თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება განათლების სფეროზე სულ უფრო მეტ თანხას გამოყოფს, რაც რამდენიმე წლის შემდეგ ქვეყანას საშუალებას მისცემს აღმოჩნდეს იმ სახელმწიფოების სიაში, რომელთა მთავარი პრიორიტეტიც განათლებაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
მასწავლებლები განვითარებას ახლებურად შეძლებენ>>>
აღნიშნული განცხადება ბახტაძემ გააკეთა ახალი ინიციატივის „განათლება - გზა თავისუფლებისკენ" პრეზენტაციის ფარგლებში, რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებს საქართველოს ყველა რეგიონში საბავშვო ბაღების, სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების, პროფსასწავლებლების ინტენსიური მშენებლობის დაწყებას.
საქართველოს ხელისუფლებამ განათლების სფეროში მასშტაბური რეფორმა ჯერ კიდევ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო. ინიციატორი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი იყო.
„ეს (დაფინანსების გაზრდა) ნიშნავს იმას, რომ საქართველო ფინეთთან, ნორვეგიასთან, დანიასთან, სინგაპურთან და სხვა წამყვან ქვეყნებთან ერთად გახდება ქვეყანა, რომლის მთავარი პრიორიტეტი განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარებაა. ეს ნიშნავს, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლება სწრაფი ტემპებით გაუთანაბრდება ევროპულ დონეს, პედაგოგი კი ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი პროფესია გახდება", – აღნიშნა ბახტაძემ.
საქართველოს პრემიერის სიტყვებით, განათლების სფეროს ბიუჯეტი წლიდან წლამდე გაიზრდება და 2022 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს მიაღწევს.
„განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, როცა ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე, რაც, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. ეს იქნება უზრუნველყოფილი სპეციალური კანონმდებლობით „საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით", რომელიც ნებისმიერ მომავალ მთავრობას ათწლეულების განმავლობაში დაავალდებულებს, რომ სწორედ აღნიშნული მასშტაბის ინვესტიცია განახორციელოს ყოველწლიურად განათლების სექტორში", – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერს არ სურს საქართველოში მხოლოდ ელიტური სკოლები იხილოს>>>
მთავრობის მხრიდან ინვესტიციების ზრდა ხელს შეუწყობს კერძო სექტორის მხრიდანაც ინვესტიციების წახალისებას, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკაში დომინანტი სექტორი განათლება გახდება, მიაჩნია პრემიერს.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან იქნება ყველაზე ხარისხიანი უმაღლესი სასწავლებლები, საქართველოს უნივერსიტეტები მოხვდებიან საერთაშორისო ტოპ-რეიტინგებში და აღარ იქნება საჭირო, რომ ჩვენი შვილები და მომავალი თაობა საზღვარგარეთ გავგზავნოთ ბაკალავრის თუ მაგისტრის დიპლომის მისაღებად. შესაბამისად, ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი უმაღლესი განათლება იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი და არა პრივილეგია", – აღნიშნა ბახტაძემ.
საქართველოს მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ რამდენიმე წლის შემდეგ საქართველო დაიბრუნებს კულტურული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო კერის ფუნქციას.
ინიციატივის „განათლება - გზა თავისუფლებისკენ" პრეზენტაციას ბახტაძესთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, მთავრობის წევრები, დეპუტატები, პედაგოგები და მეცნიერები.