სტარტაპერების გადაუხდელ კრედიტებს სახელმწიფო დაფარავს

© photo: Sputnikმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობა გეგმავს შექმნას ახალი უწყება, რომელიც ბიზნესს სესხის აღებაში დაეხმარება და კრედიტის გამოტანისას ბანკში თავდებშიც ჩაუდგება.

ამ იდეის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც აპრილის შუა რიცხვებში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოში მოქმედი ბანკები გააკრიტიკა.

ფინანსთა მინისტრმა განაცხადა: „იმის მაგივრად, რომ დაფინანსდეს კონკურენტუნარიანი პროექტები, იქნას დაცული ამ პროექტების ავტორების ინტერესი, ხდება ფოკუსირება წინასწარ გაკოტრებაზე, განწირული სესხების თავზე მოხვევა მოსახლეობისთვის, სწორედ ამ დროს იქმნება სიტუაცია, როდესაც სისტემა არის არა ეკონომიკის განვითარების ძალა, არამედ მუხრუჭი. ეს არის მძიმე და კლასიკური შემთხვევა, რომელიც ჩვენ დაგვემართა სწრაფი სესხების შემთხვევაში. ეს არის გამოწვევა, რომელსაც შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება“.

მანამდე მთავრობამ ახალი საგადასახადო ინიციატივები წარადგინა, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას გულისხმობს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მთავრობა გეგმავს კრედიტის აღებაში დაეხმაროს იმ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომელთა იდეა კომერციული ბანკებს მოეწონებათ, თუმცა საკმარისი კაპიტალის (თანამონაწილეობის) არარსებობის გამო სესხის აღებაზე უარს ეტყვიან.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა „სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმაზე“ მუშაობს.

NDI ხელმძღვანელი კენეტ ვოლაკი და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
განცდები ციფრებში... ანუ ვინ რას ფიქრობს და რატომ?

„როდესაც დამწყები მეწარმე ან მცირე მეწარმე მივა კომერციულ ბანკში, მისი პროექტი იქნება განხილული საკრედიტო დეპარტამენტის მიერ და იგი მიიღებს პროექტის მოწონებას, მაგრამ მას არ ექნება საკმარისი თანამონაწილეობა, ანუ კაპიტალი. ამ წინაპირობით მას ექნება უკვე უფლება, რომ მიმართოს ამ პროგრამას. საუბარია იმაზე, რომ თანამონაწილეობა, ანუ არსებული კაპიტალი კომპანიას არ აძლევს საშუალებას, აიღოს ის საბანკო დაფინანსება, რომელიც მას საშუალებას მისცემს განახორციელოს ესა თუ ის პროექტი. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო კონკრეტული პრიორიტეტებით ჩაერევა და გააკეთებს ინექციას კაპიტალში იმისათვის, რომ პროექტის დაფინანსება შესაძლებელი გახადოს კომერციული საბანკო სექტორის მიერ“, — განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა.

საბანკო სექტორის წარმომადგენლები მამუკა ბახტაძის თავდაპირველ კრიტიკას არ დაეთანხმნენ და განაცხადეს, რომ ბანკი არა ინვესტირების, არამედ დაკრედიტების ინსტრუმენტს წარმოადგენს. თუმცა, მთავრობასთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიეს.

„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და აღნიშნული სეგმენტისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით ჩვენ კიდევ ერთ ახალ რეფორმას ვიწყებთ. საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი თავისი შინაარსით არის საგარანტიო ფონდი, რომელიც კომერციული ბანკებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული სესხების უკან დაბრუნების გარანტორად გამოდის“, — განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფული - Sputnik საქართველო
გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მევახშეობა რთულდება!..

მისი თქმით, „მხოლოდ ევროპაში 26 ქვეყანაშია ეს ინსტრუმენტი დანერგილი“.

მარტივად რომ ვთქვათ, მთავრობა ბიზნესს სესხის აღებისას თავდებში უდგება და თუ კონკრეტულმა ბიზნესმა არ გაამართლა და ბანკიდან ნასესხები ფული ისე დაიხარჯა, რომ სარგებელი ვერ მოიტანა, მთავრობის შექმნილი ფონდი ნასესხებ თანხას ბიუჯეტის ფულით დაფარავს. მთავრობაში ამბობენ, რომ მსგავსი სქემა მრავალ განვითარებულ ქვეყანაში წარმატებით მუშაობს და იმედი აქვს, რომ საქართველოშიც ასევე გაამართლებს.

როგორც ირკვევა, ჯერ უცნობია, რამდენი იქნება ახალი უწყების სახსრები. გამოცემა „ტაბულას“ კითხვაზე, თუ რა იქნება ამ სააგენტოს ბიუჯეტი, ქუმსიშვილი ამბობს, რომ ეს ჯერ დაზუსტებული არაა.

მთავრობამ საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან და ეროვნულ ბანკთან ახალი სააგენტოს შექმნაზე კონსულტაციები უკვე გაიარა. პროექტის მიხედვით, ფონდის 1/3-ს დააფინანსებს სახელმწიფო, 1/3-ს – ბანკები და კიდევ 1/3-ს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დააფინანსებენ.

„შარშან თურქეთს ჰქონდა საკმაოდ კარგი – 7%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და, თურქეთის მთავრობის განცხადებით, ამ 7%-იან ზრდაში 2% იყო სწორედ ამ ფონდის წვლილი. 225,000-ზე მეტი ბენფიციარი ჰყავდათ მათ“, — ამბობს ქუმსიშვილი.

მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
დამუხრუჭებული მუხრუჭი... ანუ მთავრობის „ყვითელი ბარათი“ ბანკირებს!

მთავრობის მიერ საგარანტიო ფონდის შექმნის მომხრეთა ინფორმაციით, საკრედიტო საგარანტიო სააგენტოები მრავალ ქვეყანაში მუშაობს. მათგან უმსხვილესი სამხრეთ კორეის საგარანტიო სააგენტოა, რომელსაც ჯამში $44 მილიარდის ღირებულების სესხები აქვს დაზღვეული.

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, საბანკო გარანტიის სქემა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომას გააიაფებს და ამ მიმართულებით შესაძლებელია სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.

„აღნიშნული საბანკო გარანტიის სქემა მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე წვდომას გაუიაფებს, რადგან კომერციულ ბანკებს რისკს უზღვევს, როდესაც ისინი მცირე და საშუალო ბიზნესს აფინანსებენ. ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. თქვენ იცით, რომ ევროკომისიამ დაადასტურა მზადყოფნა, რომ აღნიშნული მექანიზმი გამოიყენოს საქართველოში, ევროპის საინვესტიციო ბანკმა განაცხადა, რომ მზად არიან, საქართველოში დაიწყონ აღნიშნული სქემის იმპლემენტაცია და, ვფიქრობ, ეს იქნება მართლაც ახალი ფურცელი ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში“, — განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მთავრობის ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადა საბანკო სექტორმა. ახალი უწყების შექმნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ. მისი თქმით, ეს ცვლილება იქნება მნიშვნელოვანი ბიძგი მეწარმეობის განვითარებისთვის.

ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო
როგორ იწერება საკრედიტო „თავგადასავალი“ ანუ „გაშავებულთა“ საკითხავი...

„მე ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის. ეს კიდევ ერთი ინიციატივაა, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობას გულისხმობს. ამ პროექტის წარმატებული გამოცდილება უკვე არის. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით. ეს მნიშვნელოვნად გაუზრდის ფინანსებზე წვდომას მცირე და საშუალო ბიზნესს“, — ამბობს კიკნაველიძე.

ახალი სააგენტო შესაძლოა საპარტნიორო ფონდის ბაზაზე შეიქმნას. სავარაუდოდ, ის ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოს ჩაანაცვლებს, რომლის შექმნაზეც მთავრობა 2015 წლიდან მუშაობს.

მთავრობის მიერ ახალი საგარანტიო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ რადიო „თავისუფლებასთან“ ისაუბრა ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ. მისი თქმით, მთავრობის ინიციატივებს რომ ბიზნესის წარმომადგენლები არ უპირისპირდებიან, გასაკვირი არ არის.

„ბანკები პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას ყოველთვის ერიდებოდნენ, რადგან საბოლოო ჯამში თამაშის წესებს პოლიტიკოსები აწესებენ. შესაბამისად, ეს თამაშის წესები შეეხება ბანკებსაც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რეგულირებადი სფეროა ქვეყანაში. სხვა ბიზნესს ვერ მეტყვით, რომელიც ასე მკაცრად რეგულირდება. არც საგანმანათლებლო ბიზნესი, არც მშენებლობა, ასე მკაცრად არც ერთი ბიზნესი არ რეგულირდება. შესაბამისად, ისინი ემორჩილებიან იმ თამაშის წესებს, რასაც მათ უწესებს ეროვნული ბანკი. ეროვნულ ბანკს კი საბოლოო ჯამში აკომპლექტებენ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსები. ამიტომ ასე არ უნდა განვიხილოთ ეს თემა – მათ მოსწონთ თუ არა. ისინი ცდილობენ, რომ მოერგონ თამაშის წესებს და ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში გამოიყენონ თავისი ლობი, გავლენები“, — ამბობს კეპულაძე.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
სიახლის მოლოდინში... ანუ მათთვის, ვინც იპოთეკურ ვალს ვერ იხდის!

საინტერესოა, რატომ უნდა მოუნდეთ ბანკებს ისეთი სტარტაპების დაფინანსება, რომლებსაც რეალურად არავითარი საწარმოო ციკლი არ აქვთ აწყობილი და მხოლოდ მას შემდეგ აპირებენ საქმიანობის დაწყებას, რაც სესხს იშოვიან. გიორგი კეპულაძის თქმით, მსგავს პროექტებში ბანკები მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში სიხარულით არ მონაწილეობენ.

„რაც შეეხება კაპიტალზე ხელმისაწვდომობას, მით უმეტეს მცირე ბიზნესის დამწყებისთვის, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, როდესაც ბიზნესს იწყებს ადამიანი, საერთოდ თუ არ აქვს ფული, ბანკი ფულს ვერ მისცემს, რადგან ეს არის ძალიან სარისკო დაბანდება.

მაგალითად, მოვისმინე ბანკის წარმომადგენლის კომენტარი, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში სტარტაპებს სიხარულით არავინ აფინანსებსო. ანუ, აქ უნდა იყოს მთავრობის თანამონაწილეობა. ეს კიდევ ცალკე საკითხია, ჩვენ – გადასახადის გადამხდელებს გვსურს თუ არა, რომ ჩვენი გადასახადები ვიღაცის იდეებზე დაიხარჯოს, რომელთაგან ათიდან მხოლოდ ერთმა შეიძლება გაამართლოს. რეალურად, სტარტაპერებმა მშვენივრად იციან, რომ რისკავენ, მაგრამ, მათ შეიძლება გარისკონ საკუთარი დრო, რესურსი და ფული. ჩემი ფულით მთავრობამ არ უნდა მისცეს თავს უფლება, რომ გარისკოს“, – ამბობს კეპულაძე.

ხედი თბილისზე - Sputnik საქართველო
ვისაც ქონება „აწუხებს“ და ბანკში ჯერ არ შეუვლია...

ამის მიუხედავად, მთავრობის მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობაზე უკვე წლებია სხვადასხვა პროექტი მუშაობს. სკეპტიკოსები ასეთ „ხელშეწყობებს“ ალმაცერად უყურებენ და მიაჩნიათ, რომ შეუძლებელია მთავრობის ჩარევამ უფრო მეტი ხეირი მოუტანოს ზოგადად ეკონომიკას და ქვეყანას, ვიდრე საერთოდ ჩაურევლობამ. ჩვენი მხრივ კი კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიხსენოთ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო პრეზიდენტის რონალდ რეიგანის სიტყვები. სწორედ მან შეძლო ამერიკის ეკონომიკის რთული მდგომარეობიდან გამოყვანა და პრეზიდენტობის ორი ვადის პერიოდში ქვეყნის პოლიტიკურად და ეკონომიკურად არნახულ სიმაღლემდე აყვანა. 1988 წლის 28 ივლისს ამერიკელ მომავალ ფერმერებთან შეხვედრისას რეიგანმა თქვა, რომ ინგლისურ ენაში ყველაზე დამაშინებელი 9 სიტყვაა: „მე ვარ მთავრობიდან და მე აქ ვარ, რათა დაგეხმაროთ“ (I'm from the government, and I'm here to help).

ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა აგრძელებს „დახმარებებს“ და ბიუჯეტის ხარჯზე სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას. იმედი ვიქონიოთ, რომ ბოლო დახმარებაც ისეთივე შედეგს არ მოიტანს, რაც, მაგალითად, წინა წლებში უფასო ხვნა-თესვის დახმარების პროგრამას მოჰყვა, რომლის დასრულებისას გაირკვა, რომ თურმე სოფლის მეურნეობის წარმოება „დახმარებამდე“ არსებულ დონეს ჩამოსცდა კიდეც.

თემურ იოსელიანი

ყველა ახალი ამბავი
0