დიდი პრემიერის მოლოდინში, ანუ პოლიტიკური დასის ხიბლი და სიღარიბე...

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ოცნების ოფისი
ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიძინა ივანიშვილის „პიესა“ სპექტაკლისთვის „გაყრა“ და აქტიორების პერსპექტივა... როგორ განაწილდება მთავარი და ეპიზოდური როლები, ვის დაეყრდნობა ბოლო დროების დრამის უცვლელი რეჟისორი?

სამსონ ხონელი

ოცნების ერთი ეტაპი დასრულდა, საკონსტიტუციო უმრავლესობა წარსულს ჩაბარდა და ახლა მმართველი გუნდი გვპირდება, რომ მომავალ არჩევნებამდე მყარ უმრავლესობას მარტივად შეინარჩუნებს... იმედია, არსებობს ამგვარი დაპირების საფუძველი და ახლაც ფუჭი არ იქნება ჩვენი მოლოდინი. დრო ბევრი აღარ დარჩა, პოლიტიკური კალენდარი მოკლეა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც უკვე აწმყოა და არა მომავალი.

წინამდებარე სტატიაში შევეცდები ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კარსმომდგარი დიდი პოლიტიკური შერკინების კონტექსტში განვიხილო.

პირველ რიგში, აღვნიშნოთ, რომ პოლიტიკური განქორწინების ტალღას მმართველი გუნდის მმართველმა ნაწილმა მისცა ბიძგი და საფუძველი ჩაუყარა ახალი პოლიტიკური რეალობის ფორმირებას. ამ ნიუანსის გათვალისწინებით ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ამ პროცესს თავად ბიძინა ივანიშვილი მართავს და ის მიზნად ისახავს, თუნდაც ძველი სახეებით, ორი ან სამი ახალი პარტიის შექმნას და პოლიტიკური ველის გამრავალფეროვნებას. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მთავარ მეოცნებეს სურვილი ჰქონდეს მომავალ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს მის მიერ კონტროლირებადმა რამდენიმე პოლიტიკურმა სუბიექტმა.   

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე: „თუ ბიძინა ივანიშვილმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური ჯგუფებისგან სათავისოდ პოლიტიკური მოზაიკის შექმნაზე, ის ჩვენი ქვეყნის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ჭკვიანი პოლიტიკოსი იქნება... მონოლითური გუნდი რთული მოვლენაა, ვინაიდან შეიძლება შემდეგ ლიდერიც კი წაშალოს, მაგრამ თუ იმოქმედებ „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით და ე.წ. პოლიტიკური მოზაიკის ფორმირებას შეძლებ, ეს უფრო შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა. თუ ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული ბიძინა ივანიშვილს, ამაში რაციონალური მარცვალი ძალიან დიდია...“

საინტერესოა, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისათვის ბიძინა ივანიშვილი შეეცდება თუ არა „პოლიტიკური ბანქოს“ გადათამაშებას და „ქართული ოცნებიდან“ წასული წევრებით ალტერატიული დასაყრდენი ძალის ფორმირებას. ანალიტიკოსთა ერთი ჯგუფი ფიქრობს, რომ ამგვარი ვარაუდი საფუძველს მოკლებულია...  

ანალიტიკოსი გია ნოდია: „დღეს ბიძინა ივანიშვილს ასეთ დასაყრდენ ძალად არ სჭირდება ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი. მას ჰყავს „პატრიოტთა ალიანსი“, რომელმაც ერთხელ უკვე შეასრულა მაშველის ფუნქცია, როცა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ თბილისში გამართული ხალხმრავალი აქციით ღიად დაუჭირა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს. ასე რომ, პოლიტიკური გაყრის ყველაზე ლოგიკური შედეგი შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების „პატრიოტთა ალიანსთან“ შერწყმა. სამივე თუ არა, ერთი მათგანი მაინც შეიძლება აღმოჩნდეს იქ. ადა მარშანიამ, ფაქტობრივად, იზეიმა ეკა ბესელიას მმართველი გუნდიდან წასვლა. ეს არ გამორიცხავს, სწორედ ეკა ბესელია ვიხილოთ „პატრიოტთა ალიანსის“ რიგებში. ეს ყველაზე მოსალოდნელი ვერსიაა...“

ბოლო თვეებში საპარლამენტო უმრავლესობა მონოლითური აღარ იყო და საზოგადოებაშიც სულ უფრო ხშირად საუბრობდნენ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე მეოცნებეთა გუნდი, ადრე რომ იყო, იმ სახით ვეღარ მივიდოდა. რატომ? მთავარი მიზეზი ის არის, რომ უმრავლესობის ყველა ის დეპუტატი, რომელიც საკუთარ თავს უახლოეს მომავალში კვლავ პოლიტიკაში ხედავს, ეძებს ადგილს 2020 წლის საპარლამენტო სიაში მოსახვედრად. ძიების პროცესი მრავალფეროვანია და ვინ რა ხერხსა თუ მეთოდს გამოიყენებს, წინასწარ არავინ იცის, გარდა თავად მაძიებლისა. აქვე არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ პოლიტიკაში ყოველთვის როდი პოულობს ის, ვინც ეძებს... 

ბესელია-ფოფხაძის გუნდმა გასაპროტესტებლად და გასამიჯნად მოძებნა ის თემა, რომელიც საზოგადოების განწყობებთან თანხვედრაშია. საინტერესოა სწორედ საზოგადოებრივი აღქმის თვალსაზრისით მოსამართლეთა საკითხში დაფიქსირებული პოზიციით რა შედეგი მიიღო მმართველმა გუნდმა? სავარაუდოა, რომ ხელისუფლება მოახერხებს მურუსიძე-ჩინჩალაძის მიერ შერჩეული მოსამართლეების მართლმსაჯულების სისტემაში უვადოდ გამწესებას, მარამ შემდეგ რა მოხდება, არავინ იცის, რადგან მმართველმა გუნდმა მოსამართლეთა თემით კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გახადა თავისი პოლიტიკური მომავალი და ბედი. ხალხისთვის და, მაშასადამე, ელექტორალური ველისთვის უფრო და უფრო მიუღებელი იქნება ის პარტია, რომელმაც მოსამართლეების საკითხში მისთვის მიუღებელი ნაბიჯები გადადგა.

საინტერესოა, რა პერსპექტივა აქვთ თავად მოსამართლეთა თემის გამო გუნდიდან წასულებს, შეძლებენ თუ არა ისინი დამოუკიდებელად პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებას, რომელიც მომავალ არჩევნებში მეტ-ნაკლებად მაინც ანგარიშგასაწევი ძალა იქნება?

ანალიტიკოსი ზვიად აბაშიძე: „დღეს მმართველ პარტიაში არავის შეიძლება მოსწონდეს, რომ ექცევიან როგორც მანქანის ჭანკჭიკს და ვიღაცას მიაჩნია, რომ მხოლოდ თავად უნდა იყოს საჭესთან. ალბათ გუნდში ბევრი თვლის, რომ ის, ვინც ახლა დგას საჭესთან, მესაჭის ადგილს არ იმსახურებს. ახალი პოლიტიკური გუნდის ფორმირებისთვის მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი, საჭიროა გამოცდილება, ავტორიტეტი და ფინანსები. ეს გუნდი ის რესურსი არ არის, რომელიც პოლიტიკურ სპექტრში ავტორიტეტს ფლობს. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო. ამიტომ საეჭვოა, რომ მათ ირგვლივ ახალმა ძალებმა მოიყარონ თავი. რაც შეეხება ფორმალური მესამე პარტიის შექმნას, ეს ვერანაირად ვერ იქნება მესამე ძალა. ეს იქნება იგივე ძალა, იგივე ხალხი, უბრალოდ, სხვა ფორმით...“   

ყურადღებას იქცევს გაყრილთა რიტორიკაც. იშვიათი გამონაკლისის გარდა, განცხადებები პოლიტკორექტულობის ფარგლებში კეთდება, რაც ქართული პოლიტიკური კულტურისთვის ძალზედ უცხოა. საინტერესოა, როდემდე გაგრძელდება ასე? ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ მმართველი გუნდის ყოფილი წევრები ამ ეტაპზე, როცა მათი პოლიტიკური მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, არ გაამწვავებენ კონფლიქტს ძველ პარტნიორებთან და, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილთან...  

ყველა ახალი ამბავი
0