08:47 19 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2191
  • 100 RUB4.5608
  • USD2.8714
საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში

თვითგადარჩენის ინსტიქტი და დათმობის პოლიტიკური საფასური...

© Sputnik / Alexander Imedashvili
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
1087 0 0

რატომ დადგა დღის წესრიგში საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხი, რამ შეცვალა მეოცნებე ხელისუფლების გეგმები და რა ფერები შემორჩება პოლიტიკურ პალიტრას?

სამსონ ხონელი

მმართველი პარტიის ინიციატივა მომავალ წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმა დაიწყო.

მკითხველს შევახსენებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციის ახალ რედაქციას კენჭი 2018 წლის 23 მარტს უყარა. მაშინ მმართველი გუნდის წევრები აცხადებდნენ, რომ პარლამენტმა ერთ-ერთი საუკეთესო კონსტიტუცია მიიღო... არადა, მეოცნებე ხალხის რჩეულებს პოლიტიკური ოპონენტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თუ ექსპერტ-ანალიტიკოსები ძალიან აკრიტიკებდნენ.

კაცმა რომ თქვას, მიზეზი ჰქონდათ. სახელისუფლებო პარტიამ ძირითად კანონში ცვლილებების მიღებისას პრაქტიკულად არავის, მათ შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც კი სრულად არ გაიზიარა. სულ რაღაც თხუთმეტი თვის შემდეგ ხელისუფლება თავად გახდა ახალი საკონსტიტუციო პროცესის ინიციატორი, თუმცა „ერთ-ერთი საუკეთესო კონსტიტუციის“ დროის ასეთ მოკლე ვადაში გადასინჯვის ინიცირების გამო, მმართველ გუნდში უხერხულობას აშკარად არავინ უჩივის...

ახლა ალბათ, ბრძანებთ, რა დროს უხერხულობაზეა საუბარი, როცა ქვეყანა თავზე გვექცევა...

გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ 20-21 ივნისს ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება იგეგმებოდა. გამოძიება ინტენსიურად გრძელდება და სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გაიზრდება ბრალდებულ პირთა რიცხვი...

არა, ამ რეპლიკის პათოსს გავიზიარებ, თუმცა ვიტყვი, რომ ბევრი საკითხი ბუნდოვანია, ბრალდების შესაძლო ფიგურანტები კი ირონიული კომენტარებით იფარგლებიან... აქვე, სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე ყაბულს არიან.

„სანამ დავბრუნდები, კარგად ჩამოყალიბდით, მოწმედ უნდა გვატაროთ, ბრალს წაგვიყენებთ თუ დაელოდებით შუშის სასახლეში როდის შევვარდებით“, − ასე გამოეხმაურა პროკურატურის განცხადებას პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.

ის ახლა პარიზშია და როგორც განაცხადა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უპასუხებს სამართალდამცავთა კითხვებს. ერთი სიტყვით, ვიდრე პროკურატურა დამატებით ინფორმაციას კიდევ მოგვაწვდის, წინამდებარე სტატიის თემას დავუბრუნდები, მომავალი საკონსტიტუციო ცვლილების შინაარსსა და ფორმაზე განვაგრძობ თხრობას. შემოგთავაზებთ ჩემეულ მოსაზრებებს, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხი და რა კონკრეტული შედეგი შეიძლება მივიღოთ. 

პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ფაქტია, რომ  ქვეყანაში მნიშვნელოვნად ცვლის პოლიტიკურ ლანდშაფტს. დიდი ხნის განმავლობაში მმართველი გუნდის დევიზი იყო „შუა უნდა გაიკრიფოს“... შედეგად, პოლიტიკური ველი „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ასპრეზად იქცა და სხვა პოლიტიკური ჯგუფები თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ახალი სისტემა ქართულ პოლიტიკურ პალიტრაზე სხვა ფერებსაც გააჩენს. ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემა მმართველ პარტიას აწყობდა. ის ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნების შიშით ახერხებდა გადამწყვეტ მომენტში ამომრჩევლის სათავისოდ მობილიზებას. ივნისის მესამე დეკადის მიჯნაზე განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ორპოლუსიანი სისტემისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური პოლარიზება მზარდ საფრთხეს შეიცავდა ქვეყნის სტაბილურობისათვის და თავად მმართველი გუნდისთვის. საპროტესტო აქციებმა ხელისუფლებას მკაფიოდ დაანახა, რომ ამჯერად

სერიოზული პოლიტიკური დათმობების გარეშე ვითარების განმუხტვა შეუძლებელი იყო. ამასთან ერთად „ქართულ ოცნებას“ შესაძლოა თანდათან მართვის სადავეები დაეკარგა და ხელისუფლებაც ვეღარ შეენარჩუნებინა. არსებული საარჩევნო სისტემის დატოვებით, სავსებით დასაშვები იყო, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთპიროვნულად მობრუნების მთავარი ფაქტორი და მიზეზი თავად მმართველი პარტია გამხდარიყო... ეს როგორ? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი და რა გაეწყობა, ვეცდები ავხსნა.

ხელისუფლებაზე განაწყენებული და გაბრაზებული ელექტორატი ჯერ კიდევ ბევრად აღემატება „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატს. დროთა განმავლობაში „ქართული ოცნება“ ფაქტიურად სრულად ახერხებდა „ნაციონალური მოძრაობისადმი“ უარყოფითად განწყობილი ელექტორატის ხმების სათავისოდ მობილიზებას. ახალ ვითარებაში კი იყო საშიშროება, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგე ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მმართველი პარტიას მოძველებულ თამაშში აღარ გაჰყოლოდა და საპარლამენტო არჩევნებზე ხმა აღარ მიეცა. საგულისხმოა, რომ მმართველ გუნდზე გამწყრალი ამომრჩევლის რაოდენობა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, სულ უფრო და უფრო მზარდი იყო, რასაც ბოლო დროს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ყველა შედეგი მოწმობს. ეს ელექტორატი, რომელსაც სწორედ ბარიერის გამო, პარლამენტში გამსვლელი, მისთვის სასურველი რეალური ალტერნატივა არ ეყოლებოდა, არჩევნებზეც აღარ მივიდოდა. ასეთ შემთხვევაში, პროპორციული სისტემით ხმები მეტ-ნაკლებად თანაბრად განაწილდებოდა, ხოლო მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციური პარტიების კოორდინირებული მოქმედების შემთხვევაში, მეორე ტურში „ქართულ ოცნების“ პერსპექტივა უმძიმესი იქნებოდა.

ამომრჩევლის დიდი ნაწილი ხმას აძლევდა არა მისთვის სასურველს, არამედ, ვინც, მისი აზრით, „გამსვლელი“ იყო“... სხვაგვარად თუ ვიტყვით, დაახლოებით ასე აზროვნებდა: „ეს ჭკვიანი და კაი ბიჭია, თუმცა რად გინდა, მაინც ვერ გავა, სუსტია და ვერ გადალახავს ბარიერს... ამიტომ, რაკი ეს მაინც ვერ გავა, მოდი იმას მივცემ ხმას, ვინც ბარიერის გადამლახველია...“ ახლა კი ამომრჩეველს ეცოდინება, რომ აღარ არსებობს „ბარიერი“ და ხმას მისცემს არა იმის მიხედვთ, ვინ „გამსვლელია“ და „გადამლახველია“, ბიძინა ივანიშვილი იქნება ეს თუ მიხეილ სააკაშვილი, არამედ მისთვის სასურველს. სწორედ „ვინც გამსვლელიას“ ეს მახინჯი სინდრომი გასდევდა პოლიტიკურ პროცესს მთელი სამი ათეული წლის განმავლობაში.

პოლიტოლოგთა უმრავლესობის შეფასებით, მმართველი პარტიის პრაგმატული პოლიტიკური ინტერესი და საზოგადოების მოთხოვნა ერთმანეთს დაემთხვა. ეს არის, გვქონდეს დემოკრატიული და მრავალფეროვანი პოლიტიკური სისტემა, რომელიც უკეთ ასახავს მოსახლეობის განწყობებს... თუკი გვინდა, რომ ვიაროთ ფართო პოლიტიკური წარმომადგენლობისაკენ უმჯობესია შევეშვათ პარტიების მირეკვას სახელისუფლებო ან ნახელისუფლართა მხარეს. ეს კიდევ უფრო აღრმავებს ორპოლუსიანობას და კონფრონტაციულ ტენდენციებს. საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების ინიცირებამ, სავარაუდოდ უნდა შეამციროს ჯერ კიდევ მძაფრი პოლიტიკური კონფრონტაცია, პოლიტიკური პარტიების ურთიერთობა კი გაცილებით უფრო საქმიან რეჟიმში გადაიყვანოს.... თუმცა ჩვენში პოლიტიკური პროცესების პროგნოზირება ადვილი საქმე არ არის და ამიტომაც ნუ ვიჩქარებთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჯერ კიდევ თხუთმეტი დღის წინათ სულ სხვა რეალობა იყო და ძველი სისტემით არჩევნებისთვის ვემზადებოდით. ასე რომ...

 

მთავარი თემები