21:56 22 იანვარი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0283
  • 100 RUB4.0074
  • USD2.6613
თელავი

საქართველო ახალ რეალობაში - ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუციური ცვლილებები

© Sputnik / Alexander Imedashvili
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
რუსუდან კაციტაძე
20940

16 დეკემბრიდან საქართველო უკვე სრულფასოვანი საპარლამენტო რესპუბლიკაა.

 

სალომე ზურაბიშვილის მიერ ფიცის დადებისთანავე ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია, რომელიც მთლიანად საპარლამენტო მოდელის სახელმწიფოდ გვაქცევს. რა შეიცვლება ქვეყნის მოსახლეობისათვის, რა უფლებები აქვს ახალ პრეზიდენტს და როგორ გადანაწილდება ძალაუფლება პოლიტიკურ შტოებს შორის.

პირველ რიგში აღვნიშნოთ, რა უფლებები აქვს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს.

- ერთ-ერთი მთავარი უფლება, რომელიც უშიშროების საბჭოს მოწვევის სახით ჰქონდა პრეზიდენტს, დღეიდან პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა ხდება, ისიც საომარი და საგანგებო სიტუაციების დროს.

- საგანგებო და საომარი სიტუაციების გამოცხადებას აღარ დასჭირდება პარლამენტის თანხმობა.

- თავად უშიშროების საბჭო უქმდება. ხოლო ორგანოს, რომელსაც მომავალში შეკრებენ, ეროვნული თავდაცვის საბჭო ერქმევა და მის შეკრებას პრეზიდენტი მხოლოდ პრემიერ-მინისტრის თანხმობით შეძლებს.

- პრეზიდენტს რჩება კანონზე ვეტოს დადების უფლება, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა თავის დროზე განაცხადა, რომ ის არ იქნება ვეტომდებელი პრეზიდენტი. შესაძლოა, მისი ეს უფლება უფრო აქტუალური გახდეს 2020 წლის შემდეგ, თუ პარლამენტში ძალთა ბალანსი შეიცვალა.

- პრეზიდენტისაგან იუსტიციის საბჭოს ხელში გადადის მოსამართლეების წარდგენის უფლებაც.

- რთულდება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა. რეფერენდუმი და მოქალაქეთა ხელმოწერა აქ საერთოდ გამქრალია. თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტის 3/4 მიიღებს, მას პრეზიდენტმა 5 დღეში უნდა მოაწეროს ხელი. თუ 2/3, მაშინ ამ ცვლილებას მომდევნო პარლამენტის თანხმობაც დასჭირდება.

- კონსტიტუციასთან ერთად ამოქმედდება პარლამენტის ახალი რეგლამენტი და დეპუტატის ეთიკის კოდექსი, რამაც წესით, პარლამენტში დღემდე არსებული ცემა-ტყეპის პრაქტიკა უნდა აღმოფხვრას. ის საკმაოდ მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს დეპუტატის მხრიდან თანამდებობის პირისათვის შეუფერებელი საქციელის გამო.

- მარტივდება დეპუტატისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა, თუ ის პლენარული სხდომების ნახევარს გააცდენს. ასევე მარტივდება მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება. თეორიულად პარლამენტარების ერთ მესამედზე მეტს შეუძლია, უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას, წამოაყენოს პრემიერობის ახალი კანდიდატი და განხილვა და დამტკიცება სულ რაღაც ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. თუმცა ახალი მთავრობისა და სამთავრობო პროგრამის ნდობის გამოცხადებას უკვე პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მიერ ნდობის გამოცხადება სჭირდება. ანუ არც თუ ისე ბევრი, 77 დეპუტატის თანხმობა.

დღეს უდავოდ დიდი დღეა, რადგან ინაუგურაციასთან ერთად საქართველო იქცა საპარლამენტო რესპუბლიკად.

მას აღარ ეყოლება დიდი უფლებებით აღჭურვილი პრეზიდენტი, თუმცა ისიც ძნელი დასაჯერებელია, სალომე ზურაბიშვილი გერმანული მოდელის „მთვლემარე პრეზიდენტად" იქცეს, რომელიც მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა მთავრობასა და ბუნდესტაგს ურთიერთობები დაეძაბებათ.

და მთავარი - ოპოზიციის რადიკალური განცხადებების მიუხედავად, საქართველოში პირველად ხელისუფლება მშვიდობიანად გადაეცა ერთი პრეზიდენტისაგან მეორეს ისე, რომ ინაუგურაციას ორივე ესწრებოდა და ღიმილით გადააბარეს ძალაუფლება. ეს ნამდვილად ევროპული ტრადიციაა. მით უმეტეს, მალე 22 დეკემბერია, ის დღე, როცა საქართველოს პირველი პრეზიდენტის წინააღმდეგ შეიარაღებული ჯანყი დაიწყო. იმედია საქართველოში მსგავსი რამ არასოდეს განმეორდება.

 

მთავარი თემები