გენპროკურორის პოსტზე პრეტენზიას აცხადებს 17 კანდიდატი, აქედან სამი ქალია. თუმცა ყველაზე საინტერესო და განხილვადი კანდიდატი ირაკლი შოთაზე გახდა.
გახარია: ყოფილი გენპროკურორი შოთაძე ღირსეული ადამიანი და პროფესიონალია >>
36 წლის ირაკლი შოთაძემ გენპროკურორის თანამდებობაზე სამი წელი იმუშავა - 2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მაისამდე.
წარმატებები
შოთაძის გენპროკურორობის დროს პერიოდში უწყებაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა.
ასე მაგალითად, უწყებაში შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა. გარდა ამისა, გაჩნდნენ სპეციალური პროკურორები ოჯახური ძალადობის საკითხებში, ასევე გენპროკურატურაში არსებული საკონსულტაციო საბჭო.
ამ პერიოდში გენერალურმა პროკურატურამ გახსნა რამდენიმე გახმაურებული საქმე, მათ შორის სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინთის“ თაღლითობის შესახებ საქმე, ჟურნალისტის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმე და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობის საქმე.
ხარვეზები
თუმცაღა, 2017 წლის დეკემბერში მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიება შოთაძის კარიერისათვის ფატალური აღმოჩნდა.
პროკურატურამ ვერ დაამტკიცა დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის ბრალეულობა და შოთაძე საპროტესტო აქციების და საზოგადოების აღშფოთების ფონზე გადადგა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოსწავლეების მკვლელობის საქმეში იყო გარეული პროკურატურის თანამშრომელი მირზა სუბელიანი, რომელიც თავის ნათესავს ხელს აფარებდა.
მანამდე კი შოთაძეს პრეტენზიებს უყენებდნენ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვის გარემოებების გამოძიების გაჭიანურებასთან დაკავშირებით, ასევე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმის და სხვა საქმეების გამო, რომლებშიც პოლიციელები ან სპეცსამსახურების თანამშრომლები ფიგურირებდნენ.
რატომაც არა შოთაძე
შოთაძის კანდიდატურა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარადგინა, რამაც ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ შოთაძის გენპროკურორის თანამდებობაზე დაბრუნება მმართველ პარტიაში კადრების უკმარისობაზე მიუთითებს.
„შოთაძის პროკურორად დაბრუნება არის ქვეყნის, „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის სირცხვილი. უბრალოდ ეს ხალხი უსირცხვილოა, აღნიშნული ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ სათადარიგოთა სკამი „ქართულ ოცნებას“ ძალიან მოკლე აქვს“, - განაცხადა ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.
მან აღნიშნა, რომ მისი პარტია შოთაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.
შოთაძის მხარდაჭერას არ აპირებს ასევე ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.
„არა თუ მხარს არ დავუჭერ, ძალიან მძიმე ფასი უნდა გადავახდევინოთ შოთაძეს პარლამენტში მოსვლისას. გამოვიყენებთ ყველა მექანიზმის, რასაც ვიყენებდით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წინაშე. ჩვენი ამოცანა არის, საპარლამენტო ტრიბუნა გამოვიყენოთ, რომ მძიმე ფასი გადაიხადოს. მას მოუწევს ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
პარტიის მხარდაჭერა
მიუხედავად იმისა, რომ საპროკურორო საბჭოს პარლამენტის წინაშე თავისი კანდიდატურა ჯერ არ წარუდგენია , მმართველ პარტიაში უკვე მზად არიან ხმა შოთაძეს მისცენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ შოთაძის საქმიანობას პროკურორის პოსტზე მაღალი შეფასება მისცა.
„გენერალური პროკურორის პოზიციაზე ირაკლი შოთაძის საქმიანობის დროს არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გვახსოვს, რომელიც ეფექტურად და დროულად იქნა გამოძიებული - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, მკვლელობის შემთხვევები, ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები, ნარკო და ტრეფიკინგის დანაშაულები. პროკურატურა, მისი ხელმძღვანელობით ეფექტურად ებრძოდა დანაშაულს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.
შოთაძის კანდიდატურას ასვე მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.
„კანდიდატებიდან მე ვიცნობ მხოლოდ ირაკლი შოთაძეს და შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება, ღირსეული პროფესიონალი და მან ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე, რთული ნაბიჯების გადადგმა და პასუხისმგებლობის აღება“, - განუცხადა ჟურნალისტებს გახარიამ.
ასეა თუ ისე, ახლა ბოლო სიტყვა ეთქმის საპროკურორო საბჭოს, რომელსაც კონსულტაციებისთვის ერთი თვე აქვს დარჩენილი, რის შემდეგაც მან გასაუბრებისთვის სამი კანდიდატი უნდა შეარჩიოს და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს.