ბანკების ობობას ქსელი – რატომ იხრჩობა თავისუფალი ბიზნესი საქართველოში

© Sputnik / Alex Shlamovიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბანკების არაპროფილური საქმიანობა ეკონომიკის განვითარებას აფერხებს! – ასეთია ექსპერტ-ანალიტიკოსების დიდი უმრავლესობის დასკვნა. რატომ არ ან ვერ გვარდება პრობლემა და რა ემუქრება ბიზნესს?

სამსონ ხონელი

ქვეყნის საფინანსო სექტორში, კერძოდ, საბანკო სისტემაში მიმდინარე პროცესები კვლავ აქტუალური თემაა. მაშინ, როცა კომერციული ბანკების მესვეურები საკრედიტო პორტფელის შემცირებას უჩივიან და ხელისუფლებას რეგულაციების ლიბერალიზაციისკენ მოუწოდებენ, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ბანკების არაპროფილურმა საქმიანობამ არნახულ მასშტაბს მიაღწია და არ დარჩა დარგი, სადაც არაპროფილურმა ბიზნესმა კონკურენცია არ მოსპო... წინამდებარე სტატიაში ყურადღებას სწორედ ამ საკითხზე გავამახვილებ.

მკითხველს შევახსენებ, რომ ოფიციალურად საფინანსო სექტორს მსგავსი საქმიანობის შეზღუდვა დაუწესდა. მიუხედავად ამისა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თითქმის ყველა ბიზნესში მრავლადაა ბანკებთან მჭიდროდ დაკავშირებული კომპანიები, რომლებსაც ფინანსურ რესურსზეც მეტი წვდომა აქვთ და კონკურენტების ჩამოშორებასაც ადვილად ახერხებენ. როგორც ჩანს, საფინანსო სექტორს ბევრი გზა რჩება ლავირებისთვის.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია - Sputnik საქართველო
„არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს ტელევიზორისთვის აიღებს“ – ქობულიას ფრაზა-შედევრები

რატომ ვერ ხერხდება არაპროფილური აქტივების ბანკების საქმიანობისგან გამიჯვნა? ეკონომისტი, პროფესორი დავით ასლანიშვილი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მიზეზი ფასიანი ქაღალდების კომისიის არარსებობაა. ის საქართველოში ჯერ კიდევ 2006-2007 წლებში გაუქმდა. მას შემდეგ საფონდო ბაზარი ბანკებს „ჯიბეში უდევთ“, საბროკერო კომპანიები გაანადგურეს − ეს კომპანიები თავად არიან ბანკების ფილიალები. მისი შეფასებით გამოდის, რომ ბოლო წლებში არც არაფერი შეცვლილა და ვერც ვერაფერი აუკრძალავთ.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ დროა ქვეყანაში ჩამოყალიბდეს საფინანსო ჰოლდინგების ეფექტიანი ზედამხედველობის მექანიზმი. ის კიდევ ერთ საგულისხმო ნიუანსზე მიანიშნებს: იურიდიულად არც ერთი კომერციული ბანკი არ ფლობს არაპროფილურ აქტივებს, მაგრამ რეალურად თითქმის ყველა ბანკია ჩართული ამ პროცესში...

ბანკებმა გვერდი მარტივად აუარეს კანონის უსუსურ ჩანაწერს და ჰოლდინგურ სტილზე გადავიდნენ. გადამალეს თავიანთი ქონება, ვიღაც-ვიღაცების სახელზე გადააფორმეს კომპანიები და ახლა ამბობენ, რომ მათ საერთოდ არა აქვთ შეხება რომელიმე ბანკთან. ეს ჰოლდინგური კომპანიები გატანილი აქვთ საზღვარგარეთ – ვირჯინიის კუნძულებზე თუ სხვაგან, და საქართველოში ამ მოდელით ოპერირებენ. ბანკები როგორც ადრე ფლობდნენ, ისევ ისე ფლობენ ამ კომპანიებს, არ არის გამორიცხული, რომ მაღაზიები და რესტორნებიც კი ჰქონდეთ.

სათამაშო აპარატები - Sputnik საქართველო
წინასწარ ცნობილი შედეგი... ანუ ფსონების მიღება გრძელდება!

ეკონომისტი, პროფესორი დავით ასლანიშვილი: „შედიან, გამოხრავენ ამა თუ იმ დარგს ბოლომდე, ან გაანადგურებენ ყველა კონკურენტს, მერე ამ ბიზნესს თვითონ იპყრობენ და ისიც ნელ-ნელა ნადგურდება. მოსახლეობა კი ოლიგოპოლიის მსხვერპლია. სიტუაციას ეროვნული ბანკი ვეღარ უმკლავდება, რადგან კომერციული ბანკები თავისი თავის ზედამხედველები არიან. როგორც კი მათ აპარატიდან გათიშავენ, ჩვენი საბანკო სისტემა დაინგრევა...“

კომერციული ბანკების მიერ არაპროფილური ბიზნესების ფლობა ეკონომიკის განვითარების ტემპს აფერხებს, ირღვევა ეკონომიკის მთავარი პრინციპი – კონკურენტუნარიანობა. მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეროვნული ბანკი არ აღიარებს არაპროფილური აქტივების არსებობას...

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი: „ყველამ ყველაფერი ვიცით. დღეს პრობლემა არის არაკონკურენტუნარიანი გარემო. ჯანსაღი კონკურენციის გარეშე ბაზარი არ ვითარდება. როგორიც არ უნდა იყოს ეროვნული ბანკის განცხადებები, ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ბანკების არაპროფილური აქტივები განვითარებაში გვიშლის ხელს. ვის მიანიჭებს კრედიტის გაცემისას უპირატესობას ბანკის მენეჯმენტი − საკუთარ თუ კონკურენტ კომპანიას? დღეს ამ თემაზე დავაც კი რთულია, რადგან დოკუმენტურად ყველაფერი „სუფთადაა“. ჩემთვის მთავარია შედეგი, გადამწყვეტია ის, თუ რა გარემოში გვიწევს ოპერირება და არა განცხადებები. ყველაზე მტკივნეული კი თვალთმაქცობაა”.

დიდი დრო არ გასულა, რაც სადაზღვევო კომპანიებმა ბანკების ექსპანსიის შესაჩერებლად მთავრობას, პარლამენტსა და ეროვნულ ბანკს ღია წერილით მიმართეს.

კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო
ჯიუტი ბანკირი და გაცრუებული იმედები...

„ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როცა საბოლოოდ იშლება ზღვარი საბანკო და სადაზღვევო სექტორს შორის. დამოუკიდებელ სადაზღვევო კომპანიებს ეზღუდებათ ბაზარზე წვდომა და ბანკების ხელში არსებული რესურსების უკონტროლოდ გამოყენების პირობებში თავისუფალი მოთამაშეებისთვის ადგილი აღარ რჩება“, − ვკითხულობთ მიმართვის ტექსტში. საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის თქმით, არაპროფილური ბიზნესი ხელს უშლის სფეროს განვითარებას. დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ მოლაპარაკება რეგულირებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, თუმცა ხელშესახები შედეგი ჯერაც არ დამდგარა.

არაპროფილური აქტივების არსებობასა და ამით შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ ექსპერტულ წრეებში, აღნიშნავენ, რომ ამ ვითარებაში გამოსავლის პოვნა ადვილი არ არის, თუმცა აუცილებელია.  

ანალიტიკოსი გიორგი კაპანაძე: „ბანკებს აქვთ ბევრად მეტი ფინანსური რესურსი და შესაძლებლობა – საკუთარ კომპანიებზე სესხები გასცენ ბევრად უკეთესი პირობებით და ბევრად უფრო მარტივად მოიძიონ რესურსი საქმიანობის გასაფართოებლად. კერძო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან ისიც ბევრჯერ მსმენია, რომ ისინი ერიდებიან ბანკთან მისვლას და მაქსიმალურად ცდილობენ თავი აარიდონ, ვინაიდან არ სურთ, ხელში ჩაუვარდეთ მათ შესახებ ინფორმაცია. რასაკვირველია, იგი შეიძლება ბოროტად გამოიყენონ. სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრია ასეთი სფერო. განსაკუთრებით კი ეს ეხება ორ დიდ ბანკს. თითქოს მათგან გამოყოფილია სხვადასხვა ორგანიზაცია, ფორმალურად და იურიდიულად გამიჯნულია ყველაფერი, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ კავშირშია და მათია. ისედაც საკმაოდ დაბალი კონკურენციის და მწირი ოპერატორების პირობებში სიტუაცია კიდევ მეტად მძიმდება. რთულია თქმა, რა არის კონკრეტული გამოსავალი, თუმცა ფაქტია, რომ მყისიერადაა საპოვნი და ქმედება უნდა იყოს რეალური...“

გაზაფხული თბილისში - Sputnik საქართველო
კვირა, რომელიც საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება: ოცნებების ასრულება იწყება?!

ბოლო ექვს წელიწადში საქართველოს ეკონომიკის საშუალოდ 4-5 პროცენტით ზრდის პირობებში საბანკო სექტორის მოგება ყოველწლიურად დაახლოებით ხუთჯერ იზრდებოდა და ეს რიცხვი 14.7 მილიარდი ლარიდან 35.3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა...

ანალიტიკოსების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საჭიროა საფინანსო ჰოლდინგების რეგულირებისა და ზედამხედველობის დამკვიდრება. ეს ეროვნული ბანკის პრეროგატივაა. არსებობს საერთაშორისო გამოცდილება, აუცილებელია მისი შესწავლა და ჩვენი ქვეყნის სპეციფიკაზე მორგება...

 

ყველა ახალი ამბავი
0