04:53 19 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2797
  • 100 RUB4.6131
  • USD2.9691
საქართველოს პარლამენტის წინ

სახიფათო ზღვარი, ანუ დაიჭერენ თუ არა ნიკა მელიას

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
47121

"გავრილოვის კრიზისი" თბილისში გრძელდება. პროკურატურამ პარლამენტს დეპუტატ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით მიმართა. მართალია, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა 9 საათზე იყო დანიშნული, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ ჩანს და საეჭვოა, მისი მიღება დღეს შეძლონ დეპუტატებმა.

საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე საკუთარი დასკვნა საპროცედურო საკითხთა და იურიდიულმა კომიტეტებმა გენერალური პროკურორის მიმართვიდან 5 დღის ვადაში უნდა წარუდგინონ ბიუროს, რომელიც იმსჯელებს და უახლოეს პლენარულ სხდომაზე დააყენებს დეპუტატისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს კენჭისყრაზე.

მელიას პარლამენტში შევარდნის მცდელობაზე ედავებიან, რაც საკმაოდ მძიმე დანაშაულია. პროკურატურა ამტკიცებს - რადგან მას დიპლომატიური პასპორტი აქვს, არსებობს მისი გაქცევისა და მიმალვის საფრთხეო, თუმცა თავად "ბრალდებული" მელია პარლამენტში საკუთარი კაბინეტიდან ადევნებს თვალს მოვლენებს და ხუმრობის ხასიათზეა.

თუ ძალადობრივ დანაშაულზე იყო საუბარი, საინტერესოა, რატომ არ დააკავა 20 ივნისის ღამეს დანაშაულის ფაქტზე დეპუტატი. ეს კონსტიტუციით ის შემთხვევაა, როცა სამართალდამცველებს დეპუტატის დანაშაულის ადგილზე დაკავების უფლება აქვთ.

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის პრეცედენტი ძნელად იძებნება.

არ მოუხსნიათ იმუნიტეტი ჯაბა იოსელიანის, თენგიზ კიტოვანის და სხვა ათასი "სახელმწიფო გადატრიალების" მცდელობაში ეჭვმიტანილისთვის.

ამის გაკეთება ვერც სააკაშვილმა გაბედა 7 ნოემბრის შემდეგ, რადგან ამერიკელები ნამდვილად იყვნენ საქართველოს მეგობრები. სასწრაფოდ ჩამოფრინდა მეთიუ ბრაიზა და საგანგებო ვითარებაც გააუქმებინა ეგზალტირებულ პრეზიდენტს.

კიდევ კარგი, თორემ დღეს სააკაშვილის მოკავშირეთა დიდი ნაწილი მიშას თავის დროზე დაპატიმრებული ეყოლებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მელიას თავზე თმა არ აქვს, დეპუტატი რომან გოცირიძე კატეგორიულად მოითხოვს ხელისუფლებისგან - მას თავიდან თმა არ ჩამოუვარდეს!

ხელისუფლებაში კი იმედოვნებენ, რომ მელიას დასაცავად იმდენივე ადამიანი გამოვა, რამდენი თმაც აქვს მას თავზე.

ხუმრობის გარეშე, პარლამენტში 72 მაჟორიტარი ზის, რომელთა უმეტესობა მილიონერი და ბიზნესმენია და ხვალ და ზეგ რომ მათი იმუნიტეტის მოხსნაზე დაიწყოს საუბარი, სრულიადაც არ აძლევთ ხელს.

ასე რომ, ხელისუფლების მკაცრი დირექტივის არარსებობის შემთხვევაში მისცემს თუ არა ხმას უმრავლესობა ნიკა მელიასათვის იმუნიტეტის მოხსნას, საეჭვოა.

აკი მიმართა კიდეც ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პროკურატურას, ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა და ხმის მისაცემად მეტი მტკიცებულება გვჭირდებაო.

ჯერჯერობით არც მელიას შექმნილი საიდუმლო კომიტეტი ჩანს და არც საიდუმლო იარაღის საცავები.

ამასობაში ხვალ ისევ მძიმე ეკონომიკური სიტუაციისა და ასტრალში გაჭრილი დოლარის ფონზე პრემიერ ბახტაძის ანგარიშის მოსმენაა დაგეგმილი, ხოლო პარასკევს - გიორგი გახარია ითხოვს, მოუსმინოს პარლამენტმა და, შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობამ.

გახარიას პარლამენტში მისვლას უშედეგოდ მიიჩნევს ექსპერტთა ნაწილი. მათი აზრით, რაც არ უნდა თქვას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გაუჭირდება ახსნა, რატომ დასდევდნენ პოლიციელები ახალგაზრდებს ქუჩა-ქუჩა აქციის დაშლის შემდეგ და რატომ არ შეაჩერა მან ეს პროცესი.

ხათუნა ლაგაზიძის აზრით, გახარიას პარლამენტში მისვლა კიდევ უფრო დაძაბავს მოვლენებს, რადგან ოპოზიცია მის დარბაზში შეშვებას არ აპირებს, ხოლო უმრავლესობა - თანამდებობიდან მის გაშვებას. გახარიას არშეშვებაც სკანდალი იქნება და დეპუტატების იძულებით დარბაზიდან გაყვანაც.

მართალია, ექსპერტი არჩილ გამზარდია თვლის, რომ მელიას დაპატიმრების შემდეგ გახარია, შესაძლოა, გადადგეს, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები მიანიშნებს, რომ გუნდში ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არაა. გახარიას ღირსებების მიუხედავად, მოუწევს ახსნას, როგორ მოხვდა აქციაზე დათვებისთვის განკუთვნილი ტყვიები და რატომ დასთხარეს თვალები აქციის თუნდაც აგრესიულ მონაწილეებს, ანუ იყო თუ არა გამოყენებული ძალა პროპორციული. სავარაუდოდ, მინისტრს სათქმელი აქვს.

„გავრილოვის კრიზისი“ კი გრძელდება და წინასწარ იმის გათვლა, რა შედეგებს გამოიღებს ეს დაძაბულობა, ძნელია. ფაქტია, რომ საქართველოს მეგობრებმა და უსაფრთხოების ანალიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ პროცესები მართვადი იყოს, მოლაპარაკების მაგიდასთან გადაინაცვლოს და სახელმწიფოს და ხალხს რაც შეიძლება ნაკლები ზარალი მიადგეს. მანამ კი მაოხრებელი გზირის ისტორია გრძელდება.

 

მთავარი თემები