04:21 27 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802
თბილისი

საქართველო ცხოვრების დონით ევროპას 14 წელში დაეწევა თუ...

© Sputnik / Alexander Imedashvili
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
106810

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა მოიმატა, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი სიდუხჭირეს უჩივის. რატომ, სად არის პრობლემა, რა კრიტერიუმებით იზომება ცხოვრების ხარისხი, რა პოზიცია გვიკავია სამხრეთ კავკასიაში და როდის დავეწევით ევროპას?

სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატიით მსურს რეალობას აცდენილ ციფრებზე გავამახვილო ყურადღება. რომელი ერთი მიმართულებით? − ჩამეძიება მკითხველი და მართალიც იქნება. ჩვენში ხომ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თვლადიც ვერ ითვლება და პირიქით... დავკონკრეტდები: ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე მიანიშნებს. კი, მაგრამ ეს როგორ? ეკონომიკური ზრდა ხალხის კეთილდღეობას არ ეტყობა! − არ გამაკვირვებს მკითხველის კიდევ ერთი რეპლიკა. ძნელია არ დაეთანხმო, როცა ცხოვრება ყოველდღიურად ძვირდება და შემოსავლები ხარჯებს ვეღარ აუდის. სოციალური ფონი კი სულ უფრო მძიმდება. იქნებ თვლაშია პრობლემა?

ანალიტიკოსი ვლადიმერ პაპავა: „სპეციალისტები დიდი ხანია ამბობენ, რომ ეკონომიკური ზრდის გაზომვა მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, რაც დღესაც ოფიციალურად მიღებულია, არ არის ადეკვატური და არასწორი დასკვნების გაკეთების საშუალებას ხშირად იძლევა, მაგრამ დღეს სხვა, უკეთესი მეთოდი არ არსებობს. შესაბამისად, მარტო ის, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. მთავარია, ვნახოთ შიგნით, სტრუქტურაში ყველაზე მეტად რა იზრდება. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ყველაზე მაღალი ტემპით იზრდება საფინანსო სექტორი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტ ვალს აიღებს მოსახლეობა, მეტად გაიზრდება ეკონომიკა. ანუ ნებისმიერი აქტიურობა საფინანსო სექტორში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს მაღლა სწევს. ეს ნიშნავს კეთილდღეობას? რა თქმა უნდა, არა. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის სტრუქტურას თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ყველაზე წინმსწრები ტემპით იზრდება ის დარგები, რომლებიც ყველაზე ნაკლებად იწვევს მოსახლეობის კეთლდღეობის ამაღლებას...“

ექსპერტ-ანალიტიკოსების, ეკონომისტებისა და ფინანსისტების დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ ხუთპროცენტიანი ზრდის პირობებში ქვეყანას, სულ ცოტა, თოთხმეტი წელი დასჭირდება, რათა ცხოვრების დონით ევროპის საშუალო განვითარების ქვეყნებს გაუტოლდეს.

ეკონომიკური ზრდის არსებული მაჩვენებლის შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს შესაძლებლობა ექნება, დაახლოებით თხუთმეტ წელიწადში მიაღწიოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ცხოვრების ახლანდელ დონეს. ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტთა შეფასება. თუმცა, მათივე მოსაზრებით, დასავლეთ ევროპის ქვეყნების ცხოვრების დონისგან გაცილებით მეტი დრო გვაშორებს. საინტერესოა, მაინც რამდენი? სპეციალისტებს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირთ, რადგან ცხოვრების ხარისხი, მათი შეფასებით, იზომება არა მხოლოდ მიმდინარე შემოსავლებით, არამედ დაგროვილი ქონებითაც. ამ მაჩვენებლითაც ქვეყანაში საგანგაშო ვითარება ნამდვილად არ არის...

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე: „კეთილდღეობა არ იზომება მარტო ეკონომიკური ზრდის ტემპით. გასათვალისწინებელია გარემო პირობები, ეკოლოგია, უსაფრთხოება, მომავლის იმედი და სხვ. მატერიალური და არამატერიალური პირობები ერთად ადგენენ ცხოვრების ხარისხს, რომელიც იზომება დაგროვილი ქონებითაც. ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობა, საკუთრების კუთხით თუ შევაფასებთ, მთლად უიმედო არ არის. ოპტიმიზმითაც უნდა შევხედოთ ჩვენ მდგომარეობას და ჩამორჩენა დავძლიოთ ეკონომიკური ზრდით...“

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის შეფასებით, ტექნოლოგიური სიახლეებით ჩვენ ვახერხებთ ტექნიკური მიღწევების გაზიარებას, მაგრამ აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ეს, ძირითადად, ციფრულ ტექნიკას ეხება. საქართველოს ეკონომიკაში არის ძალიან ბევრი დარგი, რომელიც ტექნოლოგიურ პროგრესს ჩამორჩება.

ინფორმაციული ტექნოლოგიებით, ციფრულ ტექნიკაზე წვდომით ისეთსავე დონეზე ვართ, როგორც მოწინავე ქვეყნებში არიან. ინფორმაციული ტექნოლოგიებით წინ ვართ წასული და ჩამორჩენაზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სხვაობა შემოსავლებში. სხვა მხრივ, შრომის წარმოებას თუ გადავხედავთ, ტექნოლოგიები აგრარულ სექტორში გაცილებით დაბალია, ვიდრე ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ მოხმარების მხრივ ჩვენი მდგომარეობა საგანგაშო არ არის. ბოლო დროის მონაცემით, 1.6 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილი შემოდის ქვეყანაში და ეს ემსახურება სწორედ მიმდინარე მოთხოვნილებების უფრო მაღალ დონეზე დაკმაყოფილებას.

ამასობაში კი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოსახლეობის კეთილდღეობაზე ეკონომიკური ზრდის გავლენა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია: „ქვეყნის ეკონიმიკა და მოსახლეობა დღეს სხვადასხვა გზით მიდიან. ამ ვითარებაში ლოგიკურია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა სოციალური ფონის გაუმჯობესებას ვერ განაპირობებს. ეს პროცესი ხალხის შემოსავლებზე ასე სწრაფად არ აისახება. ქვეყნის ეკონომიკური ზრდის სიკეთე შეიძლება იგრძნონ რამდენიმე წლის შემდეგ, ჯერჯერობით ეს შეუძლებელია. საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ გავლენას, სავარაუდოდ, 2020 წლის შემდეგ უფრო შეამჩნევს. მარტივი საქმე არ არის, როცა ქვეყანაში სოციალურ შემწეობას ნახევარი მილიონი ადამიანი იღებს. ეს კარგია, რომ სახელმწიფო ეხმარება საკუთარ მოქალაქეებს, მაგრამ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ ასეთი საჭიროება არ იდგეს. წარმოების განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის გარეშე არაფერი გამოვა. ჩვენ გვინდა რეალური სამუშაო ადგილები და არა პოპულიზმი...“

სპეციალისტთა და ანალიტიკოსთა შეფასებით, მარტში დაფიქსირებული ექვსპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და წლის მომდევნო თვეებისთვისაც ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა, რადგან საგარეო ვაჭრობაში პოზიტიური ტენდენციები შეიმჩნევა...

ანალიტიკოსი შოთა გულბანი: „ბოლო დროს ჩვენ ვხედავთ, რომ იმპორტი მცირდება და ადგილობრივი წარმოება ძლიერდება. ამას ხელს უწყობს როგორც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, ისე სამთავრობო პროგრამები, რომლებიც მეწარმეებს საწარმოო ციკლის თითქმის ყველა კომპონენტში უჭერს მხარს...“ 

და, ბოლოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოში თითქმის თანაბარია, თუმცა, ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, მიზნობრივ მაჩვენებლამდე საქართველოს თხუთმეტი წელი, სომხეთს ოცი წელი, აზერბაიჯანს კი თითქმის ნახევარი საუკუნე აშორებს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან ყველაზე ახლოს არიან ყაზახეთი და თურქმენეთი, რომლებსაც მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევა ათ წლამდე პერიოდში შეუძლიათ...

 

მთავარი თემები