11:04 27 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2356
  • 100 RUB4.5039
  • USD2.8470
აეროპორტი

უცხოეთში დასაქმებულ ქართველებზე გათვლილი ციფრებს აცდენილი რეალობა

CC0 / Pixabay / JESHOOTScom
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
1176 0 0

ვინ როგორ ითვლის, რეალურად შემცირდა თუ არა უმუშევრობა საქართველოში, რატომ იზრდება საზღვარგარეთ სამუშაოს საძიებლად წამსვლელთა რაოდენობა და რამდენი მილიარდია ქართული ემიგრაციის ფულადი გზავნილი?

სამსონ ხონელი

ათიოდე დღის წინათ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უმუშევრობის დონის მაჩვენებლი გამოაქვეყნა. იხარე ერო! აბა, სხვაგვარად როგორ გამოვხატო აღფრთოვანება, როცა ბოლო 15 წლის განმავლობაში 2018 წელს უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზე დაფიქსირდა და 12.7 პროცენტი შეადგინა. ერთი სიტყვით, „საქსტატი“ მიგვანიშნებს, რომ ჩვენში სამუშაო ადგილები იქმნება და უმუშევრობის დონეც იკლებს. დარწმუნებული ვარ, ჩემი არ იყოს, ეს ინფორმაცია თქვენთვისაც მოულოდნელი იყო. ახლა საკითხავია, ჩვენ რატომ ვერ ვხედავთ იმას, რასაც ადვილად ითვლის „საქსტატი“? არ მინდა დავიჯერო, რომ დაუნახავები ვართ. არადა, ხომ ფაქტია, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით, წლიდან წლამდე მოსახლეობის სულ უფრო დიდი ნაწილი აცხადებს, რომ სახელმწიფოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უმუშევრობაა! აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გასული წლის დეკემბრში ჩატარებული კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი პრობლემურ საკითხთა ჩამონათვალში უმუშევრობას პირველ ნომრად ასახელებს, ხოლო 62 პროცენტი კი თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს... ვის გინდა კაცმა რომ დაუჯერო?!       

„საქსტატი“ კიდევ ერთ პოზიტიურ ცვლილებას აფიქსირებს. უწყების ინფორმაციით, 2018 წელს დასაქმებულთა მთლიან რიცხოვნობაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას. კერძოდ, გასული წლის მეოთხე კვარტალში თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 48.7 პროცენტს შეადგენდა, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა წილი დასაქმების მთლიან მაჩვენებელში 51.3 პროცენტია.

„ცვლილება პოზიტიურია, რადგან დაქირავებით დასაქმებული 2–2,5-ჯერ მეტ ღირებულებას ქმნის თვითდასაქმებულთან შედარებით. არსებითად გაუმჯობესდა დასაქმების სტრუქტურაც და ახლა ის დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის აბსოლუტური ზრდის ეკვივალენტურია თითქმის 50 ათასი თვითდასაქმებულით...“ − ასეთია ეკონომისტი სოსო არჩვაძის კომენტარი.   

უმუშევრობის დონის მაჩვენებლის შემცირება სასიხარულო ამბავია. თუმცა უნდა აღნიშნოს ის ფაქტი, რომ 2018 წელს საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა წინა წელთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა. დაიკლო თავად დასაქმებულთა რაოდენობამაც. იმავე „საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წელს 12 ათასი ადამიანით ნაკლები დასაქმებული იყო, ვიდრე − 2017 წელს. სტატისტიკური მონაცემებით უმუშევრობის მაჩვენებელი მხოლოდ პროცენტულ ჭრილში არის გამოხატული. ეს კი რეალურ სურათს არ ასახავს. შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ უმუშევრობის დონის ისტორიული მინიმუმის დაფიქსირება ერთგვარად რიცხვებით თამაშია. უმუშევრობის შემცირების მიზეზი დინამიური ეკონომიკური განვითარება უნდა იყოს და არა ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობის კლება.   

საგულისხმოა ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადება, რომლის თანახმადაც, 2025 წლის ჩათვლით ქვეყანაში ყოველწლიურად დამატებით 50-70 ათასი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას. საამისოდ, როგორც უწყების ხელმძღვანელი ამბობს, აუცილებელია საექსპორტო პოტენციალის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება და კადრების გადამზადება.

გამოწვევა დიდია. მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია. ამ ფონზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნა და უმუშევრობის შემცირება, რაც შესაძლებელია არა რიცხვებით თამაშით, არამედ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით. ვნახოთ, რა მოჰყვება ქვეყნის პირველი ეკონომისტის მცდელობას, იქცევა თუ არა სიტყვა საქმედ...

ვიდრე „საქსტატი“ ითვლის, ხოლო ხელისუფლება სამუშაო ადგილების შექმნის პირობას იძლევა, ქართველები სამუშაოს საძიებლად უცხოეთში მიდიან.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” ამ მიმართულებით სავალალო მონაცემებს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, რომელიც ყოფილი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მიწოდებულ ცნობას ეყრდნობა, საქართველოს საზღვრებს გარეთ საქართველოს დიასპორა 1.607.000 ადამიანს აღწევს.

საგულისხმოა, რომ არაოფიციალური სტატისტიკით, საქართველოდან ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. მათი რაოდენობა 800.000 ათასს აღწევს, მათგან, 2009 წლის მდგომარეობით, მეოთხედზე მეტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. შემდეგია საბერძნეთი – 250-ათასიანი დიასპორით, მესამე ადგილზე უკრაინაა – 150 ათასი ადამიანით. თანამემამულეების სიმრავლით ასევე გამოირჩევიან თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, ესპანეთი, გერმანია. დიასპორის სიმცირით გამოირჩევიან ავსტრალია, იაპონია, ყირგიზეთი, ლიტვა...

ანალიტიკოსები უკვე დიდი ხანია აცხადებენ, რომ ემიგრანტული ეკონომიკური საქმიანობა, სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი „მიმართულებად“ ჩამოყალიბდა. კერძოდ, ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებით უამრავი ქართული ოჯახი საზრდოობს და, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ქვეყნის გარეთ გასული იმ დიდი ინტელექტუალური და არა მხოლოდ ინტელექტუალური რესურსით დღეს ქართული რეალობის ფორმირება გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ეს ადამიანები საკუთარ ქვეყნაში რომ ახერხებდნენ თვითრეალიზაციას, ქართული ეკონომიკა განვითარების სულ სხვა საფეხურზე იქნებოდა. ძნელია არ დაეთანხმო მოსაზრებას, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ეკონომიკური სექტორი თვითრეალიზაციის შესაძლებლობას თავად უნდა იძლეოდეს.

საინტერესოა ქართველი ემიგრანტების ფინანსური გზავნილების მოცულობის დინამიკა ბოლო წლების მიხედვით.

·      2012 წელი − 1.334 მილიარდი აშშ დოლარი;

·      2013 წელი – 1.477 მლრდ;

·      2014 წელი – 1.440 მლრდ;

·      2015 წელი – 1.079 მლრდ;

·      2016 წელი – 1.153 მლრდ;

·      2017 წელი – 1.387 მლრდ;

·      2018 წელი – 1.579 მილიარდი აშშ დოლარი;

·      2019 წლის პირველ ორ თვეში ქვეყანაში გადმორიცხულია 115 მილიონ დოლარზე მეტი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის გზავნილებზეც გარკვეულწილად დამოკიდებულია ეროვნული ვალუტის სტაბილურობა დოლარის მიმართ. ლარის გაუფასურება, როგორც წესი, მყისიერად აისახება ქვეყანაში მიმდინარე ფასების სტაბილურობაზე.

მასშტაბი, როგორც მონაცემებიდან ჩანს, საკმაოდ დიდია. ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნება და მათი დასაქმება ადგილობრივ ბაზარზე, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყნის ეროვნულ ინტერესში შედის. რამდენად ახერხებს ამას საქართველო, სხვა საკითხია. თუმცა, რომ არა ემიგრანტების ძალისხმევა და მათი გადმორიცხული მილიარდები, ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დადგებოდა ეკონომიკური პრობლემების წინაშე.

 

მთავარი თემები