15:26 07 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4295
  • 100 RUB4.1547
  • USD3.1740
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
1165 0 0

აბიტურიენტების რაოდენობა ცნობილია... რამდენი პირველკურსელი ეყოლება ქვეყანას და მათგან რამდენი შეძლებს სწავლის საფასურის სრულად დაფარვას, წლიდან წლამდე რატომ იზრდება სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა?

სამსონ ხონელი

ერთი კვირა გავიდა, რაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ვადა ამოიწურა. საქართველო მომავალ სასწავლო წელს 44 კერძო და 19 სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლით ხვდება. ტრადიციულად, ვრცელია საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალიც. სწავლის მსურველი 41 ათასამდე აბიტურიენტია... ბევრია ეს თუ ცოტა? გააჩნია, ვისთვის როგორ? ბოლო რამდენიმე წელია, რაც აბიტურიენტების რაოდენობა საშუალოდ 38-დან 43 ათასამდე ფარგლებში მერყეობს.

საქართველოში გამოსაშვები გამოცდები საბოლოოდ მაინც გაუქმდა>>>

„საქსტატის" მონაცემებით, 2018 წელს ეროვნულ გამოცდებზე 40 405 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, მათგან გამოცდებზე 36 497 აბიტურიენტი გავიდა. სწავლის გაგრძელების უფლება 26 696-მა მოიპოვა, საგამოცდო ზღვარს მიღმა კი დარჩა 8 590 აბიტურიენტი – საერთო რაოდენობის 24,4%, ანუ თითქმის ყოველი მეოთხე.

გასულ წელს სტუდენტების საერთო რაოდენობამ 147 700 შეადგინა. როგორც განათლების ექსპერტთა დიდი უმრავლესობა აცხადებს, ამ რაოდენობის სტუდენტების კვალიფიციური მომსახურებისთვის საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი არც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არსებობს, არც ინტელექტუალური რესურსი და აკადემიური პერსონალიც არ არის საკმარისი. ყოველივე ეს საბოლოო ჯამში განათლების ხარისხზე აისახება, რაც, ძალიან რბილად რომ თქვათ, უკეთესის სურვილს ტოვებს.

სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებამ უნივერსიტეტებისთვის ავტორიზაციის გამკაცრებული სტანდარტები შემოიღო. იყო მოლოდინი, რომ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების არცთუ მცირე ნაწილი ახალ მოთხოვნებს ვეღარ დააკმაყოფილებდა და საქმიანობას შეწყვეტდა. თუმცა, ექსპერტების შეფასებით, იშვიათი გამონაკლისის გარდა, უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობა ამ პროცესს უმტკივნეულოდ გაივლის. რა მოხდა, რატომ გაუიოლდათ უმაღლეს სასწავლებლებს ავტორიზაციის პროცესი? ერთმნიშვნელოვანი პასუხი კითხვაზე არ არსებობს. თავად დარგის მესვეურები აცხადებენ, რომ უნივერსიტეტები სათანადოდ მოემზადნენ, რაც შედეგებზე აისახა კიდეც. ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არ ეყო, მზად არ აღმოჩნდა გამკლავებოდა იმ სოციალურ მღელვარებას, რაც უმაღლესი სასწავლებლების დიდი რაოდენობით შესაძლო დახურვასა და პროფესორ-მასწავლებლების უმუშევრობას მოჰყვებოდა. კვლავ ამოქმედდა პრინციპი − ნუ იქნება ოღონდ ბუნტი!

ექსპერტთა შეფასებით, განათლების ხარისხი მთავარ გამოწვევად რჩება და მისი გაუმჯობესება ახლა უკვე განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ფარგლებში მოიაზრება. მთავარია ფინანსები, რადგანაც სოლიდური ფულადი სახსრების დაბანდების გარეშე ხარისხზე საუბარი შეუძლებელია. უკვე მრავალჯერ ითქვა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასური მხოლოდ მიმდინარე ხარჯებს ფარავს და ხელს არ უწყობს სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას. ამასობაში კი ირკვევა, რომ სტუდენტების უმრავლესობისთვის სწავლის არსებული საფასურის გადახდაც კი პრობლემაა, რაც სტუდენტის სტატუსის შეჩერების ძირითადი მიზეზია.

უცხოეთში დასაქმებულ ქართველებზე გათვლილი ციფრებს აცდენილი რეალობა>>>

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ" (აფბა) სტატუსშეჩერებული სტუდენტების თაობაზე მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევას საფუძვლად დაედო „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის" ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2018 წელს საქართველოში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

ბოლო 6 წლის (2013-2018 წწ.) სტატისტიკური მონაცემების შედეგად დადგინდა, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. თუ 2013 წელს მათი რაოდენობა 21 704 იყო, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 53 932 სტუდენტს შეადგენდა.

საანგარიშო პერიოდში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობის ზრდის დინამიკა ასეთია: 

სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა 2013-2018 წლებში
© Sputnik / Konstantin Ivanov.
სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა 2013-2018 წლებში

გარდა ამისა, დადგინდა სტუდენტის სტატუსის შეჩერების მიზეზებიც. ეს არის: ფინანსური დავალიანება, სასწავლებლად უცხოეთში წასვლა, ორსულობა, მშობიარობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ წლების განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერების ძირითადი საფუძველი ფინანსური დავალიანება და ე.წ. სხვა მიზეზია. კვლევის ავტორების შეფასებით, გასული ორი წლის მონაცემები კარგად ასახავს ბოლო პერიოდის ტენდენციას.

გასულ წელს სტუდენტის სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო შეუჩერდა სულ 20 935 სტუდენტს, უცხოეთში სასწავლებლად წასვლის გამო – 183 სტუდენტს, ორსულობისა და მშობიარობის გამო – 240 სტუდენტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო – 155 სტუდენტს, ხოლო სხვა მიზეზის გამო სტატუსი შეუჩერდა 32 419 სტუდენტს.

ჯიუტი ბანკირი და გაცრუებული იმედები...>>>

2017 წელს ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი 17 149 სტუდენტს ჰქონდა შეჩერებული. უცხოეთში სასწავლებლად წასვლის მიზეზით სტატუსი შეუჩერდა 196 სტუდენტს, ორსულობისა და მშობიარობის მიზეზით – 187 სტუდენტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო – 117 სტუდენტს, ხოლო სხვა მიზეზის გამო − 27 149 სტუდენტს.

პატივცემულ მკითხველს ციფრებით აღარ დავღლი. აშკარად თვალში საცემია, რომ სტატუსის შეჩერების მიზეზად უმრავლესობა ე.წ. სხვა მიზეზს ასახელებს, ხოლო ფინანსურ დავალიანებას მეორე პოზიცია უკავია. მონიტორინგის ავტორების განცხადებით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსის შეჩერების შემთხვევები, შესაძლოა, მითითებულზე გაცილებით მეტი იყოს. სტატუსის შეჩერების პროცესში სტუდენტები კონფიდენციალური ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავს იკავებენ და სტატუსის შეჩერების მიზეზად უთითებენ კრიტერიუმს „სხვა მიზეზი", რაც საბოლოო ჯამში ართულებს რეალური სურათის შექმნას იმის თაობაზე, თუ უსახსრობის გამო ყოველწლიურად რამდენ სტუდენტს უჩერდება სტატუსი.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსები საქართველოს პარლამენტს, მთავრობას და უმაღლესი სასწავლებლების მესვეურებს რეკომენდაციებით მიმართავენ.

ჩამონათვალთა შორისაა: ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის გადახდის მოქნილი გრაფიკის შეთავაზება და დაწესებული ჯარიმების გადახედვა; დასაქმების შემთხვევაში შეღავათიანი დაბეგვრის სისტემის შეთავაზება; უმაღლესი სასწავლებლის ბაზაზე ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებისათვის დასაქმების შეთავაზება და ფინანსური ტვირთის შესამცირებლად ელექტრონული სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობის ზრდა. ვინ რას გაითვალისწინებს, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი სწავლის საფასურის გადახდა სტუდენტების უდიდესი ნაწილისთვის მთავარ გამოწვევად რჩება.

მთავარი თემები