საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა. ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებს ეხება.
სკანდალური კანონპროექტი სასამართლოების შესახებ დამტკიცებულია >>
პარლამენტმა სკანდალური კანონპროექტი ოთხშაბათს დაამტკიცა. საპარლამენტო ოპოზიციამ მას მხარი არ დაუჭირა. მათი თქმით, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ ვენეციის კომისიის პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია უგულებელყო. საპარლამენტო უმრავლესობა კი ამტკიცებს, რომ მან მხოლოდ ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.
„ქართული ოცნების“ ოპონენტებმა პარტია დაადანაშაულეს სასამართლოში კლანური სისტემის გამყარების მცდელობაში, რათა ხელისუფლების ეს შტო უფრო ადვილი სამართავი იყოს. საპასუხოდ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ოპოზიციის ერთადერთი მიზანი - სასამართლოში კოლაფსის გამოწვევაა.
„განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფრო ღია, გამჭვირვალე შერჩევას და პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ იგი დადებითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლებაზე“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
„სასამართლო სისტემა მძიმე მდგომარეობაშია და ეს კანონპროექტი კიდევ უფრო ართულებს ამ ვითარებას. სასამართლო სისტემა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო კლანის ხელშია, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში მთავრობის შეკვეთების შესრულებას უკეთებდა ორგანიზებას. ესენი პოლიტიკური შეკვეთების საუკეთესო ორგანიზატორები და საუკეთესო შემსრულებლები არიან“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილმა თანაშემწემ კახა წიქარიშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.
შესწორებები უკვე ძალაში შევიდა. ისინი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
რა იცვლება
შესწორებების თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა პარლამენტში სიის გადაგზავნამდე ოთხ ეტაპად გაიმართება.
ახალი კრიტერიუმების თანახმად, თავდაპირველად იუსტიციის უმაღლესი საბჭო განაცხადების მიღებას დაიწყებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტის დასაკავებლად განცხადების შეტანა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ასაკი 30 წელზე მეტია, მოქმედ მოსამართლეებს არანაკლებ ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილებით, ასევე ყოფილ მოსამართლეებს პროფესიული მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილებით, რომელთა სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ არის გასული. ასევე კონკურსში ჩართვის უფლება ექნება სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება აქვს.
რატომ წავიდნენ, გაუგებარია - ივანიშვილმა ბესელიას პოლიტიკური პერსპექტივები შეაფასა >>
კანდიდატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინონ თავიანთი CV, ავტობიოგრაფია და სარეკომენდაციო წერილი. ეს ინფორმაცია საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
პირველ ეტაპზე საბჭო ფარული კენჭისყრით, დამოუკიდებლობისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმების გათვალისწინებით, შეარჩევს მინიმუმ 45 პირს (ვაკანტურ ადგილებზე სამჯერ მეტი). შერჩეული კანდიდატების სიაც უნდა გამოქვეყნდეს.
შემდგომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატებთან საჯარო გასაუბრებებს დაიწყებს. გარდა ამისა, დაიწყება მათ შესახებ ინფორმაციის გადამოწმება. ის კანდიდატი, რომელიც ინფორმაციის წარმოდგენაზე უარს განაცხადებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე პრეტენდენტთა სიიდან გამოირიცხება. ეს პუნქტები კანონპროექტს ოპოზიციის მოთხოვნით დაემატა.
მომდევნო, გასაუბრების ეტაპზე საბჭო შეამცირებს კანდიდატთა რაოდენობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანსიების რაოდენობამდე. ამასთან, კანდიდატებს, რომლებიც არ არიან მოსამართლეები, დაუწერენ ქულებს, რომლებზეც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება დამოკიდებული.
შემდეგ დაიწყება კენჭისყრა - თითოეულ დარჩენილ კანდიდატს საბჭო კენჭს ცალ-ცალკე უყრის. სიაში მოხვდებიან ისინი, ვინც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ 2/3 ხმას მიიღებს.
პარლამენტში გადაიგზავნება კანდიდატთა დამტკიცებული სია, ინფორმაცია მათ შესახებ, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასკვნა.
ახალი ფიგურები ან ახალი იდეები - როგორ უნდა მოიგოს 2020 წლის არჩევნები „ოცნებამ“ >>
მეხუთე, ანუ ბოლო ეტაპი ეხება შემთხვევებს, როდესაც პარლამენტი უარს ამბობს ამა თუ იმ კანდიდატის დამტკიცებაზე. ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უნდა წარუდგინოს ისეთი კანდიდატი, რომელიც კანდიდატების შერჩევის მესამე ეტაპამდე ვერ მივიდა.
სკანდალური პრეისტორია
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმების დამტკიცებას წინ უძღოდა სკანდალი, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ რვა დეპუტატის წასვლა მოჰყვა.
2018 წლის მიწურულს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა მოსამართლეთა კანდიდატების სია მათი ბიოგრაფიებისა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და მოითხოვა დაჩქარებული წესით სიის დამტკიცება, რადგან უზენაეს სასამართლოს კატასტროფულად აკლია მოსამართლეები. უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 28 ადგილიდან 18 ვაკანტურია.
სკანდალი მას შემდეგ გამწვავდა, რაც გაირკვა, რომ სიაში შეტანილი იყო იმ მოსამართლეთა გვარები, რომელთაც წინა ხელისუფლების დროს მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებდნენ.
საბოლოოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დათმობაზე წავიდა, „ქართულმა ოცნებამ“ კი შერჩევის მკაფიო კრიტერიუმების შემუშავების პირობა დადო, რათა მოსახლეობას დანიშნული მოსამართლეების ობიექტურობაში ეჭვი არ შეეტანა. კანონპროექტზე მუშაობდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მოგვიანებით კანონპროექტი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით ვენეციის კომისიაში გაიგზავნა. კომისიის რეკომენდაციების ნაწილი პარლამენტმა გაითვალისწინა, მათ შორის, არამოსამართლე კანდიდატებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდების გაუქმების შესახებ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებისთვის კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ, რომლებიც იმავდროულად მოსამართლეთა კანდიდატები არიან.