07:52 23 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2357
  • 100 RUB4.5779
  • USD2.8831
ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია

„არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს ტელევიზორისთვის აიღებს“ – ქობულიას ფრაზა-შედევრები

© photo : Ministry of Economy of Georgia / FB
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
118820

„Sputnik–საქართველოს“ ექსპერტის მოსაზრება იმაზე, თუ რატომ წავიდა გიორგი ქობულია, რა არ აპატიეს მეოცნებე გუნდის რიგით მეექვსე ეკონომიკის მინისტრს და რა გეგმით მოდის ნათია თურნავა?

სამსონ ხონელი

თანამდებობას ხომ არ ტოვებთო − ჰკითხეს ჩემმა კოლეგებმა ეკონომიკის მინისტრს და პასუხი ვერ მიიღეს კითხვაზე. გიორგი ქობულიამ ჟურნალისტები მთავრობის თავმჯდომარესთან გადაამისამართა... „არსებობს პრემიერ-მინისტრი, რომელიც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და მას შეგიძლიათ მიმართოთ...“, - მშვიდად განმარტა მეოცნებე ხელისუფლების რიგით მეექვსე ეკონომიკის მინისტრმა. ასე დაიწყო მორიგი თევზის დღე... ახლა მძიმე მარხვაა, სხვა დროს ამ უმნიშვნელო დეტალს ყურადღებას არ მივაქცევდი. რამდენიმე საათის განმავლობაში იყო მოლოდინი, მერე კი კვანძი გაიხსნა. ნაშუადღევს პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ ის მართლაც არსებობს და ცნობისმოყვარეობაც დააკმაყოფილა. მამუკა ბახტაძემ კალმის ერთი მოქნევით ორი ავტოგრაფი დასვა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულია ნათია თურნავამ ჩაანაცვლა...

საკადრო გადაწყვეტილებაზე პრემიერ-მინისტრმა მხოლოდ მეორე დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. განსაკუთრებული არაფერი უთქვამს, ყოფილს კვალიფიკაცია მოუწონა და გაწეული გარჯისთვის მადლობა უთხრა. გიორგი ქობულიასთან სტრატეგიულ საკითხებზე დაპირისპირება კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ აღსრულების ნაწილში სასურველი ტემპი არ იყო. გათავისუფლების მიზეზი არ დაუკონკრეტებია. ეკონომიკის ახალი მინისტრის წარდგენისას მთავრობის თავმჯდომარეს არ დაუმალავს ის, რომ მინისტრად ახლად დანიშნულ ნათია თურნავასთან თანამშრომლობის ათწლიანი გამოცდილება აკავშირებს. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მინისტრს მოუწევს ამბიციური დავალებების შესრულება, ვადები კი იქნება მკაცრი.

პრემიერ-მინისტრი გვარწმუნებს, რომ უახლოეს მომავალში მთავრობის შემადგენლობაში სხვა ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა დასძენს, რომ თუ რომელიმე მინისტრი ტემპს ჩამორჩება, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს. ახლა ვანო მაჭავარიანმა უნდა იფიქროს, როგორი ტემპი აქვს, რადგან მასმედია უკვე ეძებს პასუხს კითხვაზე – ხომ არ ინიშნება მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე. ამ და სხვა კითხვებზე, მათ შორის, რას მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას ახალი მინისტრი, რითი იქნება ის გამორჩეული, როდის და რა მიზეზით დატოვებს ეკონომიკის პირველ სავარძელს, დროდადრო მივიღებთ პასუხებს. მანამდე კი წარსულისკენ გავიხედოთ...        

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ხანგრძლივი შვებულებებით გავიცანით. მინისტრად დანიშვნის შემდეგ დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ვერ პოულობდნენ. ის ქვეყნიდან წავიდა და დაიკარგა. მაშინ მისთვის საყვედური არავის უთქვამს. ჩემოსვლის შემდეგ განაცხადა, ჩემ ბიზნესებს ვალაგებდი, ხომ უნდა გადამებარებინა ვინმესთვისო, და… კვლავაც წავიდა, რის გამოც გასული წლის აგვისტოში სოციალურ ქსელში მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციაც გავრცელდა. მერე კი დაბრუნდა და საკუთარი გამონათქვამებით საზოგადოება ბევრჯერ გააოცა.

მეხსიერებას მარგალიტები უხვად შემორჩა. არ დავიზარებ და ზოგიერთ მათგანს შეგახსენებთ:

„საქართველო ისეთი მდიდარი, როგორიც დღეს არის, არასდროს ყოფილა...“

„შეიძლება განცდა აქვს ხალხს, რომ, რა თქმა უნდა, უჭირთ და ამიტომ ახლა ზოგს ჰგონია, რომ შეიძლება უარესად ცხოვრობს, მაგრამ რომ ვნახოთ ფაქტები, ეს ასე არ არის...“

„ჩვენ გვყავს ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი, რომელსაც ჰქვია სამუშაო ძალის გარეთ. ყველაზე ტიპიური წარმომადგენლები არიან დიასახლისები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ მუშაობა არ გვინდა...“

„ინფლაციაში ჩვენ ვართ კომფორტულად...“

„ჩვენი ეკონომიკური ზრდის ფილოსოფია ემყარება არა მარტო ეკონომიკის ზრდას, არამედ შემოსავლების თანაბარ გადანაწილებას“.

„როგორც მთავრობამ, ადამიანს როგორ უნდა მივცე გარანტია, რომ დავასაქმებ, ან რატომ უნდა მივცე?!.“

„უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებს აქვთ აგრეთვე ნეგატიური მხარეც. უცხოეთიდან ადამიანი შემოდის, ფულს დებს, მაგრამ ამ ფულს რომ ჩადებს, რისთვის დებს? – იმიტომ, რომ მერე რაღაცა გაიტანოს აქედან არა? დივიდენდის სახით...“

თუმცა გიორგი ქობულიას მოსაზრებებიდან გამორჩეული ერთი იყო, რომელიც გასულ კვირაში გამოთქვა, როცა პარლამენტში საბანკო რეგულაციების ლიბერალიზაციის საკითხზე მსჯელობდნენ:

„ყველას მოვუწოდებთ, ნუ ვიმსჯელებთ შედეგებზე ორი-სამი თვის მიხედვით. ჩვენ ცოტა მეტი დაკვირვება გვინდა. როგორც არაერთხელ გვითქვამს, დაკვირვების შედეგებზე დამყარებით შევიტანთ კორექტივებს რეგულაციებში, თუ ეს იქნება საჭირო... რეგულაციების ვექტორი არ შეიცვლება. ძირითადად ეს გენერალური მიმართულება იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს და რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ, ამას არ გადავუხვევთ. ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომელიც მიიღებს კრედიტს იმისთვის, რომ მაცივარი ან ტელევიზორი იყიდოს, ამის გამო მერე შავ სიაში ხვდება და შეიძლება ბინაც კი ჰქონდეს გასაყიდი. ჩვენ ეს აღვკვეთეთ, ამას არ გადავუხვევთ...“

გიორგი ქობულიას ამ სიტყვებს დიდი რეზონანსი მოჰყვა, იყო გულისწყრომა და ერთი ვიშვიში.

როგორც საზოგადოების ერთმა ნაწილმა სამართლიანად შენიშნა, ეკონომიკის მინისტრს ვერ წარმოუდგინა, რომ ადამიანს შეიძლება ტელევიზორი, და მაცივარი არ ჰქონდეს და ამისთვის ბანკს მიმართოს, კრედიტი აიღოს. რაც მთავარია, გიორგი ქობულიას ასეთი ადამიანები არ სჭირდება. საინტერესოა, დაახლოებით რამდენ ადამიანზე თქვა უარი ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეის მდგომარეობით, საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ უკვე გაუნულა დავალიანება იმ 615 164 მოქალაქეს, რომელთა კრედიტიც 2 ათას ლარს არ აღემატებოდა, ვერ იხდიდა და შავ სიაში იყო მოხვედრილი. მათ შორის აუცილებლად იქნებოდა რამდენიმე ათასი ისეთი, ვინც ბანკიდან სესხი სწორედ ტელევიზორისა და მაცივრის შესაძენად აიღო... ეკონომიკის ყოფილი მინისტრისთვის საყვედური არც მაშინ უთქვამთ, როცა ხმამაღლა და ამაყად განაცხადა, ჩვენი მთავარი მიზანი ეკონომიკის განვითარება არ არისო. ისე, ეკონომიკის ზრდისა რა გითხრათ, მაგრამ ქვეყნის ვალმა ისტორიულ მაქსიმუმს რომ მიაღწია, უკვე გაცხადდა. საქართველოს მთლიანი ვალი 17.5 მილიარდი დოლარია, ანუ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაახლოებით 4700 დოლარის დავალიანება აქვს... 

ძველს რატომ მისტირითო − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი და ვიტყვი, რომ ასე არ არის. ეს ყველაფერი ახლის გასაგონად ითქვა, მანაც წინამორბედის მსგავსად რომ არ იღაღადოს. სხვა რა გითხრათ, შვიდი ხომ საკრალური ციფრია და ეგება გაამართლოს!..

 

მთავარი თემები