08:54 18 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0268
  • 100 RUB4.0447
  • USD2.6727
არჩევნები

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური – დაუნდობელი ბრძოლა

SPUTNIK / LEVAN AVLABRELI
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
ირაკლი გოგორიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 (231)
629 0 0

დღევანდელი რელობიდან გამომდინარე, დიდია ალბათობა, რომ 2012 წელს სერიოზული სკანდალების თუ მთელი რიგი დანაშაულებრივი ფაქტების შედეგად სანაგვეზე გაშვებული „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების სათავეში დაბრუნდეს.

ძნელია ახსნა და დაბეჯითებით მტკიცება იმისა, თუ როგორ მოხდა აღზევება „ნაციონალური მოძრაობის“... დღეს ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ  დეტალურად გავაანალიზოთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები.

მარტივი არითმეტიკული გათვლებით, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი შემადგენელი ნაწილი, თუნდაც ახლანდელი კოალიციის სახით, პარლამენტში უმრავლესობას შექმნიდა, რითიც „ოცნება“ ხელისუფლებაში უკან დაბრუნებულ სააკაშვილს მიიღებდა...

შეიძლება ვიფიქროთ, ხომ არ ხდება ეს შეგნებულად? ხომ არ თმობს ივანიშვილი ძალაუფლებას? აბა, რა ახსნა უნდა მოეძებნოს იმ ფაქტს, თუ რატომ მიუშვა ხელისუფლებამ პროცესი. პოლიტიკური ექსპერტები თვლიან, რომ მმართველი პარტია ახლა მთლიანად მორღვეულია და არა მარტო მორღვეული, არამედ დემორალიზებულიც. ყოველივე კი იმის ბრალია, რომ თავიდანვე ძალიან დიდი შეცდომა იყო სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. ასევე კვლავ პასუხგაუცემელია კითხვა – რატომ თქვა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე მოქმედმა პრეზიდენტმა?..

ექსპერტები ამბობენ, რომ მოსახლეობას ფაქტობრივად არ მისცეს სწორი არჩევანის გაკეთების უფლება და მოხდა ის, რაც მოხდა – ჯერ არჩევნებზე არ მივიდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 54%, ხოლო მისული რაოდენობიდან, საბოლოო მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირა 38,64%-მა, გრიგოლ ვაშაძეს – 37.74%-მა, დავით ბაქრაძეს – 10.98%-მა. თუ ჩვენ შევაერთებთ ყოფილი „ნაციონალური მოძრაობის" საერთო მაჩვენებელს, მივიღებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ მთელი თავისი რესურსით აქვს 40%, ხოლო გაერთიანებულ ოპოზიციას – 48%. რა სასწაული უნდა მოახდინოს ხელისუფლებამ ამ უმოკლეს ერთ თვეში, რომ საზოგადოების განწყობა მნიშვნელოვნად შეცვალოს? – სავარაუდოდ ის, რომ საზოგადოების წინაშე მაქსიმალურად დიდ საფრთხობელად წარმოაჩინოს სააკაშვილი...

მაშ ასე, თბილისში „ქართულმა ოცნებამ“ წააგო კრწანისი, ისანი, ნაძალადევი, ხოლო სამგორისა და გლდანის საარჩევნო ოლქები – საკმაოდ დიდი სხვაობით. სამი ოლქი, სადაც ზურაბიშვილს აქვს მყარი პოზიციები, არის დიდუბე, საბურთალო და ვაკე. აქ ორივე კანდიდატის – ბაქრაძე-ვაშაძის შედეგზე უფრო მაღალი მაჩვენებელი უფიქსირდება. გამოდის, რომ საერთო შედეგით 10 საარჩევნო ოლქიდან მხოლოდ სამ ოლქში აქვს ძლიერი პოზიცია, ხოლო დანარჩენ შვიდ საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ალიანსი უგებს საერთო ხმებით.

ახლა კახეთის რეგიონი: ვაშაძემ მოიგო არჩევნები ლაგოდეხში, თელავში, ახმეტაში და ყვარელში. ზურაბიშვილს აქვს დამაჯერებელი პოზიციები მხოლოდ დედოფლისწყაროში. რაც შეეხება საგარეჯოს, გურჯაანსა და სიღნაღს, ოპოზიციის საერთო ხმები სჯაბნის სახელისუფლებო კანდიდატის ხმების რაოდენობას.

თიანეთში მყარად იმარჯვებს ზურაბიშვილი, მაგრამ საკმაოდ სერიოზული შედეგი დადო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსთავსა და გარდაბანში.

ქვემო ქართლში პრაქტიკულად სახელისუფლებო კანდიდატი იმარჯვებს, ესენია ბოლნისი, დმანისი და წალკა. რაც შეეხება მარნეულს, აქ ხმათა ერთობლიობა ოპოზიციის სასარგებლოდ არის.

მყარი საარჩევნო პოზიციები გაიცვალა მცხეთასა და თეთრიწყაროს შორის. მცხეთაში იმარჯვებს ვაშაძე, ხოლო თეთრიწყარო ხელისუფლების აქტივშია. ასევე ზურაბიშვილმა სრული მხარდაჭერა მიიღო მთიან რეგიონებში – თუშეთსა და ყაზბეგში.

ხელისუფლებამ ძალიან ძლიერი მარცხი იწვნია შიდა ქართლში – პირწმინდად წააგო კასპი, გორი, ქარელი და ხაშურის საარჩევნო ოლქები.

სამაგიეროდ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი მოიგო სალომე ზურაბიშვილმა – ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი და ნინოწმინდა. ერთადერთი, თუ კვლავ დავაჯამებთ ოპოზიციის საერთო მონაგარს, ახალციხეში სერიოზული საარჩევნო ბრძოლა გაიმართება, რადგან ჯამური შედეგი ოპოზიციის მხარეზეა.

როგორც აღვნიშნეთ, ძლიერი პოზიციები აქვს სალომე ზურაბიშვილს მაღალმთიან რეგიონებში. კერძოდ, დამაჯერებლად იმარჯვებს ონში, ამბროლაურში, ცაგერში, ლენტეხში, მესტიასა და ხარაგაულში.

ძალიან დაძაბულ ბრძოლას უნდა ველოდოთ თერჯოლაში, აქ ჯამური შედეგი ოპოზიციის სასარგებლოდაა.

ზურაბიშვილმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა საჩხერეში და ეს, ალბათ, გასაკვირვიც არ უნდა იყოს. ის უფრო იქნებოდა გასაკვირი, პირიქით რომ მომხდარიყო.

სამაგიეროდ ოპოზიცია იგებს ზესტაფონსა და ბაღდათში. რაც შეეხება ვანს, აქ ოპოზიციის ერთობლივი ხმებით მარცხდება ზურაბიშვილი და მხარეთა აქტივობა აჩვენებს საბოლოო შედეგებს.

იმერეთში, ზოგადად, საკმაოდ საინტერესო შედეგებია: „ნაცმოძრაობამ“ მოიგო ტყიბული, წყალტუბო, ქუთაისი დიდი სხვაობით, სამტრედია. რაც შეეხება ჭიათურასა და ხონს, ოპოზიციის ჯამური შედეგი ამ რაიონში მათ მხარეს ნაწილდება და დათმობს თუ არა ხელისუფლება ამ რეგიონს, ეს მეორე ტურში გამოჩნდება.

რაც შეეხება გურიას, აქ ლანჩხუთი და ჩოხატაური ცალსახად წაიღო ხელისუფლებამ, ხოლო, ოზურგეთში ხმები ისეა გადანაწილებული, რომ ოპოზიცია ჯამში ბრძოლისთვის იქნება განწყობილი.

სამეგრელოს რეგიონში ზურაბიშვილმა სრული ფიასკო განიცადა – დამარცხდა მარტვილში, ფოთში, ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, სენაკში. ერთადერთი აბაშა მოიგო 12 ხმით და ხობი, თუმცა აქაც ოპოზიციის ერთობა საერთო სურათით მეორე ტურში არასახარბიელო შედეგს უქადის.

რაც შეეხება აჭარის რეგიონს, ზურაბიშვილმა დამაჯერებლად მოიგო ხულო და ქედა, ისევ მთიანი მხარე, სამაგიეროდ დამარცხდა ბათუმსა და ქობულეთში. ხელვაჩაურსა და შუახევში არსებული შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ოპოზიციას და ხელისუფლებას გასარკვევი აქვს, თუ ვინ იქნება გამარჯვებული.

არჩევნებმა დაგვანახა, თუ ვის და სად აქვს ცალსახად მყარი პოზიციები, ასევე ის ქალაქები, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს ძალიან სერიოზულ ბრძოლას გაუმართავს. ყველაზე საინტერესო კი ის აღმოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილი დამარცხდა საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე. სადაც ერთიანობაში ვაშაძემ აიღო 52%, ხოლო ზურაბიშვილმა – 22%.

საბოლოოდ შედეგით, მეორე ტურის წინ 73 საარჩევნო ოლქის შედეგებიდან გამომდინარე ხმები ასე გადანაწილდა: 

გრიგოლ ვაშაძეს მოგებული აქვს 31 საარჩევნო ოლქი;

სალომე ზურაბიშვილს მოგებული აქვს 42 საარჩევნო ოლქი და მიღებული ხმების რაოდენობით კანდიდატებს შორის განსხვავება არის დაახლოებით 14000 ათასი ხმა.

თუმცა, არჩევნების შედეგებით, იმ 42 საარჩევნო ოლქიდან, რომელიც მოგებული აქვს სალომე ზურაბიშვილს, 19 საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ხმები (დავით ბაქრაძე, გრიგოლ ვაშაძე) ერთობლიობაში სჯაბნის სახელისუფლებო კანდიდატის ხმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ეს 19 საარჩევნო ოლქი გადაწყვეტს არჩევნების საბოლოო შედეგს.

დღეს უკვე ნათელია, რომ თითოეული საარჩევნო ხმისთვის იქნება დაუნდობელი ბრძოლა. სწორედ ხელისუფლება არის დაინტერესებული განსაკუთრებით ნეიტრალური ამომრჩეველის არჩევნებზე მიყვანით, რადგან ხელისუფლების ერთადერთ იმედად სწორედ ეს სეგმენტი რჩება. არჩევნებში მაღალი აქტივობა განაპირობებს სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას. სხვა შემთხვევაში, არსებული შედეგებით, ოპოზიციის ერთიანი ხმები 49%-იან მხარდაჭერას იძლევა, რაც ჯამში სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას სჭარბობს.

არსებული შედეგებით უკმაყოფილო ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას პატიებას სთხოვს და მოუწოდებს ყველას, არ დაუშვან ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება.

მთლიანობაში ამ განლაგებით ძნელია ცალსახად ითქვას, თუ რომელი კანდიდატი მოიპოვებს საბოლოო გამარჯვებას და გახდება საქართველოს პრეზიდენტი. ცალსახაა, რომ მეორე ტური იქნება დაუნდობელი ბრძოლა საარჩევნო ხმებისთვის.

 

თემები:
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 (231)

მთავარი თემები