00:35 19 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
თი-ბი-სი ბანკი

ძველი რეალობა და ფულის სესხების ახალი წესები...

© Sputnik / Alexander Imedashvili
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
131720

საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციების გავლენა კლიენტებზე... მაღალი საპროცენტო განაკვეთები, საკომისიო და საჯარიმო ტარიფები... რას მოუტანს ქვეყანას საბანკო სექტორის მონოპოლია? ეროვნული ბანკი „განაგრძობს ზრუნვას“ მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე... რას ემსახურება "თამაშის წესებში" განხორციელებული ცვლილებები?

ქვეყნის საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუციებთან ურთიერთობაში, სამომხმარებლო სექტორი გამონაკლისი არ არის, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან ის ისეთივე პირობებშია, როგორც ბიზნესი.

ფინანსთა მინისტრის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ საბანკო სექტორი ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების მუხრუჭია, ვნებათა ღელვა გამოიწვია. ორად გაიყო საექსპერტო საზოგადოებისა და საბანკო სფეროს წარმომადგენლეთა აზრი. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საკრედიტო ორგანიზაციების მხრიდან პრობლემა არა მხოლოდ ბიზნესს, არამედ ფიზიკურ პირებსაც აქვთ.

საქართველოში ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დიქტატია. როგორც ბიზნესი, ასევე მოქალაქეებიც მთლიანად დამოკიდებულნი არიან სესხებზე. სულ უფრო ხშირად გვესმის აქსიომა, რომ თუკი ქვეყანაში მომხმარებელთა ძლიერი ფენა არ ჩამოყალიბდა, ბიზნესს განვითარების შესაძლებლობა არ ექნება. ამიტომაც ბანკებსა და ფიზიკურ პირებს შორის ურთიერთობის დარეგულირება პირველი რიგის საკითხია. ანალიტიკოსთა აზრით საკრედიტო რესურსების მომხმარებლები უფრო მეტად დაცულნი უნდა იყვნენ…

ექსპერტი დემურ გიორხელიძე: „საკრედიტო ორგანიზაციას არ უნდა ჰქონდეს ხელშეკრულების ნებისმიერი პუნქტის ერთპიროვნულად შეცვლის უფლება. ეს განსაკუთრებით ეხება პროცენტის გაზრდას, თანხის ვადაზე ადრე დაბრუნების შემთხვევაში გარკვეული გადასახადის დაწესებას და ა.შ. კლიენტი არის უუფლებო ბანკთან მიმართებით. ყველა რისკი არის მსესხებელზე, სავალუტო რისკით დაწყებული. თუ ლარი გაუფასურდა, კლიენტის გადასახადი იზრდება და ის ზარალდება, ხოლო თუ ლარი გამყარდა, მაშინ ბანკი უფლებას იტოვებს პროცენტი გაზარდოს. აუცილებლად უნდა შეიცვალოს არაადეკვატურად დიდი იპოთეკური უზრუნველყოფის კომპონენტი ბანკების მხრიდან. დებიტორები პასუხისმგებლები არიან კონკრეტულ სესხზე იმ ქონებით, რომელიც აქვთ ჩადებული. შესაბამისად, პრობლემური საბანკო ვალდებულების დასაფარად ბანკს მხოლოდ იმ ქონების განკარგვის უფლება უნდა ჰქონდეს, რომელიც ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. თუ სესხი არ არის უზრუნველყოფილი, ბანკს ასეთ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს მსესხებლის ქონებაზე წვდომა…“

კომერციული ბანკებს მხრიდან მოსახლეობაზე სხვადასხვა ტიპის წნეხზე საუბრობს ექსპერტთა ერთი ნაწილი. მათი აზრით, ბანკები გარკვეული ფორმით ზეგავლენას ახდენენ კლიენტებზე, რომ მათ სესხი აიღონ. მესიჯების დაგზავნა, საბანკო სესხის აღების დროს დამატებითი საკრედიტო წინადადებები, სარეკლამო განცხადებები სწრაფი გადახდის აპარატებში, როცა მოქალაქეები კომუნალურ ან სხვა ტიპის გადასახადებს იხდიან, — ეს ფიზიკურ პირებზე გავლენის საკმაოდ გავრცელებული ფორმებია. მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელი ის გარემოება, რომ შეავაზებისას, ბანკს არც აქვს ინფორმაცია პოტენციური კლიენტის ფინანსურ შესაძლებლობაზე…

პროფესორი ვახტან ჭარაია: „პირველ რიგში, უნდა შეიზღუდოს ამგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც უბიძგებს ადამიანს სესხის აღებისკენ. ასევე აუცილებელია, საბანკო სექტორს ჰქონდეს მკაცრად გამოხატული უფლებები და ვალდებულებები კრედიტების გაცემასთან მიმართებით და არა ისეთი სახის სესხების, რომელიც მიკროსაფინანსო და ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების პროფილია. ბანკის ძირითადი საქმიანობა არ უნდა იყოს სწრაფი სესხი, რომელშიც საკმაოდ დიდ საკომისიოსა და საჯარიმო ტარიფებს აწესებენ. უნდა დასარეგულირებელია ვადაგადაცილებული სესხის ამოღების პროცედურის სხვა ორგანიზაციებზე გადაცემის საკითხი. არავისთვის უცხო არ არის, რომ ეს ე.წ ამომღები ორგანიზაციები მსესხებლებთან ურთიერთობისას პირდაპირ მუქარაზე გადადიან, რაც ადამიანის უფლებების დარღვევაა. ხშირად ურეკავენ მსესხებლის მეგობრებს, ნათესავებს, მეზობლებს და ასაჯაროებენ ინფორმაციას მესამე პირზე, რაც აკრძალულია. სწორედ ეს საკითხები უნდა გამოსწორდეს ბანკსა და მსესხებელს შორის ურთიერთობის დროს…“ 

სპეციალისტთა დიდი ნაწილი მაღალ საპროცენტო განაკვეთზე ამახვილებს ყურადღებას.

ეკონომისტი ირაკლი მაკალათია: „მომხმარებელთა და ბიზნესის წინაშე მთავარი პრობლემა არის მაღალი საპროცენტო განაკვეთი. რა განსაზღვრავს მაღალ განაკვეთს? პირველი —  ეს არის საბანკო სექტორის მიერ მონოპოლიზებული ფინანსური ბაზარი და თავად საბანკო სისტემაში არსებული მონოპოლია; მეორე — მომხმარებელთა დაბალი გადახდისუნარიანობა. კერძოდ ფიზიკური პირები ძირითადად ითხოვენ სამომხმარებლო სესხებს. მოსახლეობის უმეტესობას ბანკიდან ფული არა ახალი ბიზნესის დაწყების ან არსებული ბიზნესის განვითარების მიზნით გამოაქვს, არამედ პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ისინი ამ ფულს მხოლოდ ხარჯავენ და ეკონომიკურ დოვლათს ვერ ქმნიან. შემდეგ ექმნებათ საკრედიტო ვალდებულების დაფარვის პრობლემა. ბანკები კი ცდილობენ, ეს რისკი მაღალი საპროცენტო განაკვეთით დააკომპენსირონ; მესამე — ეს არის კერძო სექტორისა და კაპიტალის ბაზრის განუვითარებლობა.

დღეს ამ მხრივ სტაგნაციაა, არადა, კაპიტალის ბაზრის განვითარება გამოიწვევს ბიზნესსექტორის განვითარებასა და კომპანიების ფასიანი ქაღალდების ღირებულების ზრდას. ამასთან, გაიზრდება მოთხოვნა ბიზნესსესხებზე, რაც დამატებითი სტიმული იქნება, ბანკებისთვის მაღალი კონკურენციის პირობებში დაბალპროცენტიანი სესხი შესთავაზონ კომპანიებს. კერძო სექტორის განვითარება ამავე დროს ნიშნავს ფიზიკური პირების გამდიდრებას. შეძლებული ადამიანები ისარგებლებენ დაბალპროცენტიანი კრედიტებით, რადგან ბანკებსაც აღარ ექნებათ სესხის გადაუხდელობის შიში. ამ ეკონომიკური პროცესების პარალელურად ეროვნულმა ბანკმა მინიმალურ დონემდე უნდა დასწიოს რეფინანსირების განაკვეთი, როგორც ამას დასავლეთის ცენტრალური ბანკები აკეთებენ. ეს კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობა იქნება კომერციული ბანკებისთვის, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთი არ გაზარდონ…“

ამასობაში შევიტყვე, რომ ეროვნული ბანკი „განაგრძობს ზრუნვას“ მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე… ცვლილებები შევიდა „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“. ახალი რეგულაციების გათვალისწინება ფინანსურ ორგანიზაციებს მიმდინარე წლის 14 მაისიდან მოუწევევთ.

ცვლილებებით, გამკაცრდა მომხმარებლის ინფორმირების მოთხოვნები სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტების შეთავაზებისას. კომერციული ბანკი თუ ფინანსური ორგანიზაცია ვალდებული იქნება მომხმარებლისთვის სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტის პირადი შეთავაზებებისას მას მიაწოდოს ინფორმაცია შეთავაზებული პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ. ცვლილებებით განისაზღვრა ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის დისტანციური კომუნიკაციის საშუალებებით ხელშეკრულებების დადების წესი. ასევე, განისაზღვრა ფინანსური ორგანიზაციების ვალდებულება უზრუნველყოს სესხების გამჭვირვალედ ამორტიზაცია, რაც გულისხმობს დარიცხული პროცენტის დაანგარიშებისას ყოველდღიური დარიცხვის პრინციპის გამოყენებას. დაზუსტდა ხელშეკრულების ფორმების ნიმუშები მათი შინაარსის უფრო ცხადად გამოხატვისა და მომხმარებლის ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მიზნით.

საკრედიტო სფეროში საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა გრძელდება, რას მოუტანს ის საბანკო სექტორს, ქვეყნის ეკონომიკას და რაც მთავარია მოსახლეობას, დრო გვიჩვენებს! მანამდე კი რჩება ძველი რეალობა და თამაშის ახალი წესები, რომელიც არახალია!

 

მთავარი თემები