დაფიქსირდა (-9 პროცენტი). ამასთანავე შემცირებულია იმპორტიც (-13 პროცენტი), რაც შიდა მოთხოვნის შესუსტებაზე მიუთითებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკი ასევე აღნიშნავს, რომ საყოველთაო გაურკვევლობის ფონზე გაიზარდა როგორ საკრედიტო, ისე ლიკვიდური რისკები, რაც გამოიხატა საბაზრო საპროცენტო განაკვეთებში.
„იმისათვის, რომ ლიკვიდობის რისკი ეკონომიკის დაკრედიტების შემზღუდველი ფაქტორი არ გახდეს, ეროვნულმა ბანკმა ლიკვიდობის მიწოდების დამატებითი ინსტრუმენტები აამოქმედა“, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.
განაკვეთი არასაკმარისად შეამცირეს
"საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის" ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მოსალოდნელი იყო, მაგრამ არასაკმარისი.
„ჩვენ ვფიქრობდით, რომ განაკვეთი მინიმუმ 1%-ით შემცირდებოდა, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ 0,5 საბაზისო პუნქტით შეამცირა. იმასთან დაკავშირებით, რომ შემცირდა განაკვეთი, ეს ნიშნავს, რომ ბიზნესისთვის და მათთვის, ვინც იპოთეკა აიღო, კრედიტები ოდნავ გაიაფდება, რადგან შემცირდება კრედიტის მომსახურების პროცენტები. მაგრამ ეკონომიკის რეალური სექტორისთვის ეს არაფერზე გავლენას არ მოახდენს“, – განუცხადა შენგელიამ „Sputnik–საქართველოს“.
მისი აზრით, როდესაც ორგანიზაციებისა და სუბიექტების, რომლებიც რეალური ეკონომიკის სექტორში საქმიანობენ, რენტაბელობა 8–10%-ია, ხოლო კომერციული ბანკები მათ 8,5%-ზე ბევრად მაღალ კრედიტებს აძლევენ, განაკვეთის ასეთი მცირე შემცირება მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს ეკონომიკის რეალურ სექტორზე.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ რეფინანსირების განაკვეთი მეტად უნდა შემცირებულიყო, რადგან ეკონომიკას მეტი ფული სჭირდება, რათა მან შემდგომში შეძლოს სამუშაო ადგილებისა და ახალი პროდუქტების შექმნა.
„ინფლაცია ახლა მაინც არ გაიზრდება. ფასებმა ისედაც ძალიან მოიმატა, ხალხი უკვე აღარ არის გადახდისუნარიანი. ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციაა 3% და მას თავისუფლად შეეძლო მისი 4%-მდე გაზრდა და ამის პარალელურად საპროცენტო განაკვეთის, დავუშვათ, 7–6,5%-მდე შემცირება. ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში. ევროპაში საპროცენტო განაკვეთები დაბალია. მეზობელ რუსეთში ასევე შეამცირეს საპროცენტო განაკვეთი 5,5%-მდე. ვფიქრობთ, რომ ჩვენთან ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთია და საჭიროა მისი თანდათანობით შემცირება“, – განაცხადა შენგელიამ.
მან აღნიშნა, რომ ფასები მიღწეულ მაჩვენებელზე შეჩერდება, რადგან ისედაც ძალიან მოიმატა.