17:17 22 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3158
  • 100 RUB4.6607
  • USD2.9701
თი-ბი-სი ბანკი

ოთხი თვის მონაგარი, ანუ საბანკო რეგულაციები ციფრებში...

© Sputnik / Alexander Imedashvili
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
1129 0 0

როგორია გამკაცრებული საბანკო რეგულაციების პირველი შედეგები, რა იკითხება კონკრეტულ ციფრებს შორის და გამართლდა თუ არა საბანკო სფეროს წარმომადგენელთა პროგნოზი?

სამსონ ხონელი

დრო გარბის, მიმდინარე წლის მესამედი უკვე გაილია. ეს ის ოთხი თვეა, რაც საბანკო სფეროში რეგულაციების პაკეტი სრულად ამოქმედდა და საკრედიტო ორგანიზაციებს თამაშის ახალი წესები დაუდგინდათ. შედეგების შეჯამების დროა − ბრძანებს დაინტერესებული მკითხველი. ეროვნული ბანკი ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებს და სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. რამდენიმე მონაცემს ჩვენც გავეცნოთ...

ჩემი ყურადღება ერთმა გარემოებამ მიიქცია: მაშინ, როცა საბანკო სექტორის წარმომადგენლები საკრედიტო პორტფელის შემცირებას უჩივიან და ამის მიზეზად გამკაცრებულ რეგულაციებს ასახელებენ, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2019 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, 316.7 მილიონი ლარით გაიზარდა და 1 აპრილისათვის 26.8 მილიარდი ლარი შეადგინა. საგულისხმოა, რომ ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 226.8 მილიონი ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების მოცულობა 89.9 მილიონი ლარით არის გაზრდილი. ვიდრე სხვა მონაცემებს გაგაცნობთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კომენტარს შემოგთავაზებთ. მთავარი ბანკირი აცხადებს, რომ რეგულაციები კი არ ზღუდავს, არამედ აჯანსაღებს სისტემას...

კობა გვენეტაძე: „ფიზიკური პირების დაკრედიტებისას ჩვენი პასუხისმგებლიანი მიდგომების დანერგვის პირველი შედეგი ლარის დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხების შეთავაზებები იყო. დღეს უკვე ახალი პროდუქტები გამოჩნდა ბაზარზე − „სესხი რეპეტიტორებს“, ასევე სპეციალური, გამარტივებული შეთავაზებები ემიგრანტებისთვის ბინის შესაძენად, ან მათთვის, ვინც საქართველოშია, მაგრამ საზღვარგარეთიდან გზავნილებს იღებს. ასე რომ, რეგულაციები კი არ ზღუდავს, არამედ აჯანსაღებს სისტემას და გადახდისუნარიანი მომხმარებლებისთვის ახალ, გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს აჩენს. ვფიქრობ, რეგულაციის დადებითი ეფექტები საშუალო- და გრძელვადიან პერიოდში კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება. ბუნებრივია, რომ ეს არ გამორიცხავს საჭიროების შემთხვევაში რეგულაციაში ტექნიკური ცვლილებების შეტანას. არ შეიცვლება მთავარი პრინციპი – სესხი გაიცემა მხოლოდ გადახდისუნარიანობის შეფასების საფუძველზე...“

დავუბრუნდეთ სტატისტიკურ მონაცემებს. თქვენ წარმოიდგინეთ, მკაცრი რეგულაციების მიუხედავად, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 3.2 მილიონი ლარით გაიზარდა და 486.5 მილიონ ლარს გაუტოლდა. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი აღნიშნავს, რომ დაკრედიტების ძველი სისტემის პირობებში ეს მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალი იქნებოდა. აღვნიშნავ, რომ ვადაგადაცილებული სესხების 44.7 პროცენტი ეროვნულ ვალუტაშია გაცემული...

ორიოდე სიტყვა საქართველოს კომერციული ბანკების მთლიან აქტივებზეც ვთქვათ. საბანკო სფეროს წარმომადგენლები პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პირობებში აქტივების ზრდის ტემპის საგრძნობლად შენელებას ვარაუდობდნენ. თუმცა, გაირკვა, რომ მარტში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 464.7 მილიონი ლარით გაიზარდა და 1 აპრილისთვის 39.4 მილიარდი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკი აკონკრეტებს, რომ საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.3 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.4 პროცენტია.

საინტერესოა, რა იკითხება ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ამ და სხვა ციფრებს შორის და როგორ აფასებენ რეგულაციების პირველ შედეგებს საბანკო სფეროს სპეციალისტები და ექსპერტ-ანალიტიკოსები.

ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე: „ამ მონაცემებიდანაც ნათლად ჩანს, რომ ახალმა საბანკო რეგულაციებმა და ლარიზაციის სტრატეგიამ გაამართლა და ბიზნესის დაკრედიტების კუთხით არა თუ შემცირება არ მომხდარა, არამედ, პირიქით, ზრდის ტენდენციაა შენარჩუნებული. ახალი საბანკო რეგულაციების ნეგატიური ზეგავლენა პრაქტიკულად ამოწურულია. უცხო არ არის, რომ საბანკო რეგულაციას ყოველთვის აქვს მოკლევადიანი ნეგატიური ზეგავლენა, რომელიც ამოწურვადია და დადებით შედეგს საშუალო- და გრძელვადიან პერიოდში გვაძლევს რისკების შემცირების, საპროცენტო განაკვეთების დაწევისა და სისტემის სტაბილური განვითარების კუთხით. საბანკო რეგულაციების კიდევ ერთ დადებით ეფექტსაც მალე ვნახავთ, როდესაც ბანკების საკრედიტო პორტფელის ბოლო წლების ასიმეტრია გასწორდება და დაკრედიტების აქცენტები ბიზნესის დაკრედიტების მხარეს გადავა...“

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ირკვევა რომ 400 მილიონი ლარით შემცირდა მოკლევადიანი სამომხმარებლო სესხების გაცემა. კლება ძირითადად სწრაფი სესხებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით განვადებების სეგმენტზე აისახა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს მოსალოდნელი იყო. სამაგიეროდ 463 მილიონი ლარით გაიზარდა გრძელვადიანი სამომხმარებლო სესხების საერთო მოცულობა და 3.526 მილიარდი ლარი შეადგინა. ექსპერტთა დასკვნით, საბანკო პორტფელს ახასიათებს გადადინების ეფექტი ერთი მიმართულებიდან მეორე მიმართულებით.  

დარწმუნებული ვარ, მკითხველს საპროცენტო განაკვეთების კლებისა თუ მატების დინამიკა განსაკუთრებით აინტერესებს. ეროვნული ბანკის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 16.3 პროცენტიდან 17 პროცენტამდე, ზრდა კიდევ უფრო მაღალია მოკლევადიან სესხებზე ეროვნული ვალუტით – 20 პროცენტიდან 22.7 პროცენტამდე. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ეს ბუნებრივი პროცესია. ბანკებს შეუმცირდათ განვადებისთვის გაცემული სესხების მოცულობა და ამონაგები სხვა ტიპის კრედიტიდან გაზარდეს... მათივე შეფასებით, პერსპექტივაში ვითარება შეიცვლება.

გიორგი ცუცქირიძე: „მომავალში პროცენტი აქაც დაიკლებს, წმინდა კონკურენციის ფაქტორის გამო. რისკის პრემია რეალურად კი არ გაზრდილა, არამედ დადასტურებული შემოსავლის პირობებში, პირიქით, შემცირებულია. რეგულაციებმა მოკლევადიანი სამომხმარებლო სესხების კუთხით შექმნა პრობლემებიც, განაკუთრებით, სავაჭრო ქსელებისთვის, მაგრამ ეს როგორც ბანკებს, ასევე მათაც მოუწევთ ბიზნეს–მოდელების გადაწყობა. მაგრამ ეს არ მიმაჩნია სერიოზულ და გადაუჭრელ პრობლემად. იკვეთება ახალი ტენდენცია − სავაჭრო ობიექტები, რომლებიც საყოფაცხოვრებო ტექნიკით განვადებების პრაქტიკას იყენებდნენ, ნელ-ნელა გადადიან შიდა განვადებების ახალ ბიზნეს–მოდელებზე.  

ანალიტიკოსები მიანიშნებენ, რომ ექსპერტთა ნაწილის მოსაზრება, თითქოს ახალი საბანკო რგულაციების ზეგავლენა ეკონომიკაზე და იპოთეკურ დაკრედიტებაზე ცალსახად ნეგატიური იქნებოდა, გადაჭარბებული აღმოჩნდა. პირველი კვარტლის შედეგებმა კი დადასტურა, რომ ეს მთელი კამპანია ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების მიერ იყო ორკესტრიტრებული.

 

მთავარი თემები