12:40 11 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5697
  • USD2.9089
თბილისის აეროპორტში

NO! ანუ უსაფრთხო ქვეყნიდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა პერსპექტივა...

© Sputnik / Alexander Imedashvili
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
117310

ევროკავშირთან ისტორიული შეთანხმების გაფორმებიდან ორი წელი გავიდა. უვიზო მიმოსვლით საქართველოს ექვსასი ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა! ემუქრება თუ არა საფრთხე ვიზალიბერალიზაციას და რატომ ეუბნებიან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში თავშესაფარზე უარს?

სამსონ ხონელი

პატივცემულო მკითხველო, წინამდებარე სტატიას ერთი მნიშვნელოვანი თარიღის შეხსენებით დავიწყებ. 28 მარტს ზუსტად ორი წელი გავიდა, რაც ჩვენ მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის უფლება მიეცათ. საზღვრების გახსნას წინ უსწრებდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები და სამოქმედო გეგმის შესრულება. საქართველომ საჭირო სტანდარტები და კრიტერიუმები დააკმაყოფილა და ევროკავშირმაც პარტნიორი ქვეყნისთვის მიცემული პირობა შეასრულა. ჩვენ მოქალაქეებს ბიომეტრიული პასპორტით ევროპაში უვიზოდ მოგზაურობა ექვსი თვის მანძილზე საერთო ჯამში ოთხმოცდაათი დღით შეუძლიათ. სავიზო ვალდებულების მოხსნას მოჰყვა მოწოდება წესების დაცვის შესახებ. პირობების დაცვა აუცილებელია. დარღვევებმა კი შეიძლება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებამდე მიგვიყვანოს.  

უვიზო მიმოსვლით საქართველოს ექვსასი ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. ორი წლის თავზე საკითხი აქტუალურია, მთავარი გამოწვევა უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საფრთხეს უკავშირდება. ისტორიული შეთანხმების გადახედვის საკითხი ევროკავშირის რიგ სახელმწიფოებში თავშესაფრის მსურველთა რიცხვის ზრდამ, კრიმინალის დონის მატებამ და ამ დანაშაულებში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობამ განაპირობა.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ რამდენიმე ქვეყანა შეშფოთებას გამოთქვამს. მათ შორის არიან გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი.  

საქართველოს ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე: „მიზეზი გახლავთ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა. აქ საუბარია აპლიკაციების გაორმაგებაზე და ზოგ ქვეყანაში გასამმაგებაზეც. საკითხი დღის წესრიგში დადგა ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან ძალიან მოკლე დროში, მაგრამ ბოლო ხანს გაძლიერებულად მიმდინარეობს ამაზე საუბარი და არა მხოლოდ წევრი სახელწმიფოებისგან, არამედ პროცესში ევროკომისიაც აქტიურად არის ჩართული. მაქვს შეხვედრები უწყებებთან და კაბინეტის წევრებთან. საქართველო მიჩნეულია უსაფრთხო ქვეყნად და საქართველოს მოქალაქის მოთხოვნაც თავშესაფარზე ევროკავშირის ქვეყნებში ყოვლად უსაფუძვლოდ ითვლება. ერთი სიტყვით, ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნის განხილვა 100 თუ არა 99 პროცენტით უარით სრულდება...“  

საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანეს ბელგიამ, დანიამ, ბულგარეთმა, ისლანდიამ, საფრანგეთმა, ჰოლანდიამ, ავსტრიამ, ლუქსემბურგმა. გერმანიაში საკითხზე ბოლო კენჭისყრა უახლოეს მომავალში გაიმართება. უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებით ევროკავშირის ქვეყნები აცხადებენ, რომ საქართველო წამების, სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის ხელმომწერი ქვეყანაა, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, არ დევნიან მოქალაქეებს და კონსტიტუციით უზრუნველყოფილია მოქალაქეთა თანასწორობა. შესაბამისად, ეს სახელმწიფოები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფრის ძიების საფუძველი არ აქვთ და მათი მცდელობა უპერსპექტივოა. ამიტომ ყველა განაცხადს შემჭიდროებულ ვადაში ამუშავებენ. მოქალაქეების უმრავლესობისთვის პასუხი ნეგატიურია. მეტიც, მათ ეზღუდებათ ევროპაში მოგზაურობა.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენში ყოველგვარი შეფერხების გარეშე მუშაობენ და ამიტომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

ევროპარლამენტის დეპუტატი რებეკა ჰარმსი: „ევროკავშირი თავშესაფრით უზრუნველყოფს ადამიანებს, რათა ისინი დაიცვას პოლიტიკური, რელიგიური თუ გენდერული ნიშნით დევნისგან. ეს არის ის, რაც ბოროტად არავინ არ უნდა გამოიყენოს. მე შემიძლია პოლიტიკური დევნა წარმოვიდგონო ბევრ ქვეყანაში, მაგრამ არა საქართველოში. ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანა ამბიციური რეფორმების პროცესშია. საქართველოს მოქალაქეებმა პატივი უნდა სცენ წესებს. თუ გინდათ უვიზო მიმოსვლა, წესებიც უნდა დაიცვათ, თუ არ გსურთ, რომ ისევ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა...“  

უვიზო მიმოსვლაზე ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომაზეც ისაუბრეს. ხაზგასმით და მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებს არა აქვთ შანსი, ევროკავშირის ქვეყნებში რაიმე სახის თავშესაფარი მიიღონ.

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი: „ვიზალიბერალიზაცია იყო ერთ-ერთი კონკრეტული მიღწევა და ვერ ვხედავ რაიმე რისკს, თუ საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება ზოგიერთ ხარვეზს გამოასწორებს ამ კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მასმედიის როლი, იმიტომ რომ მედიამ უნდა მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება. საქართველო მიიჩნევა უსაფრთხო ქვეყნად და საქართველოს ჩვენ ამ პრიზმაში ვუყურებთ. მოგიწოდებთ მასმედიას – საზოგადოებას აცნობოთ, რომ ისინი ევროპაში თავშესაფარს ვერ მოიპოვებენ, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა...“

ბოლო მონაცემები „ევროსტატმა“ ორიოდე კვირის წინ გამოაქვეყნა. დეკემბერთან შედარებით იანვარში ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 21 პროცენტით გაიზარდა, ხოლო გასული წლის იანვართან შედარებით – 9 პროცენტით. მიმდინარე წლის იანვარში თავშესაფარი საქართველოს 2412-მა მოქალაქემ მოითხოვა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ევროპულ ქვეყნებში თავშესაფარის მთხოვნელი საქართველოს 17980 მოქალაქე იყო.

საქართველო პირველ ათეულში მეცხრე ადგილზეა. ჩვენ „გვისწრებენ“ სირია, ავღანეთი, ერაყი, ირანი, პაკისტანი, თურქეთი, ალბანეთი და ვენესუელა. „ტოპ-ათეულს“ ნიგერია ასრულებს.

საგულისხმოა, რომ საქართველოსთვის და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება ევროპაში მიგრაციის უმწვავესი კრიზისის ფონზე გადაწყდა და თავისუფალი მიმოსვლა ასოცირებულ პარტნიორებთან დროებითი შეჩერების მექანიზმის ამოქმედებასთან ერთად შევიდა ძალაში. უნდა ვიცოდეთ, რომ ევროკავშირის თითოეულ წევრს აქვს უფლება მოითხოვოს დროებითი შეჩერების მექანიზმის ამოქმედება. საამისოდ საგრძნობლად უნდა გაიზარდოს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე უარს მიიღებენ ან არალეგალურად დარჩებიან. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეიძლება შეჩერდეს, თუ თავშესაფრის უსაფუძვლოდ მაძიებელთა მიმართვა მნიშვნელოვნად გაიზრდება, ან ქვეყანა ევროკავშირთან რეადმისიის კუთხით არ ითანამშრომლებს, თუ უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნიდან ჩასული მოქალაქეები საფრთხეს შეუქმნიან სახელმწიფოს საზოგადოებრივ წესრიგსა და მის შიდა უსაფრთხოებას. როგორც ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავჯდომარე საჯად კარიმი აცხადებს, საქართველოსთან მიმართებაში შეჩერების მექანიზმის გამოყენების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. „ახლოსაც კი არ ვართ დროებითი შეჩერების მექანიზმის გამოყენებასთან. ციფრების კონტროლი უნდა შევძლოთ. ვნახეთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მყისიერი და ეფექტიანი რეაქცია. საგანგაშო სიგნალები ჯერ ნამდვილად არ არის. ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა...“

ევროდეპუტატი გვამშვიდებს, დასძენს, რომ ვიზალიბერალიზაცია პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა, მოგეხსენებათ, ნათქვამია, „სიფრთხილეს თავი არ სტკივაო“... უახლოეს მომავალში ევროკომისარი დიმიტრის აბრამოპულოსი გვეწვევა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოს სამი წლის წინ სამოქმედო გეგმის შესრულება და უვიზო რეჟიმის მინიჭება მიულოცა. ვნახოთ ევროპელი პოლიტიკოსის გზავნილი ამჯერად როგორი იქნება, გვაქვს თუ არა აღელვების საფუძველი და, მეტიც, სავიზო რეჟიმის აღდგენის არასასიამოვნო პერსპექტივა...   

 

მთავარი თემები