09:30 27 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
33410

ახალი წლის წინა დღეებში ერთ-ერთი მაღალრეიტინგული ტელევიზიის ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც ჟურნალისტი ამბობდა, რომ 2020 წლის 1 აპრილიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგულაციების მხრივ...

სიუჟეტი საკმაოდ ორაზროვანი იყო და მაყურებლებიც გვარიანად დააბნია. ლაპარაკი იყო, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს ვადა 1 აპრილამდე ჰქონდათ, რათა გადაეტანათ საჭე და ისე გაეგრძელებინათ საკუთარი ავტომობილით სარგებლობა. სიუჟეტიდან მაყურებლების დიდმა ნაწილმა დასკვნა გამოიტანა, რომ ყველამ, ვისაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილი ჰყავს, 1 აპრილამდე უნდა მოასწროს საჭის გადატანა და რეგისტრაცია, თორემ ტექდათვალიერებაზე ავტომობილს აღარ გაუტარებენ.

არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში არსებული ავტოპარკის თითქმის 35% მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე მოდის, ხოლო ავტოპარკის მთლიანმა მოცულობამ კარგა ხანია 1 მილიონს გადააჭარბა. ასე რომ, ცხადია, რა მასშტაბის რეგულაციაზეა ლაპარაკი, თუ მართლაც ყველა მარჯვენასაჭიან ავტომობილზე სავალდებულო გახდება საჭის გადატანა, თანაც, სულ რაღაც სამ თვეზე ნაკლებ დროში.

ჩვენ დავინტერესდით, რეალურად რა ხდება და უნდა ეშინოდეთ თუ არა მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლებს რაიმე ახალი რეგულაციის.

როგორც გაირკვა, მარჯვენასაჭიანებისთვის მთავრობას მართლაც შემოაქვს ახალი რეგულაციები, თუმცა, არა ისეთი, რომელიც ყველას შეეხება და, მით უმეტეს, საჭის გადატანას დაავალდებულებს.

მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების ტექინსპექტირებაში შედის ცვლილებები, რომელთა მიხედვით, თუ ავტომობილის საჭეს 2020 წლის 1 აპრილის შემდეგ გადაიტანენ, ასეთი მანქანა ტექნიკურ ინსპექტირებას ვეღარ გაივლის. ამიტომ ვისაც საჭის გადატანა სურს, მხოლოდ მათ უნდა მოასწრონ გადატანა და 1 აპრილამდე რეგისტრაციაში გაატარონ ავტომობილი. საჭის გადატანა შეუძლიათ როგორც ახალშემოყვანილ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე, ასევე იმათზეც, რომელთაც უკვე აქვთ ტექინსპექტირება გავლილი, თუმცა მათმა მფლობელმა ახლა გადაწყვიტა საჭის გადატანა.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი შალვა ურიადმყოფელი:

„იმ შემთხვევაში, თუ საჭის გადატანა ინსპექტირებიდან ინსპექტირებამდე მოხდება და ეს მოხდება 2020 წლის 1 აპრილიდან რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, ასეთი ავტომობილები ტექინსპექტირებას ვეღარ გაივლიან. ჩვენი ავტოპარკი, რომელიც რეგისტრირებულია 2020 წლის 1 აპრილამდე, მათ ეს შეზღუდვები არ შეეხებათ. ისინი თავისუფლად გაივლიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას – როგორც მარჯვენასაჭიანი, ასევე საჭეგადატანილი ავტომობილები“.

საინტერესო იყო აგრეთვე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანაზე თუ ცვლის რამეს ხელისუფლება. საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე ამბობს, რომ ამ მხრივ არაფერი იცვლება:

„შემოყვანაზე და განბაჟებაზე ბოლო პერიოდში რა ცვლილებებიც განხორციელდა და ფასები როგორც ჩამოყალიბდა, ისევე რჩება. აკრძალვა არ ეხება და, იმედია, არც არასდროს შეეხება“.

კიდევ ერთი სიახლე, რაც ძირითადად მარჯვენასაჭიან ავტომობილებს ეხება, მაშუქებზე ე.წ. სტიკერების დაკვრის აკრძალვაა. იმ ავტომობილებზე, რომლებსაც მაშუქები აქვთ დასარეგულირებელი, სტიკერის დაკვრა გამოსავალი აღარ იქნება. მძღოლი ვალდებულია ფარების ნათების კუთხე ხელოსანს გაასწორებინოს ან არსებული ფარები გამართულით შეცვალოს და ისე მიიყვანოს ავტომობილი ინსპექტირების ცენტრში. ეს რეგულაცია უკვე ამოქმედდა 1 იანვრიდან.

1 აპრილიდან ასევე შეზღუდვები ვრცელდება ყველა ავტომობილისთვის საბურავებთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ საბურავებს აქვს თავისი ვადა და თუნდაც არ იყოს გაცვეთილი, რეზინა მაინც კარგავს თვისებებს, შესაბამისად, საბურავიც ნაკლებად საიმედო ხდება. ახალი რეგულაციით, ინსპექტირებაზე მიყვანილი ავტომობილის საბურავები 10 წელზე ნაკლები ასაკის უნდა იყოს. ავტომობილი ამაზე უფრო ძველი საბურავებით დახარვეზებას დაექვემდებარება. 

თემურ იოსელიანი

მთავარი თემები