06:43 16 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

არჩევნები მოახლოვდა – ხელისუფლება და ოპოზიცია ბრძოლისთვის ემზადებიან

© Sputnik / Denis Aslanov
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (105)
146 0 0

„ქართულმა ოცნებამ“ ფსონი გარე ადამიანზე გააკეთა, რაც ექსპერტმა პარტიის ცუდი რეპუტაციის აღიარებად შეაფასა.

საპარლამენტო შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. ამ ეტაპზე ცესკომ 18 პარტია და 8 საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა, ნათქვამია ცესკოს მასალებში.

საპარლამენტო არჩევნები გაიმართება მხოლოდ თბილისის მთაწმინდის რაიონში, რომლის მოსახლეობა აირჩევს თავის წარმომადგენელს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, რომელიც გასული წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ერთდროულად ჩატარდება >>

რაც შეეხება რეგიონებს, მერების შუალედური არჩევნები ჩატარდება ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში, ხოლო საკრებულოს ცალკეული დეპუტატების არჩევნები – საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის კონკრეტულ ოლქებში.

შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს როგორც მსხვილმა და გავლენიანმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა – მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ყოფილმა მმართველმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, საპარლამენტო პარტიამ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, ისე წვრილმა, მაგრამ ყველა არჩევნების ერთგულმა მონაწილეებმა – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე" და „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა".

საინიციატივო ჯგუფებმა და პარტიებმა, გარდა იმ სუბიექტებისა, ვინც ბიუჯეტიდან ფინანსდება, რეგისტრაციისთვის მხარდამჭერების სია უნდა წარადგინონ – მთაწმინდის ოლქის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-სა.

ზუგდიდის მერის არჩევნები: გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სანდრა რულოვსი იქნება >>

არჩევნებზე პარტიებს შეუძლიათ გაერთიანება ბლოკებში, რომელთა რეგისტრაცია 12 აპრილს დასრულდება.

უკვე ცნობილია, რომ გაერთიანდებიან პარტიები „ევროპული საქართველო“ და არასაპარლამენტო პარტია „თავისუფალი დემოკრატები“. ასევე გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკში შევა 12 პარტია, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

ძლიერი კონკურენცია

საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატების ოფიციალური რეგისტრაცია 22 აპრილამდე დასრულდება, ხოლო პარტიებისა და ბლოკების კანდიდატების – 28 აპრილამდე.

ამასთან, საპარლამენტო შუალედური არჩევნების მონაწილეების მიახლოებითი სია უკვე ცნობილია. ეს არის 11 ადამიანი - პარტიების სამი წარმომადგენელი და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი რვა კანდიდატი.

საპარლამენტო მანდატისთვის იბრძოლებენ ექიმი ლადო კახაძე („ქართული ოცნება“), ადვოკატი შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ გაერთიანება) და ჰერმან საბო („ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“)

რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფების კანდიდატებს, ესენი არიან „ქართული ოცნების“ სიით გასული ყოფილი დეპუტატი და „ხალხის პარტიის“ ყოფილი ლიდერი კობა დავითაშვილი; უფლებადამცველი სოფო ხორგუანი; ორჭიდის ფედერაციის თავმჯდომარე იოსებ კობერიძე; თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრი ლევან იოსელიანი; ისტორიკოსი გრიგოლ გოგელია; „მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური კლუბის“ პრეზიდენტი ბესიკ ადამია; საპატრიარქოს ცენტრალური საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ და საპატრიარქოს რადიო „ივერიის“ ყოფილი დირექტორი გიორგი ანდრიაძე; სამართლის დოქტორი თამარ ალფაიძე.

რა დაუჯდება ცესკოს შუალედური არჩევნების ჩატარება >>

იმის გათვალისწინებით, რომ საუბარია მხოლოდ ერთ ადგილზე პარლამენტში, და ეს ჯერ კანდიდატთა სრული სია არ არის, მოსალოდნელია სერიოზული კონკურენცია.

თუმცაღა მმართველი პარტია, რომელმაც როგორც მთაწმინდის რაიონის დეპუტატობის, ისე რაიონების მერების საკუთარი კანდიდატები წარადგინა, თავის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ქართულმა ოცნებამ" მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად ლადო კახაძე დაასახელა>>

„ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი ყველა კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას იზრუნონ თავიანთ ქალაქებსა და სოფლებზე, მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შექმნაზე“, – განაცხადა კანდიდატების წარდგენისას პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ოპოზიცია სკეპტიკურად არის განწყობილი.

„მთაწმინდაზე ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება, ეს იქნება ცხელი წერტილი, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ვიცით, ხელისუფლება არჩევნებს როგორ იგებს. მხედველობაში სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად გახდომა მაქვს”, – განაცხადა „ევროპული საქართველოს” წევრმა ირმა ნადირაშვილმა.

ამასთან პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ „ევროპული საქართველოს“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატებს რაღაც საერთო აქვთ, და ეს საერთო მათი პარტიების არაპოპულარობას უკავშირდება.

ვინ გახდება მთაწმინდის მაჟორიტარი >>

„ორივე კანდიდატს, როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ოპოზიციიდან, აქვთ ერთი საინტერესო ელემენტი... არც კახაძე არ ასოცირდება „ქართულ ოცნებასთან“, არც, მით უმეტეს, შავგულიძე „ევროპულ საქართველოსთან“. ის, რომ პარტიები აყენებენ ახალ წარმომადგენლებს, რომლებიც ამ პარტიასთან დაკავშირებული არ არიან, თავისთავად საინტერესოა და მიუთითებს იმაზე, რომ პარტიებმა იციან, რომ პოპულარულები არ არიან და თავისი არაპოპულარობის კომპენსირება კანდიდატების პოპულარობით სურთ“, – განაცხადა საყვარელიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.

ამასთან, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა საპარლამენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატი არ წარადგინოს და მხარს შავგულიძეს დაუჭერს.

თემები:
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (105)

მთავარი თემები