19:29 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (905)
17410

მოვლენების ყველაზე კეთილსაიმედო განვითარების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს, შესაძლოა, 2,1%-ით გაიზარდოს, მაგრამ პესიმისტური სცენარის შემთხვევაში ვარდნამ შეიძლება 6,5% შეადგინოს.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 211 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 50 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა. 

კორონავირუსის პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა. ყველაზე მეტად დაზარალდნენ სასტუმროები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, დასვენებისა და გართობის სფეროები, ტრანსპორტი. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ასევე საფინანსო სექტორი, სამშენებლო, უძრავი ქონების სფეროები, წარმოება და განათლება.

გარდა ამისა, ვირუსის გავრცელებისა და მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნის ფონზე მარტის ბოლოსთვის 20%-ით გაუფასურდა ეროვნული ვალუტა.

ქართულმა საინვესტიციო კომპანიამ Galt&Taggart კვლევა ჩაატარა და დაადგინა კორონავირუსის გავრცელების პერიოდში საქართველოს ეკონომიკის შესაძლო რისკები.

ძირითადი დაზარალებული დარგები

კვლევის თანახმად, კორონავირუსმა საქართველოს, პირველ რიგში, სატრანზიტო კუთხით მიაყენა დარტყმა.

ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული მკაცრი ზომების მიუხედავად საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების მოძრაობა დაშვებულია, მაგრამ გადაზიდვების აქტივობა მაინც მკვეთრად შემცირდა. 

საქართველოსთვის, რომელიც დამაკავშირებელი ხიდია ტვირთების გადასაზიდად რუსეთიდან სომხეთში, სომხეთიდან შავი ზღვისკენ და აზერბაიჯანიდან თურქეთში, სატრანზიტო ფუნქცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.

ქვეყნის მდგომარეობაზე შეუძლებელი იყო არ ასახულიყო ასევე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. მთელ მსოფლიოში დაეცა ისეთი ძირითადი პროდუქტების ფასები, როგორებიცაა ოქრო, ნავთობი, რკინა, სპილენძი.

თუმცა საქართველოსთვის, როგორც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორისთვის, ნავთობის გაიაფება ხელსაყრელია, მით უმეტეს, რომ ეს ნედლეული მსოფლიო ბაზარზე 60,1%-ით გაიაფდა, საქართველომ კი 2019 წელს 757 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები შემოიტანა. 

საქართველოს ეკონომიკაზე შეუძლებელია არ აისახოს სპილენძის 21,4%-ით გაიაფება, რადგან ქვეყანა ამ ლითონის რეექსპორტიორია. სპილენძის ხელახალმა ექსპორტმა 2019 წელს 651,6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთელი ექსპორტის 17,3%-ს შეადგენს.

ეკონომიკის განვითარების სამი პროგნოზი

Galt&Taggart-ის პროგნოზით, მსოფლიო კრიზისის ფონზე საქართველოში მოსალოდნელია ეკონომიკის განვითარების სამი სცენარი: ოპტიმისტური, საშუალო და პესიმისტური.

ამასთან, სამივე გულისხმობს ქვეყნისთვის ყველა უმნიშვნელოვანესი შემოსავლის - უცხოური ინვესტიციების, ფულადი გზავნილების, ექსპორტისა და ტურიზმის სფეროებიდან მიღებული მოგების შემცირებას. განსხვავება არის მხოლოდ იმ თანხაში, რომელიც შეიძლება დაკარგოს ქვეყანამ.

ზარალის მოცულობა საქართველოს ეკონომიკისთვის - სამი სცენარი (მლრდ დოლარი):

მაჩვენებელი ოპტიმისტური სცენარი საშუალო სცენარი პესიმისტური სცენარი
უცხოური ინვესტიციები 0,1 0,2 0,4
ფულადი გზავნილები 0,2 0,2 0,3
ექსპორტი 0,2 0,7 0,1
ტურიზმი 1,2 2,0 2,8
სულ 1,7 3,1 4,4

Galt&Taggart-ის აზრით, ზარალის ნაწილის კომპენსაცია შეიძლება მოხდეს იმპორტის 1,7-2,6 მილიარდი დოლარით შემცირების, საზღვარგარეთ მოქალაქეთა მოგზაურობის შეწყვეტის გამო 0,2-0,5 მილიარდი დოლარის ეკონომიის, საქართველოს ეროვნული ბანკის 0,2–0,4 მილიარდი დოლარის ინტერვენციისა და მინიმუმ ერთი მილიარდი დოლარის საერთაშორისო დაფინანსების ხარჯზე.

კომპანიის შეფასებით, ოპტიმისტური სცენარით ეკონომიკა ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას უკვე ივნისში დაიწყებს, საშუალო სცენარის შემთხვევაში ეკონომიკის ზრდა ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში იქნება, მაგრამ შემდეგ ახალი კრიზისი დაიწყება ვირუსის ხელახლა გავრცელების გამო; პესიმისტური სცენარით კი საქართველოს ეკონომიკის დაღმასვლა 2020 წლის ბოლომდე არ შეჩერდება.

ამასთან, კომპანია ვარაუდობს, რომ უფრო რეალურია საშუალო სცენარი, რომლის შემთხვევაშიც ეკონომიკური ვარდნა 2,7% იქნება, მეორე ადგილზეა პესიმისტური სცენარი 6%-იანი ეკონომიკური ვარდნით და ბოლო ადგილზეა ოპტიმისტური სცენარი ეკონომიკის 2,1%-იანი ზრდის მაჩვენებლით.

მოსალოდნელია თუ არა პროდუქტების დეფიციტი

კვლევის თანახმად, საქართველოს სასურსათო კრიზისი არც ერთი სცენარით არ ელოდება, რადგან ეკონომიკური იზოლაციის პირობებში ეს არის სტიმული ადგილობრივი საწარმოების გასააქტიურებლად. 

გარდა ამისა, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ სურსათის მოხმარება ქვეყნის საერთო მოხმარების თითქმის მესამედს შეადგენს და, როგორც წესი, სურსათის მოხმარება კრიზისის პირობებში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სხვა პროდუქტების მოხმარება.

ამასთან, კვლევაში მოყვანილია მეტად მნიშვნელოვანი პროდუქტების წარმოების, იმპორტისა და ექსპორტის თანაფარდობის მაგალითი, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო შიდა წარმოებით სრულად აკმაყოფილებს ქვეყნის მოთხოვნილებას კარტოფილზე, კვერცხზე, ფქვილზე, ლობიოზე, რძესა და რძის პროდუქტებზე.

თუმცა, წიწიბურის, ხორბლის, ბრინჯისა და მზესუმზირის ზეთის ოდენობა სრულად იმპორტზეა დამოკიდებული.

კვლევაში მითითებულია, რომ საქართველოში მცირე ან საშუალო რაოდენობით იწარმოება მაკარონი, შაქარი, ხორცი, ბოსტნეული და სიმინდი.

კრიზისის შედეგები და რჩევები

კომპანია Galt&Taggart კვლევაში აღნიშნავს, რომ კრიზისი ყველაზე მეტად დააზარალებს სასტუმროებს, რესტორნებს, სავაჭრო ცენტრებს, დასვენებისა და გართობის სფეროებს, ასევე ტრანსპორტს.

კრიზისი აისახება ასევე საფინანსო სექტორზე, მშენებლობაზე, უძრავ ქონებაზე, ვაჭრობაზე, წარმოებასა და განათლებაზე.

შემოსავალი გაეზრდება ჯანდაცვის, ფარმაცევტულ, სოფლის მეურნეობის, კომუნიკაციის, ასევე შიდა ტურიზმის სფეროებს.

ამასთან, მოსალოდნელია უმუშევართა რაოდენობის გაზრდა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია მთავრობას ურჩევს, დაეხმაროს მოსახლეობის შეჭირვებულ ფენას, მათ შორის, კომუნალური გადასახადების გადახდაში, ორჯერ შეამციროს ქონების გადასახადი, მოიზიდოს საერთაშორისო დაფინანსება, შეცვალოს ბიზნესისთვის დაწესებული რეგულაციები, შეაჩეროს საპენსიო შენატანები.

გარდა ამისა, რეკომენდაციებს შორისაა საფინანსო პირობების შერბილება საბანკო სექტორისთვის, საბანკო რეგულაციების გამარტივება, კლინიკების აღჭურვილობის გაუმჯობესება, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორების მხარდაჭერა.

კომპანია მთავრობას ასევე სთავაზობს ახალი ეკონომიკური მოდელის შემუშავებას, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მაქსიმალურად გამოყენებას, შიდა ბაზრისთვის და ექსპორტისთვის წარმოების პოტენციალის გაზრდას და განათლების სფეროს საფუძვლიანი რეფორმის გატარებას.

მთავრობის გეგმა ბიზნესის დასახმარებლად

საქართველოს ხელისუფლება ბიზნესის გადასარჩენად და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად ცალკე ზომებს გაატარებს. 

როგორც ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, ამ მიზნით საქართველოს მთავრობამ უკვე გამოყო 1,2 მილიარდი ლარი. 

ამ მომენტისთვის კომპანიებს, რომელთა საქმიანობა სასტუმრო და სარესტორნო სფეროს უკავშირდება, ტურისტულ სააგენტოებს, ტრანსპორტის კომპანიებს, საექსკურსიო კომპანიებსა და ა.შ. მთავრობამ 1 ნოემბრამდე გადაუვადა საშემოსავლო და ქონების გადასახადები. ეს შეეხება 18 ათას კომპანიას, რომლებიც დღეს საქართველოში ოპერირებენ და ამ კომპანიებში დასაქმებულ 50 ათას ადამიანს.

გარდა ამისა, ხელისუფლებამ გაზარდა დასაბრუნებელი დღგ-ის მოცულობა და ავტომობილების იმპორტიორებს პირობები გაუმარტივა.

ასევე, ყველა მსურველს შეუძლია გადაავადოს სესხის გადახდა სამი თვის ვადით.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, მთავრობა იმედოვნებს, რომ ბიზნესი გამონახავს რესურსს, რათა არ გაათავისუფლოს კვალიფიციური თანამშრომლები, ადამიანები, რომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზეც ბიზნესმა დიდი დრო და რესურსები დახარჯა.

ამასთან, მინისტრის თქმით, უმუშევართა რაოდენობის დათვლა დღეს შეუძლებელია.

„ჩვენ ჯერ ვერ შევაფასებთ, რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო და, შესაბამისად, ჯერ ვერ ვიტყვით, რა ზომები იქნება მიღებული და რა თანხა დასჭირდება იმას, რომ ჩვენ ასეთი ადამიანების საბაზო მოთხოვნილებები დავაკმაყოფილოთ“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებას აწარმოებს საფინანსო ინსტიტუტებთან კრიზისის გადასალახად მათგან დახმარების მიღების მიზნით. ქვეყანას დახმარებას დაჰპირდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი.

თემები:
COVID-19 საქართველოში (905)

მთავარი თემები